ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი

დოლიძე: კულახმეტოვის ე.წ ელჩად დანიშვნა ცინიკური და პროვოკაციული ნაბიჯია

ტაბულა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის შეფასებით, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის ე.წ. ელჩის თანამდებობაზე მარატ კულახმეტოვის დანიშვნა ცინიკური ნაბიჯი და მორიგი პროვოკაციაა.

"მახსოვს კულახმეტოვი, არაერთხელ შევხვედრივართ ჩემი ვენაში ელჩობის პერიოდში. იგი იყო ე.წ. მშვიდობისმყოფელი ცხინვალის რეგიონში. ეს ნაბიჯიც არის მორიგი პროვოკაცია. კულახმეტოვი არის ჩვეულებრივი ოკუპანტი, ისევე როგორც ადგილზე მყოფი სხვა რუსი სამხედროები. ამიტომ, შესაძლებელია, ერთგვარ ცინიკურ ნაბიჯად აღვიქვათ ის, რომ სწორედ კულახმეტოვი მოავლინეს უკან ცხინვალის რეგიონში",- თქვა დოლიძემ ინტერპრესნიუსის ცნობით.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ ელჩად რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი მარატ კულახმეტოვი გუშინ დანიშნა. РИА-ს ინფორმაციით, მარატ კულახმეტოვი 2011 წლიდან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი იყო.

აღსანიშნავია, რომ კულახმეტოვი 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის დროს, რუსეთის სამხედრო დანაყოფების ხელმძღვანელი იყო.

კომენტარები