რუსეთი და WTO

ბეინერი: საქართველოსთან დავის მოგვარებამდე რუსეთი WTO-ში არ უნდა მიიღონ

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებამდე ამ ქვეყანამ საქართველოსთან სასაზღვრო დავები უნდა მოაგვაროს. ამის შესახებ აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა  ჯონ ბეინერმა განაცხადა  Heritage Foundation–ში გამართულ ღონისძიებაზე გამოსვლისას. ღონისძიებას   ერქვა   „გადატვირთვის რისკები“ . 

ბეინერმა  შემაშფოთებელი უწოდა ცნობებს იმის შესახებ, რომ ობამას ადმინისტრაცია საქართველოზე ზეწოლას ახორციელებს,  რუსეთის WTO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მისი  დათანხმების მიზნით.  ჯონ ბეინერის აზრით, რუსეთსა და საქართველოს შორის WTO –სთან დაკავშირებული  უთანხმოება  „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გზით“ უნდა გადაილახოს.   

რესპუბლიკელმა სენატორმა  მკაცრად გააკრიტია აშშ-ს „გადატვირთვის“ პოლიტიკა რუსეთთან და  თქვა, რომ ეს პოლიტიკა აშშ-ს ინტერესებსა  და ფასეულობებს ეწინააღმდეგება.  სპიკერმა მოუწოდა აშშ-ს პრეზიდენტს გადახედოს რუსეთთან ურთიერთობებს, იმის ფონზე, რომ პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი  კრემლში პრეზიდენტის სავარძელში დაბრუნებას აპირებს. ბეინერმა ასევე მოუწოდა თეთრ სახლს უფრო აქტიური ღონისძიებები გაატაროს იმისათვის, რომ აიძულოს რუსეთი შეწყვიტოს ირანთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით ბირთვული და სარაკეტო ტექნოლოგიების სფეროში და დაიცვას ადამიანის უფლებები.

ბეინერის განცხადებით ,  რაც ბარაკ ობამა ხელისუფლების სათავეში მოვიდა,  რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების  მცდელობისგან  მხოლოდ კრემლმა მოიგო.

"აშშ-მ დაჟინებით უნდა მოითხოვოს, რომ რუსეთმა თავისი  პოლიტიკა "გადატვირთოს" და თუკი ამისათვის კბილების გამოჩენა იქნება საჭირო, წარმომადგენელთა პალატა მზადაა ყველა აუცილებელ ზომას მხარი დაუჭიროს", - განაცხადა სპიკერმა   და აღნიშნა, რომ მალე რუსეთს სათავეში ჩაუდგება ადამიანი, რომელიც "საბჭოთა დროის მიმართ თავისი ნოსტალგიითაა ცნობილი".

 

კომენტარები