რუსეთი და WTO

მოლაპარაკებები ამერიკაში

 ვაშინგტონში გამართულ მოლაპარაკებებზე, რუსეთის WTO-ში გაწევრიანების თემა, ქართული დელეგაციის მიერ კიდევ ერთხელ წამოიჭრა.
26 სექტემბერს, ნიუ იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს შეხვდნენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შეხვედრის „დიდი ნაწილი”, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების თაობაზე რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებებს დაეთმო. „სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა საგარეო საქმეთა მინისტრ ვაშაძეს, საქართველოს მხარემ მაქსიმალურად გამოიყენოს შვეიცარიის შუამავლობა და შეეცადოს მიაღწიონ პროგრესს, რათა დელეგაციებს შორის ყველა უთანხმოება აღმოიფხვრას”, – განაცხადა დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 7-8 ოქტომბერს არის დაგეგმილი. კონსულტაციები, რუსული მხარის ინიციატივით, მიმდინარე წლის მარტიდან შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარეობს. შვეიცარიამ მხარეებს საკუთარი წინადადება შესთავაზა, რომელიც საზღვრის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მონაკვეთზე საერთაშორისო მონიტორინგს და ინფორმაციის გაცვლას გულისხმობს. მოსკოვი მონიტორინგზე დღემდე უარს აცხადებს.

რუსეთში იმედი აქვთ, რომ WTO-ში ქვეყნის წევრობის საკითხი წლის ბოლომდე გადაწყდება. მომავალი შეხვედრა საქართველოს თანხმობის მოპოვების ბოლო შესაძლებლობა იქნება. აშშ-ს ამ პრობლემის დაჩქარებული მოგვარება სურს – ქართული დელეგაციის ვაშინგტონში ვიზიტამდე, რუსეთის WTO-ში გაწევრიანების საკითხი საქართველოში აშშ-ის ელჩმა, ჯონ ბასმა საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან განიხილა.
თეთრი სახლის ამგვარი დაინტერესების მიუხედავად, თბილისი პოზიციის შერბილებას არ აპირებს. „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰილარი კლინტონს განუცხადა, რომ ქვეყანა ვერ მისცემს თანხმობას რუსეთს WTO-ში გაწევრიანებაზე, თუ მოსკოვი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე საერთაშორისო მონიტორინგის განლაგებას არ დათანხმდება”, –წერს ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შესახებ გამოცემა Foreign Policy.

„ობამას ადმინისტრაცია მხარეებს კომპრომისისკენ მოუწოდებს. ჩვენ თანახმა ვართ, რუსეთი კი – არა. რუსებზეა დამოკიდებული, წავლენ თუ არა კომპრომისზე”, – მოჰყავს გამოცემას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას განცხადება.
„სამწუხაროდ, დღეისთვის ვხედავთ, რომ მოსკოვის პოზიცია სრულიად მოუქნელია და რუსეთ-საქართველოს საზღვრის გამჭვირვალობის მიზნით, კომპრომისის მიღწევას ხელს არ უწყობს”, – განაცხადა ბოკერიამ.

ვაშინგტონში ყოფნისას, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა NEWSWEEK/DAILY BEAST-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, სხვა საკითხებთან ერთად, WTO-ში რუსეთის გაწევრიანების საკითხზეც ისაუბრა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი მზადაა, კომპრომისის სახით, დაუშვას ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაცია რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მონიტორინგის განსახორციელებლად. მაგრამ თუ საქართველოს ხელისუფლება მონიტორინგის პრინციპულ მოთხოვნაზე უარს იტყვის, „ჩვენ საკუთარ მოსახლეობას თვალს ვერ გავუსწორებთ”.
WTO-ს საკითხის გარდა, ქართული დელეგაციისა და ჰილარი კლინტონის შეხვედრაზე ავღანეთში ქართული კონტინგენტის გაზრდაზეც ისაუბრეს. „საქართველო უკვე ადგას გზას – გახდეს NATO-ს არაწევრი სახელმწიფო, რომელსაც (ავღანეთში) ყველაზე მეტი სამხედრო ეყოლება”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მისი თქმით, „სახელმწიფო მდივანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთში დამატებითი ბატალიონის გაგზავნის დაპირებისთვის, რის შედეგადაც ქართული ძალები 1 700-მდე გაიზრდება”.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც შეხვედრაზე განიხილეს, 2012 და 2013 წლებში საქართველოში მოსალოდნელ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს ეხებოდა. კლინტონმა საგანგებოდ აღნიშნა თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების მნიშვნელობა. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა „ხაზი გაუსვეს, რომ საქართველო აპირებს არჩევნების ხარისხში თვისობრივი ნახტომი გააკეთოს”.

კომენტარები