ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი

წინასაარჩევნო დაძაბულობა მწვავდება

 13 ნოემბრისთვის დანიშნული „საპრეზიდენტო” არჩევნების წინ,  ცხინვალში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა. ჯამბოლათ თედეევი – რუსეთის თავისუფალი ჭიდაობის ფედერაციის მთავარი მწვრთნელი – საკუთარ სახლში, რამდენიმე დღე ალყაში იმყოფებოდა. მას არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტობაზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენება სურდა. 


30 სექტემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისია პრეზიდენტობის კანდიდატად თედეევის რეგისტრაციის საკითხს განიხილავდა. ამ დროს ცხინვალში თედეევის მომხრეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რასაც სროლა მოჰყვა. 
თედეევი სამთავრობო შენობის ხელში ჩაგდების მცდელობაში დაადანაშაულეს. თუმცა მისი დაკავება ვერ მოხერხდა. იგი საკუთარ სახლში ჩაიკეტა, შენობის გარშემო კი ასეულობით მხარდამჭერი შეიკრიბა. 
 
საარჩევნო კომისიამ თედეევს რეგისტრაციაზე უარი უთხრა, ამის მიზეზი ბინადრობის ცენზი გახდა. გაზაფხულზე, ედუარდ კოკოითის ინიციატივით, პარლამენტმა ცენზი გაამკაცრა – ახალი რედაქციით, „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი” რეგიონში არა საერთოდ 10 წლის, არამედ ბოლო 10 წლის განმავლობაში, უწყვეტად უნდა ცხოვრობდეს. 
 
არშემდგარმა კანდიდატმა რუსეთის პრეზიდენტის სახელზე საგანგებო ვიდეომიმართვა გაავრცელა. მან განაცადა, რომ ცხინვალს „პოლიტიკურ კატასტროფასთან ერთი ნაბიჯი  აშორებს” და მედვედევს “რუსეთის მოქალაქეების დაცვისკენ” მოუწოდა. 
 
განსაკუთრებული აღშფოთება მან კოკოითის განკარგულების გამო გამოთქვა, რომლითაც  „უცხო ქვეყნების მოქალაქეთა”, ანუ რუსეთის მოქალაქეების რეგიონის ტერიტორიაზე შემოსვლა აიკრძალა. თუმცა, ცხინვალმა ეს შეზღუდვა „სიტუაციის ნორმალიზების” საბაბით მალევე მოხსნა. 
მოქმედ ხელისუფლებს ჩრდილოეთ ოსეთიდან თედეევისა და სხვა ოპოზიციონერების  მომხრეთა მასობრივად შემოსვლის შეეშინდათ. გასულ წლებში, კოკოითის ძალისხმევით, რეჟიმთან დაპირისპირებულთა უმრავლესობა იძულებული გახდა ცხინვალის რეგიონი დაეტოვებინა. 
მათ შორის იყო როლანდ ქელეხსაევიც – სახალხო პარტიის ლიდერი. ქელეხსაევს რეჟიმმა წინა საპარალამენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მისცა და ამ პარტიის სახელით პარლამენტში რეჟიმის მხარდამჭერები გაიყვანა.    
 
ქელეხსაევი პრეზიდენტობის კანდიდატად  დარეგისტრირებას ცდილობდა და ამ საკითხთან დაკავშირებით თედეევს შეხვდა. მისი სახლიდან გამოსვლის შემდეგ, იგი ძალოვანი უწყებების თანამშრომლებმა დააკავეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.   
 
6 ოქტომბერს ცხინვალის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჯამბოლათ თედეევის მამის კუთვნილ მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. ამავე დროს, ედუარდ კოკოითიმ რეგიონში დაძაბულობის პროვოცირებაში ქართულ სპეცსამსახურები დაადანაშაულა. მან აღნიშნა, რომ თედეევის სახლის შტურმი არ იგეგმება. 

იმავდროულად, ცხინვალის რეჟიმის ლიდერმა ძველი ოპონენტთან, პარლამენტის სპიკერ სტანისლავ კოჩიევთან, ანგარიშსწორებისათვის დრო იხელთა.  5 ოქტომბერს რეჟიმისადმი ლოიალურმა პარლამენტარებმა სპიკერი თანამდებობიდან გადააყენეს. კოჩიევის განმარტებით, კოკოითის არ სურდა, მას „ხელისუფლებაში მოსვლაში ვინმესთვის ხელი შეეშალა”. 
 
ივნისში ედუარდ კოკოითის შეიარაღებული მომხრეები პარლამენტში შეიჭრნენ. ისინი დეპუტატებზე ზემოქმედებას შეეცადნენ, რათა „კონსტიტუცია” შეესწორებინათ და კოკოითისთვის მესამე ვადით კენჭისყრის შესაძლებლობა მიეცათ. კოჩიევი მიიჩნევს, რომ კოკოითის მხრიდან შურისძიების მიზეზი, ამ საკითხზე მისი უკომპრომისო პოზიცია გახდა. 
 
7 ოქტომბრისთვის ცხინვალის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის 30 პრეტენდენტის განაცხადი მიიღო. რეგისტრაციაში შვიდი მათგანი კანდიდატებად გაატარა. თუმცა, მათ შორის რეჟიმის რეალური ოპონენტები, სავარაუდოდ, ვერ მოხვდებიან. ისინი კოკოითიმ თავის დროზე რეგიონიდან გააძევა, ამჟამად კი არჩევნებში მონაწილეობის უფლება „ბინადრობის ცენზის” გამო არ ეძლევათ. ერთადერთი რეგისტრირებული ოპოზიციონერი კანდიდატი, მოძრაობა რუხს ფიდანის ლიდერი ალან კოჩიევია, რომელიც   ამჟამად საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება. მას ბრალად პროსახელისუფლებო დეპუტატის ცემა ედება. 
 
თავად კოკოითი პრეზიდენტის პოსტზე „საგანგებო სიტუაციების მინისტრს”, ანატოლი ბიბილოვს უჭერს მხარს. მას რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრი სერგეი შოიგუც ღიად ლობირებს. კრემლი ამ დრომდე სიტუაციაში ღიად არ ჩარეულა. 
 
საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, თბილისი ცხინვალში შექმნილი დაძაბულობის შესახებ, პარტნიორ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზიციებს  საქმის კურსში აყენებს. თუმცა, „ზედმეტ აჟიტირებას” ერიდება, ვინაიდან „ეს არის ადგილობრივი კლანური დაპირისპირება და იმის გარჩევა, თუ რომელი დაჯგუფება მოახერხებს შემდეგში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმისა და დამპყრობლების სამსახურში ჩადგომას”.  
 

კომენტარები