ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი

კოკოითის შემცვლელის ძიებაში

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში წინასაარჩევნო კამპანია იწყება. საპრეზიდენტო არჩევნები 13 ნოემბრისთვის არის დანიშნული. რეჟიმის მოქმედი ლიდერი ამ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, თუმცა არჩევნების შემდეგ გავლენის შენარჩუნებაზე ზრუნავს.
ცხინვალის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ დროისთვის 24 პრეტენდენტის განაცხადი მიიღო. მთავარი პროსახელისუფლებო კანდიდატი, საგანგებო სიტუაციების „სამინისტროს” ამჟამინდელი ხელმძღვანელი ანატოლი ბიბილოვია, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატად მმართველი პარტია ედინსტვოს ყრილობამ 14 სექტემბერს დაამტკიცა. ამავე ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ ედუარდ კოკოითი აირჩია. მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კონსტიტუციის შეცვლას და მესამე ვადით კენჭისყრას არ აპირებს.

თუმცა, არჩევნების წინ ამის მცდელობები ედუარდ კოკოითის აშკარად ჰქონდა. მაისში ძალოვანი უწყებების თანამშრომლებისგან შემდგარი „საინიციატივო ჯგუფი” კოკოითის მესამე ვადით არჩევის მოწოდებით გამოვიდა. 15 ივნისს ძალოვნები პარლამენტში შეიჭრნენ და დეპუტატებს კონსტიტუციის შეცვლა „სთხოვეს”.

ეს მცდელობა უშედეგო გამოდგა. თუმცა, არა იმდენად კოკოითის ოპონენტების სიმტკიცის, რამდენადაც კრემლის პოზიციის წყალობით. ჯერ კიდევ გასულ წელს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ნარიშკინმა არაორაზროვნად მიანიშნა, რომ კოკოითის მესამე ვადაზე საუბარი მიუღებელია.

მორიგი „ინსპექციით” ნარიშკინი ცხინვალს 20 სექტემბერს ეწვია, ფორმალურად – „სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის დღის” აღსანიშნავად. თუმცა, ცხინვალში მიიჩნევენ, რომ ეს ვიზიტი რეჟიმის ოპონენტებზე კოკოითის ზეწოლის აღკვეთას ემსახურებოდა. ძალოვნების ზეწოლას პრეზიდენტობის კანდიდატი, სახალხო ფრონტის ლიდერი და რუსეთის თავისუფალი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯამბოლათ თედეევი უჩიოდა.

თედეევსა და ბიზნესმენ ალბერტ ჯუსოევს რეჟიმის მოქმედი ლიდერის მთავარ ოპონენტებად მიიჩნევენ. ჯუსოევის წინააღმდეგ კოკოითის ხელისუფლებამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რის გამოც მას რეგინში ჩასვლის შესაძლებლობა აღარ აქვს.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კანდიდატად რეგისტრაციაში კოკოითის კიდევ ერთი მოწინააღმდეგე – მოძრაობა რუხს ფიდანის ლიდერი ალან კოჩიევი გაატარა. ეს უკანასკნელი პროსახელისუფლებო დეპუტატის ცემაშია ეჭვმიტანილი და 19 აგვისტოდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
30 სექტემბერს ჯამბულათ თედეევის შეიარაღებულმა მომხრეებმა მთავრობის შენობასთან სროლა ატეხეს იმ მომენტში, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისია კანდიდატად მისი რეგისტრაციის საკითზე მსჯელობდა.

მოსკოვის ოფიციალური ფავორიტი ამ არჩევნებზე გამოკვეთილი არ არის. ცნობილია, რომ კოკოითის „მემკვიდრე” ანატოლი ბიბილოვს რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრი სერგეი შოიგუ ღიად ლობირებს.

ამავე დროს, როგორც ჩანს, ედუარდ კოკოითი ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის ახალ გზებს ეძებს. მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ იგი თავმჯდომარედ დაამტკიცა, კოკოითიმ განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთი „საპარლამენტო რესპუბლიკად” უნდა გადაიქცეს.

მედიაში ასევე გაჩნდა ცნობები პარლამენტის სპიკერ სტანისლავ კოჩიევზე კოკოითის ზეწოლის შესახებ, რომლის მიზანი, როგორც ჩანს, პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნებია. ამგვარმა გზამ, რეჟიმის მოქმედ ლიდერს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დაკავების შესაძლებლობა უნდა მისცეს. კოკოითის არა მხოლოდ პოლიტიკაზე ზეგავლენის შენარჩუნება, არამედ მომავალში კორუფციული თუ კრიმინალური საქმეების გამოძიების შემთხვევაში, იმუნიტეტის ქონა სურს.

კოკოითი ძალაუფლების შესანარჩუნებლად პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ვერ დაიკავებს. დღეს მოქმედი სქემით, ამ თანამდებობაზე მოსკოვიდან მივლენილი ჩინოვნიკი ინიშნება. 2009 წლიდან ამ პოსტზე ჩელიაბინსკის მკვიდრი ვადიმ ბროვცევი იმყოფება.

ამჟამად ცხინვალის რეგიონის მოსახლეობაში რეჟიმით უკმაყოფილება დიდია. პირველ რიგში, კრიტიკა რუსეთის მიერ გამოყოფილი თანხების დატაცების, კორუფციისა და რეჟიმის ოპონენტთა წინააღმდეგ რეპრესიების გამო ისმის. ედუარდ კოკოითიმ თავისი დანიშნულება შეასრულა და რუსეთს სამსახური გაუწია, რაც კონფლიქტის გამწვავებაში და 2008 წლის აგვისტოში პროვოკაციების მოწყობაში გამოიხატა. ამან მოსკოვს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განხორციელების საშუალება მისცა. კოკოითის ძალაუფლების შენარჩუნებაზე, როგორ ჩანს, კრემლი დიდად აღარ ზრუნავს – მოსკოვში მიიჩნევენ, რომ ნებისმიერი მომდევნო „პრეზიდენტი” კრემლისადმი ლოიალური იქნება.

კომენტარები