ივანიშვილი პოლიტიკაში

ალასანია და ლეიბორისტები ივანიშვილის შესახებ

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია  ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას გეგმავს. როგორც ალასანიამ სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, თუ თანამშრომლობის როგორი ფორმები იქნება მისაღები ორივე მხარისათვის.

"ჩვენი დამოკიდებულება ბატონი ივანიშვილის მიმართ მე რამდენიმე დღის წინ გამოვხატე, მას ძალიან ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული ქვეყნისთვისაც და მოქალაქეებისთვისაც. რაც შეეხება თანამშრომლობის შემოთავაზებას, მე შემიძლია ვთქვა, რომ ალბათ შედგება შეხვედრა ჩვენს შორის, სადაც კაცურად და საქმიანად განვიხილავთ, თუ თანამშრომლობის როგორი ფორმები წარმოგვიდგენია მისაღებად ", - განაცხადა ალასანიამ.

თავის მხრივ, "ლეიბორისტული  პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს ტელედებატებში იწვევს.  პარტიის პოლიტიკური მდივნის გიორგი გუგავას განცხადებით,  ნათელაშვილი  მზად არის, ეთერში ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებს უპასუხოს.

"როგორც ჩანს, მასში წლების მანძილზე დაგროვილმა ბოღმამ ამოანთხია. ვთავაზობთ, პირდაპირ ეთერში ღიად გავარკვიოთ - ვინ აძლიერებდა ხელისუფლებას წლების მანძილზე და ვინ ებრძოდა მათ, დროა ეპისტოლარული ჟანრიდან საჯაროობაზე გადავიდეთ და ვნახოთ, ვინ რა თამაშს თამაშობს"-განაცხადა გიორგი გუგავამ.

ბიძინა ივანიშვილი ღია წერილში აცხადებს, რომ ”რესპუბლიკურ პარტიასთან” და ”თავისუფალ დემოკრატებთან” აპირებს თანამშრომლობას. ასევე, ბიზნესმენი პოლიტიკურ თანამშრომლობას გამორიცხავს "ქრისტიან-დემოკრატებთან", "ახალ მემარჯვენეებთან", "ქართულ პარტიასთან", "ლეიბორისტებთან", ედპ-სთან, გია თორთლაძისა და პაატა დავითაიას პარტიებთან, რომლებსაც ხელისუფლების სატელიტებად მიიჩნევს.

 

 

კომენტარები