ივანიშვილი პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური პარტიის შექმნა გადაწყვიტა

ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი   აპირებს შექმნას პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მიიღოს საპარლამენტო არჩევნებში.ამის შესახებ სააგენტო ”ინტერპრესნიუსი” ”ქართუ- ჯგუფის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.  სააგენტოს ”ქართუ-ჯგუფის” პრეს-სამსახურში განუმარტეს,  რომ თავის  პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით  ივანიშვილი  უფრო დეტალურ ინფორმაციას 7 ოქტომბერს გაავრცელებს.

ბიძინა ივანიშვილს- ფორბსის  2009 წლის მონაცემებში   მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში 191-ე ადგილი ეკავა . მისი ქონება მაშინ  3,2 მილიარდ დოლარად  იყო შეფასებული .  ფორბსის 2011 წლის მონაცემებში, უმდიდრეს ადამიანთა სიაში  ივანიშვილმა  185-ე ადგილზე გადაინაცვლა და მისი ქონება 5,5 მილიარდით განისაზღვრა. ბიძინა  ივანიშვილმა  ფინანსური იმპერიის შექმნა 1990 წელს დაიწყო, როდესაც ბანკი “რასიისკი კრედიტი” დააფუძნა. გავრცელებული ცნობებით  ბიძინა ივანიშვილი      მფლობელობაშია: „რუსული კრედიტისა“ და იმპეკსბანკის აქციათა 67%. კომპანია „ინტერფინდ ტრეიდის“ და მმართველობითი კომპანია „უნიკორის“ 100%, „უნიკორის“ მმართველობის ქვეშ მყოფი თითქმის ყველა საწარმოს 100%. ესენია: „სტოილენსკის ნივა“, „ტიაჟმეხპრესი“, „რტი-კაუჩუკი” რადიოტექნიკური ნაწარმის ურალის ქარხანა, „ერკაფარმა“, სადაზღვევო კომპანია „რკ-გარანტი“, სასტუმრო „მინსკი“ და „Центральная“, სატრანსპორტო კომპანია „წიაღისეულის გადაზიდვის ცენტრი“ და 28,5% აღმოსავლეთ-ციმბირის ნავთობისა და გაზის კომპანიის აქციებისა... საქართველოში: კვების პროდუქტების კომპანია "თოლია", ბანკი "ქართუ".ივანიშვილის სახელს უკავშირდება სათხილამურო კომპლექსის "ბაკურიანი-2"-ის მშენებლობა, მარჯანიშვილის თეატრის რეკონსტრუქცია, სამების მშენებლობა.

ბიძინა ივანიშვილი ბოლო 10 წელია საქართველოში ცხოვრობს, ”ქართუ-ჯგუფის” პრეს-სამსახურს მისი სახელით არა ერთხელ განუცხადებია, რომ ივანიშვილი  არ არის დაინტერესებული ჩაერთოს   პოლიტიკურ პროცესებში .   მსგავსი შინაარსის განცხადება  ”ქართუ-ჯგუფმა” რამდენიმე თვის წინ   ”ლეიბორისტული პარტიის ” ლიდერის განცხადების საპასუხოდ გაავრცელა. ნათელაშვილმა მაშინ  თქვა, რომ  მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილის ფინანსური დახმარების წყალობით ახერხებს ხელისუფლების შენარჩუნებას.  ”ქართუ -ჯგუფის” პრეს-სამსახურმა   საპასუხო   განცხადებაში  გამოთქვა  ვარაუდი , რომ ნათელაშვილი ივანიშვილის წინააღმდეგ კამპანიის აგორებას ცდილობდა და ამ საქმეში დამოუკიდებლად არ მოქმედებდა : ” თუკი თვალს გადავავლებთ პოლიტიკურ ძალთა ახლანდელ განაწილებას, არსებობს სახელისუფლებო პარტია, ოპოზიცია და ეგრეთ წოდებული ფსევდოოპოზიცია, არსებობს ასევე სტაბილური დაბალანსებული ურთიერთობები მათ შორის და ეს ვითარება სამთავრობო გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის სავარაუდო წინაპირობაა.  ბიძინა ივანიშვილს  არაერთხელ განუცხადებია, რომ იგი აპოლიტიკური ადამიანია, მაგრამ ხომ არსებობს იმის ალბათობა  ფინანსური ან სიტყვიერი დახმარება აღმოუჩინოს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან მთლიანად ოპოზიციას? რასაკვირველია, მისი ეს ნაბიჯი აუცილებლად გამოიწვევდა ზემოხსენებული ბალანსის მკვეთრად დარღვევას.სწორედ სააკაშვილის მთავრობა ცდილობს დაიხმაროს ქართველი ხალხი და ასევე დაარწმუნოს რუსეთის მთავრობაც, რათა მოიშოროს ივანიშვილი და მისგან თეორიულად მოსალოდნელი შესაძლო ხიფათი თავიდან აიცილოს.ნათელაშვილი სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების პოზიციას ახმოვანებს, ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს და მისსავე ინტერესებს ემსახურება.”- ეს განცხადება ”ქართუ-ჯგუფმა”  მიმდინარე წლის მაისში გაავრცელა.

 

 

 

კომენტარები