რუსეთი და WTO

პუტინი : რუსეთის WTO-ში გაწევრიანება პოლიტიკური მოტივაციით ფერხდება

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა დაადანაშაულა  აშშ და ევროკავშირი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (WTO)  რუსეთის გაწევრიანების ”პოლიტიკური მოტივაციით” შეფერხებაში.  ” ეს სუფთა პოლიტიკური საკითხია,  თორემ ჩვენ  ყველაფერი გავაკეთეთ ” -   უთხრა მან ჟურნალისტებს პეკინში ვიზიტისას.  რუსეთის პრემიერმა გასულ კვირაშიც გააკრიტიკა ევროკავშირი და აშშ, როცა განაცხადა, რომ თუ ისინი გულწრფელად უჭერენ მხარს რუსეთის გაწევრიანებს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში,  ეს უნდა მოხდეს სწრაფად და   აშშ და ევროკავშირი არ უნდა ამოეფარონ საქართველოს.  აშშ-ს ახალმა ელჩმა რუსეთში, მაიკლ მაკფოლმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, რომ   ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად რუსეთს აუცილებლად მოუწევს საქართველოსთან შეთანხმება. ” ჩვენ ნათლად ვუთხარით რუსეთს, რომ საქართველოს გვერდის ავლით გზა არ არსებობს” - თქვა მან. 

WTO -ში გაწევრიანების საკითხებზე რუსეთისა და საქართველოს მოლაპარაკების ბოლო რაუნდი პრაქტიკულად ჩავარდა, იმ მიზეზით, რომ  ვერ მოხერხდა  პოზიციათა დაახლოება საქართველოს პირობასთან დაკავშირებით. რუსეთი არ იღებს მოთხოვნას დაშვებულ იქნას  მონიტორინგი რუსეთისა და საქართველოს საერთო საზღვრის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მონაკვეთებზე.   საქართველოს  საგარეო უწყებაში ტაბულას განუმარტეს, რომ უშედეგო რაუნდის შემდეგ შვეიცარიამ  თბილისს  მომავალ კვირაში კიდევ ერთი შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა. მოლაპარაკებებზე საქართველოს მხარე  პოზიციის შეცვლას გამორიცხავს.



 

კომენტარები