რუსეთი აშშ-სთან მიმართებაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO ) ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებს, სანამ ვაშინგტონი ჯექსონ-ვენიკის შესწორებას არ გააუქმებს, რომელის რუსეთთან ვაჭრობაზე შეზღუდვებს აწესებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„თუ ჯექსონ-ვენიკის შესწორება ძალაში იქნება იმ დრისთვის, როდესაც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში ჩვენი გაწევრიანების შესახებ დოკუმენტების რატიფიცირება დასრულდება, WTO-ს ფარგლებში დადებულ შეთანხმებების პირობებს აშშ-სთან მიმართებაში არ გამოვიყენებთ“, - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, მოსკოვი აშშ-ს ცალმხრივ შეზღუდვებზე „თვალის დახუჭვას“ არ აპირებს. ლავროვის განცხადებით, დისკრიმინაციული აქტის გაუქმების აუცილებლობას აშშ-ს ადმინისტრაციაც აცნობიერებს.
ჯექსონ-ვენიკის შესწორება აშშ-ს კონგრესმა 1974 წელს მიიღო იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც საკუთარ მოქალაქეთა ემიგრაციაზე უკანონო შეზღუდვებს აწესებდნენ. მისი მოქმედება საბჭოთა კავშირზეც ვრცელდებოდა და ვაჭრობაში გარკვეულ შეზღუდვებს გულისხმობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აშშ-მ შესწორების მოქმედება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკების უმრავლესობის მიმართ გააუქმა. რუსეთთან დაკავშირებით მისი გაუქმება დღის წესრიგში არაერთხელ დადგა. ობამას ადმინისტრაცია, რომელიც WTO-ში რუსეთის გაწევრიანებას მხარს უჭერდა, შესწორების გაუქმებას ამ ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების პროცესის ფარგლებში გეგმავდა. თუმცა, ინიციატივის წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოვიდნენ რესპუბლიკელი სენატორები, რომლებიც მოსკოვისგან სანაცვლოდ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფას მოითხოვდნენ.
WTO-ში რუსეთის გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება ორგანიზაციამ გასული წლის ნოემბერში მიიღო, მას შემდეგ, რაც თბილისმა და მოსკოვმა კომპრომისულ შეთანხმებას მიაღწიეს ერთობლივ საზღვარზე საერთაშორისო მონიტორინგის შესახებ.




