სახელმწიფო მართვა

საქართველოს ინოვაციური მიდგომები საერთაშორისო ინტერესს იწვევს

ოცდამეერთე საუკუნეში, ნებისმიერი ზომის ქვეყანას ერთი საერთო საზრუნავი გამოუჩნდა: მომსახურებაზე მოთხოვნა იზრდება, რესურსები კი – მცირდება. ზოგიერთი სახელმწიფო ამ გამოწვევას სწრაფი და გაბედული გადაწყვეტილებებით – მენეჯმენტის ინოვაციური მიდგომების დანერგვით პასუხობს. საერთაშორისო საკონსულტაციო მენეჯმენტ ორგანიზაციის McKinsey&Company-ს შეფასებით, საქართველო სწორედ ასეთი ქვეყნების რიგს განეკუთვნება.

დეკემბერში, McKinsey&Company, ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთად, ინოვაციების შესახებ მასშტაბური საერთაშორისო კონფერენციისთვის ემზადება. მანამდე კი მსოფლიოს მასშტაბით წარმატებული ინოვაციური მიდგომების მაგალითებს აგროვებს.

საქართველოდან კომპანიის ყურადღების ცენტრში „ერთი ფანჯრის პრინციპი” მოექცა. კომპანიის შეფასებით, ეს მიდგომა ზუსტად პასუხობს მომსახურების მთავარ სლოგანს – ყველაფერი ერთ სივრცეში. ინტეგრირებული ცენტრი 250 სხვადასხვა სამთავრობო უწყების სერვისს ითავსებს – დაბადების მოწმობების გაცემით დაწყებული, განქორწინების საბუთებით დასრულებული – და ეს ყველაფერი ერთ ჭერქვეშ.

McKinsey&Company საქართველოსთვის წინსვლის პოტენციალს, სასაზღვრო ვაჭრობის სფეროს გაუმჯობესებაში ხედავს. თუმცა აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით ქვეყნის მთავრობა უკვე მუშაობს: საქართველოში კონტეინერის შემოტანას, 2006 წელს თუ 52 დღე და 15 დოკუმენტი სჭირდებოდა, დღეს 10 დღე და 4 დოკუმენტი სჭირდება – ანუ თითქმის 5-ჯერ ნაკლები. განბაჟებას მხოლოდ ნახევარი საათი მიაქვს. ეს საქართველოს, როგორც საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის, მიმზიდველობას ზრდის.

ინოვაციური მიდგომების წარმატებას, McKinsey&Company ქვეყნის შემოსავლების ზრდაზე და საერთაშორისო რეიტინგებზე დაყრდნობით აფასებს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო ბიზნესის დაწყების სიადვილისა და საკუთრების რეგისტრაციის მიხედვით, მსოფლიოს 183 ქვეყანას შორის, შესაბამისად, მერვე და მეორე ადგილებზეა. 

McKinsey&Company-ს შეფასებით, რთულია იმის თქმა, მოიტანს თუ არა დანერგვის ადრეულ სტადიაზე მყოფი ინოვაციური მიდგომები გრძელვადიან სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას. ალაგ-ალაგ ჯერ კიდევ შემორჩენილი კორუფცია – განსაკუთრებით, ჯანდაცვის სფეროში, და რუსეთის ფაქტორი, როგორც ამას კომპანია აღნიშნავს, მსგავსი გაანგარიშებების გაკეთებას კიდევ უფრო ართულებს.

McKinsey&Company-ს ლონდონის ოფისის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, რენე პარადისისა და მისი კოლეგის, ვაშინგტონის ოფისის კონსულტანტის, კენ შვარცის მიერ მომზადებული ანგარიში საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ციტირებს: „ჩვენი სტრატეგიაა, ადამიანური რესურსების მობილიზება ტექნოლოგიების მეშვეობით მოვახდინოთ. თუ ადამიანებს მთავრობასთან მუშაობას გავუმარტივებთ, საქმეს უკეთ გავაკეთებთ და მოქალაქეების ნდობას დავიმსახურებთ”.

2012 წლის ბოლომდე კიდევ ათზე მეტი საჯარო მომსახურების ცენტრის გახსნა იგეგმება. 
 

კომენტარები