ივანიშვილი პოლიტიკაში

პარტიები ივანიშვილთან თანამშრომლობის შესახებ

"თავისუფალი დემოკრატები" ივანიშვილთან თანამშრომლობაზე დაფიქრდებიან. პარტიის წევრის, დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, პარტიაში „არ არიან ის ადამიანები, რომლებიც სამეგობროდ გამოწვდილ ხელზე უარს ამბობენ“. ამის შესახებ გიორგი ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილის ღია წერილის კომენტირებისას განუცხადა.

დეპუტატის განცხადებით, "თავისუფალი დემოკრატები" დაელოდებიან ბიძინა ივანიშვილის ახალი პარტიის ფორმირებას და მასთან ურთიერთობასა და თანამშრომლობაზე მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოყალიბდებიან.

ამავე დროს, მას სასიამოვნოდ მიაჩნია ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება "თავისუფალი დემოკრატებისადმი". დეპუტატის განცხადებით, მისმა პარტიამ ორი წლის მანძილზე ღირსეულად გაირა პოლიტიკური გზა და არ უღალატა იმ ღირებულებებს, რის გარშემოც შეიქმნა.

სასიამოვნოა, როდესაც ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ "რესპუბლიკელებთან" თანამშრომლობა შეიძლება, განუცხადა სააგენტო "ინტერპრესნიუსს" პარტიის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა. მისი თქმით, "რესპუბლიკური პარტია" ამ საკითხს განიხილავს და ოფიციალურ პოზიციას დააფიქსირებს.

ბერძენიშვილმა „გაუგებრობა“ უწოდა ბიძინა ივანიშვილის განცხადების იმ ნაწილს, რომელშიც ბიზნესმენი  ლევან ბერძენიშვილს მისი თანხების წარმომავლობაზე საუბრების  გამო საყვედურობდა. „ ბიძინა ივანიშვილს დიდ პატივს ვცემ, როგორც ქველმოქმედს. ბოლოს და ბოლოს, მე ვიყავი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, რომელსაც ის ძალიან სერიოზულად დაეხმარა. როგორც ჩანს, ვიღაცამ რაღაც მომაწერა, რადგან მე ბიძინა ივანიშვილის ფინანსური წარმოშობის წყაროებს არ ვიცნობ. ვფიქრობ, რომ ეს არის ჩვეულებრივი, ლეგალური ბიზნესი და ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენი ბანდიტობით არ გამხდარა", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი თავის განცხადებაში”რესპუბლიკურ პარტიასთან” და ”თავისუფალ დემოკრატებთან”  თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს . ღია წერილში ივანიშვილი იმ პოლიტიკურ პარტიებსაც ასახელებს, ვისაც ხელ;იოსიფლ;ების სატელიტებად მიჩნმევს და მათთან  ვერ ითანამშრომლებს - "ქრისტიან-დემოკრატები", "ლეიბორისტები", "ახალი მემარჯვენეები", "ედპ", "ქართული პარტია", გია თორთლაძისა და პაატა დავითაიას პარტიები.

ბიზნესის დარგში ბიძინა ივანიშვილთან კამათისგან თავს შევიკავებდი, მაგრამ პოლიტიკაში მას ედპ-სთან კონკურენცია გაუჭირდება , - განაცხადა, თავის მხრივ,  "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას.  

მისი თქმით, ედპ-ს ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობის საკითხი დღის წესრიგში ვერც დადგებოდა, რადგან ბიზნესმენის პირველივე განცხადებისას კითხვები გაუჩნდათ.

"ბევრი კითხვაა მის პოლიტიკურ დოქტრინასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით - საგარეო პოლიტიკური კურსის კუთხით. ჩვენს საგარეო კურსზე ძახილის ნიშანია, მის პროგრამაში კი ამ თემაზე - მრავალწერტილი. ეს უკვე იქნებოდა საბაბი რომ ჩვენ მასთან ვერ ვითანამშრომლებდით. ზოგადად კი, პოლიტიკურ ჯგუფებს, საზოგადოების ნაწილებსა და მედიას შორის სადემარკაციო ხაზის გავლება ძალიან დიდი შეცდომაა", - განაცხადა ქარდავამ.

ბიძინა ივანიშვილის პოზიცია, არ ითანამშრომლოს "ახალ მემარჯვენეებთან", პარტიის პოზიციას ემთხვევა, - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, "ახლებმა" ერთი წლით ადრე თქვეს, რომ მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობას არავისთან აპირებდნენ და არჩევნებისთვის დამოუკიდებელ რეჟიმში ემზადებოდნენ.

"ერთი რამ, რაშიც ჩვენი პოზიციები ემთხვევა, ერთმანეთთან ართანამშრომლობის სურვილია. სხვა მხრივ, ამ განცხადებას სერიოზულად ვერ განვიხილავ და ნურც სერიოზულ პოლიტიკურ კომენტარს მომთხოვთ. ეს წერილი უფრო პოლიტიკურ ჭორაობას ჰგავს, ვიდრე პოლიტიკურ განაცხადს", - განაცხადა კაციტაძემ.

 

 

კომენტარები