სახელმწიფო მართვა

II – გამჭვირვალობის რეიტინგში

საქართველოს, ახალი ზელანდიის შემდეგ, საბიუჯეტო ინფორმაციის მისაწვდომობაზე, რეიტინგში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. კვლევა მსოფლიოს 80 ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციებმა: Center for law and democracy-მ, Access info Europe-მა და International budget partnership-მა ჩაატარეს. The Ask Your Government! 6 Question Campaign-ის ფარგლებში მათ ამ ქვეყნების სახელმწიფო ორგანოებიდან, ადგილობრივი ორგანიზაციების დახმარებით, 6 სხვადასხვა სახის ინფორმაცია გამოითხოვეს. რეიტინგი ინფორმაციის მიღების დროულობის, ხარისხისა და სხვა კრიტერიუმების მიხედვით შეადგინეს. კვლევაზე ფინალური ანგარიში 2011 წლის სექტემბრით თარიღდება. მოკვლევა 2010 წლის გაზაფხულზე დაიწყო. ინფორმაციის გაცემისას საჯარო ორგანოები არაინფორმირებულნი, თუმცა საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ იყვნენ. 
~
მეორე ადგილზე მყოფმა საქართველომ ინფორმაცია 6-ვე შემთხვევაში გასცა, თუმცა 2-ჯერ არასრულად. ინფორმაციის გასაცემი საშუალო დრო 11 დღეს მოიცავდა. მთხოვნელებს სასურველი ინფორმაციის მისაღებად მრავალჯერადი ცდა არ დასჭირვებიათ. 

ზოგადად, კვლევამ გვიჩვენა, რომ ინფორმაციის მოპოვების უფლება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ირღვევა – სრული ინფორმაცია მთხოვნელებმა მხოლოდ ოთხიდან ერთ შემთხვევაში მიიღეს, ნაწილობრივი კი – ნახევარზე ნაკლებში. სტანდარტის შესაბამისად, 30 დღეზე ნაკლებ პერიოდში, ინფორმაცია 80-დან მხოლოდ 12 ქვეყნის საჯარო სამსახურებმა გასცეს. ინფორმაციის ერთჯერადი გამოთხოვით არ შემოფარგლულან – დამატებით რეკავდნენ, გზავნიდნენ წერილებს, მეილებსა და ფაქსებს. ზოგიერთ შემთხვევაში კი პირადად სტუმრობდნენ შესაბამის საჯარო პირებს. 

შედეგები რამდენიმე ტენდენციის გამოყოფისა და დასკვნის გამოტანის საშუალებას გვაძლევს. პირველი იოლად პროგნოზირებადიც იყო – თუ ქვეყანას აქვს კანონი ინფორმაციის თავისუფლებაზე, ეს გარკვეულწილად, ინფორმაციულ ღიაობასთან პოზიტიურ კორელაციაშია. სხვა შედეგები კი, ერთი შეხედვით, უფრო მოულოდნელად გამოიყურება. 
~
აღმოჩნდა, რომ ქვეყნები, რომლებსაც მყარი დემოკრატიული სისტემები აქვთ,  ახალ დემოკრატიებზე უფრო ღიად ინფორმაციას სულაც არ გასცემენ. რეიტინგში პირველი თხუთმეტი ქვეყნის ორ მესამედს სწორედ ახალი დემოკრატიები იკავებენ. აქ, საქართველოსთან ერთად, ბულგარეთი, ხორვატია, სერბეთი და სხვები მოხვდნენ. ანგარიშის ავტორები ამას სამოქალაქო საზოგადოების მცდელობებს უკავშირებენ. მყარი დემოკრატიული სისტემებიდან, ყველაზე უკეთესი შედეგი პირველადგილოსანმა ახალმა ზელანდიამ და მესამეზე გასულმა ინდოეთმა აჩვენეს. გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს საშუალო, უფრო ცუდი მაჩვენებელი კანადას, ნორვეგიას, საფრანგეთს, იტალიას, პორტუგალიასა და ესპანეთს აქვთ. 

საერთო შედეგებზე გარკვეული გავლენა იმანაც მოახდინა, თუ რამდენი ხანია აქვს მიღებული ქვეყანას კანონი ინფორმაციის თავისუფლებაზე. გამონაკლისი საფრანგეთი იყო, რომელმაც აღნიშნული კანონი 32 წლის წინ მიიღო, თუმცა კვლევისას 6-დან მხოლოდ ერთი ინფორმაცია გასცა. აღსანიშნავია, რომ რიგ შემთხვევებში, სურათი აქაც წინააღმდეგობრივია. იმ ცამეტ ქვეყანას შორის, რომლებმაც ათი, ან მეტი წლის წინ მიიღეს აღნიშნული კანონი, ახალმა დემოკრატიებმა (მათ შორის, საქართველომ), კვლავაც მათზე უკეთესი შედეგი აჩვენეს, რომელთა კანონებიც ასევე უფრო ძველია.
Center for law and democracy მსოფლიოში ინფორმაციის თავისუფლების რეიტინგსაც ადგენს. აქ საქართველო, 89 ქვეყანას შორის 33-ე ადგილს იკავებს. 

კომენტარები