ინტერვიუ ონიონის ვებ-რედაქტორთან

ფოტო: ხათუნა ხუციშვილი

ფოტო: ფოტო: ხათუნა ხუციშვილი
რას იფიქრებთ, თუ შეიტყობთ, რომ “ობამამ დღესაც შეიკავა თავი აშშ-ის ბირთვული არსენალის მოქმედებაში მოყვანისგან”? ან იმგვარ ინტერნეტ ტელევიზიას თუ აღმოაჩენთ, რომელიც ამტკიცებს, რომ 152 ენაზე, 811 ქვეყანაში მაუწყებლობს და 9 მილიარდი ადამიანი უყურებს? ანდაც თუ წაიკითხავთ, რომ ამერიკაში წამოწყებული თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიის მიხედვით, მოწევა ჰომოსექსუალურია? დაეჭვდებით და წყაროს გადაამოწმებთ, თუ დაიჯერებთ და გაავრცელებთ?

ვფიქრობ, მკითხველს გააჩნია – ყოფილა შემთხვევები, რომ ზოგიერთ მედიაორგანიზაციას არამცთუ დაუჯერებია, არამედ სხვების დარწმუნებაც უცდია ასეთი “სენსაციური ამბის” ჭეშმარიტებაში. მაგრამ სხვები ადვილად მიმხვდარან, რომ საქმე არაორდინარულ მედიასთან აქვთ.

დიახ, ეს ონიონია, იგივე – ხახვი.

1988 წელს, ვისკონსინის უნივერსიტეტის ორმა სტუდენტმა სატირის გაზეთი, სახელად ონიონი დააფუძნა. ირკვევა, რომ სტუდენტური გამოცემის ნათლია ერთ-ერთის ბიძა გახლდათ, რომელსაც მუზა მაშინ ეწვია, მისი ძმისშვილი ხახვის სენდვიჩით ხელში რომ დაინახა. თავიდან, გამოცემის შესახებ ამერიკის მხოლოდ რამდენიმე ქალაქის მცხოვრებლებმა იცოდნენ. მაგრამ ეს მანამდე, სანამ ის ინტერნეტში გამოჩნდებოდა – 1996 წლიდან, ონიონის პოპულარობამ განუხრელი ზრდა დაიწყო (www.theonion.com). დღეს, უკვე მრავალფეროვან მედიაორგანიზაციას მილიონობით მკითხველი ჰყავს – ბეჭდური ვერსიის ტირაჟი 400 ათასია. ამას გარდა, ონიონი გამოსცემს წიგნებს, მაუწყებლობს ინტერნეტით და ტელევიზიით.

ევროპული კვირის ფარგლებში, თბილისს ონიონის ვებგვერდის რედაქტორი და პოლიტიკური ავტორი – ბარატუნდ თერსტონი ეწვია. სადილზე, რომელიც ქართველი, ევროპელი და ახლოაღმოსავლელი აქტივისტების, ოფიციალური პირებისა და მკვლევრების გარემოცვაში, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, ბარატუნდ თერსტონმა სატირის მნიშვნელობაზე ისაუბრა და, როგორც ჩანს, პრეზიდენტის გულიც მოიგო – სააკაშვილი ონიონს, არც მეტი, არც ნაკლები, პულიცერის პრემიაზე უწევს რეკომენდაციას.

ტაბულას ბარატუნდ თერსტონთან გასაუბრების შესაძლებლობა მიეცა. გთავაზობთ ინტერვიუს:

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ სადილზე თქვით, რომ სატირა დემოკრატიის აუცილებელი ატრიბუტია. რატომ?

სატირა განსაკუთრებული რამაა, იმიტომ რომ იუმორით კეთდება. იუმორი კი სულში წვდება ადამიანს და შესაძლებლობას აძლევს მას, განსხვავებული აზრი ისე მოისმინოს, თავი შეურაცხყოფილად არ იგრძნოს. ვფიქრობ, სატირის მიზანი ავტორიტეტების გამოწვევაა. თუ საზოგადოებას არ ეუხერხულება ხელისუფლის დაცინვა, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფალი საკუთარ თავში დარწმუნებულია და საკმარისად ლეგიტიმური იმისთვის, რომ ეს დაუშვას.

ონიონის ისტორიას მომიყვებით?


უკვე ოთხი წელია, ონიონის ვებგვერდის რედაქტორი ვარ და პოლიტიკურ განყოფილებას ვუწევ ზედამხედველობას. თავად ონიონი 1988 წელს დაფუძნდა, უნივერსიტეტში. როგორც წესი, უნივერსიტეტში ბევრი კარგი იდეა იბადება, იმიტომ რომ ახალგაზრდებს მეტი დრო აქვთ და კრეატიულები არიან. ონიონის იდეა ვისკონსინის უნივერსიტეტის სტუდენტებს გაუჩნდათ. თავიდან მხოლოდ ბეჭდური ვერსია გამოვიდა, რომელიც ვისკონსინის ქალაქ მედისონში ვრცელდებოდა, აღიარება ინტერნეტის განვითარებასთან ერთად მოვიდა.

ონიონი არა მხლოდ ხელისუფლებას, არამედ ტრადიციულ მედიასაც დასცინოდა. დღეს ის სრულფასოვანი მედიაკომპანიაა, ბეჭდური ვერსია რამდენიმე ქალაქში კვლავაც გამოიცემა, ჩვენს ვებგვერდს თვეში საშუალოდ 7-8 მილიონი ადამიანი სტუმრობს, გვაქვს სატელევიზიო პროგრამები, მულტიმედია მასალა ვებზე და აუდიო პოდკასტები. ყველა ფორმატში ვარსებობთ, რაც არსებობს, იქნება ეს Kindle-ი, Android-ი, Twitter-ი, Facebook-ი, iPhone-ი თუ სხვა.

ჩვენ არ ვავრცელებთ ახალ ამბებს. ჩვენ ახალ ამბებს დავცინით იმით, რომ კომიკურ პროდუქციას ვქმნით, რომელიც ახალ ამბავს ჰგავს.

როგორ შეძლო საუნივერსიტეტო გასართობმა გაზეთმა მსოფლიო მასშტაბზე გასვლა?


ეს რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. პირველ რიგში იმან, რომ კარგად ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ და თანმიმდევრულები ვართ, აგერ უკვე 23 წელია. რამდენიმე შემთხვევას გამოვყოფდი, რამაც ჩვენ მიმართ ინტერესი გააძლიერა – როდესაც ობამა პრეზიდენტად აირჩიეს, ჩვენ დავწერეთ, რომ “შავკანიანს ყველაზე საშინელი სამსახური ერგო”. არ მოგვიტყუებია, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობა ძალიან რთული საქმეა. ეს სათაური უამრავ ადამიანს მოხვდა თვალში და, ბუნებრივია, ცნობისმოყვარეობამ მოიმატა, თუმცა ეს ახლახან მოხდა. მანამდე აჟიოტაჟი, თეთრი სახლის ბეჭდის გარშემო ატყდა, რომელიც პრეზიდენტის რადიომიმართვის შარჟს დავასვით. ჩვენ კანონი არ დაგვირღვევია. თეთრმა სახლმა კი მოგვიწოდა არ გამოგვეყენებინა ბეჭედი. როდესაც ამ მასშტაბის ორგანიზაცია იუმორისტულ გამოცემასთან კონფლიქტში შედის, ეს საზოგადოების ყურადღებას იქცევს – ჩვენ მიმართ ინტერესი გაიზარდა, ზუსტად მაშინ გამოვიდა ჩვენი პირველი წიგნი და ხმაურმა ჩვენს სასარგებლოდ იმოქმედა.

ანუ ძლიერთან ჩხუბი, წარმატების საწინდარია?

თითქმის. მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ჩხუბი ჩვენ არ დაგვიწყია, მათ დაგვიწყეს. ჩვენ მხოლოდ ჩვენს საქმეს ვაკეთებდით – ხანდახან ვიღაცას არ მოსწონს რასაც აკეთებ და ბუზს სპილოდ აქცევს. დარწმუნებული ვარ, ასეთი რამ თქვენც გადაგხდომიათ.

რა ხდება მაშინ, როდესაც თქვენ მიერ გავრცელებულ ამბავს ხალხი სერიოზულად იღებს?

ხანდახან ცუდად მთავრდება, ხანდახან სამარცხვინოდ. ყველაზე სამარცხვინო ისაა, როდესაც ჟურნალისტები აღგვიქვამენ სერიოზულად და ჩვენს გავრცელებულ “ამბებს” ავრცელებენ. ეს ხშირად ხდება საზღვარგარეთ, სავარაუდოდ, ენობრივი ბარიერის და ინფორმაციის ნაკლებობის გამო. მათ არ იციან ვინ ვართ. ერთხელ ჩინურმა გაზეთმა პირდაპირ გადაიწერა ჩვენი სტატია, სადაც ვიუწყებოდით, რომ კაპიტოლიუმის შენობა მოძრავ სახურავიან სასახლედ გადაკეთდებოდა და ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანამდე კონგრესი მუშაობას წყვეტდა. მათ არა მხოლოდ ტექსტი და სათაური მოგვპარეს, არამედ ილუსტრაცია და ფოტოებიც. ერთხელ კი ნილ არმსტრონგის შესახებ სტატია გადაიწერეს, სადაც ვამტკიცებდით, რომ სინამდვილეში ის არასოდეს ყოფილა მთვარეზე.

რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების განათლება მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სწორად აღსაქმელად? ჩვენ ონიონი არ გვაქვს, მაგრამ ადგილობრივი მედია ყოველგვარი სატირის გარეშე ავრცელებს ისეთ ინფორმაციას, ონიონს რომ შეშურდება – საზოგადოების ნაწილი კი იჯერებს.

საზოგადოების განათლების გარეშე, ჩვენს არსებობას აზრი არ აქვს. თუ არ იცი რა ხდება, სატირასაც ვერ გაიგებ. იმისთვის, რომ ჩვენი პროდუქტის არსს ჩაწვდე, ინფორმირებული უნდა იყო. ვფიქრობ, ჩვენი ხუმრობების გაგებაზე მნიშვნელოვანი ტრადიციული მედიის როლია – აკონტროლოს ხელისუფლება. თუ ხალხი მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კრიტიკულად არ შეხედავს, მედია თავის ფუნქციას ხარისხიანად ვერ შეასრულებს.

Facebook-ზე და Twitter-ზე ძალიან აქტიური ხართ. სოციალური მედიის როლზე რას გვეტყვით?


ონიონისთვის სოციალური მედია მკითხველთან მუდმივ კავშირს ნიშნავს. სოციალური მედიის განვითარებასთან ერთად, ჩვენი მკითხველების რაოდენობამაც მოიმატა. მანამდე, გამიზნულად უნდა შესულიყავი, მაგალითად, ტაბულას ვებგვერდზე. 2000 წლიდან შესაძლებელი გახდა ამბავი თავად მოსულიყო შენთან. Twitter-მა და Facebook-მა ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო განავითარა – მათი საშუალებით არა მხოლოდ იმ ნიუსს ნახულობ, რომელიც შენ გაქვს გამოწერილი, არამედ იმასაც, რასაც შენი მეგობრები და ნათესავები კითხულობენ და Facebook-ზე ან Twitter-ზე დებენ.

დღეს Facebook-ის გვერდის ქონა სავალდებულოა, სხვა შემთხვევაში არავინ წაგიკითხავს. იგივე შეიძლება ითქვას Twitter-ზეც, თუ იქ არ ხარ, არავინ მოგადევნებს თვალს. Facebook-ი და Twitter-ი დღეს თავის გადასარჩენად გჭირდება. სოციალური მედია ძალაუფლების რედისტრიბუციას ახდენს. მისი გავლენა თვალსაჩინოა ტრადიციულ მედიაზე, მუსიკისა და კინოს ინდუსტრიაზე, გამომცემლებსა და ჟურნალისტებზე, პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და ბიზნესზე. სამყარო ისეთი იერარქიული აღარ არის, როგორიც იყო. არც ქაოტურია, მაგრამ უფრო თანასწორი. პოტენცია იმისა, რომ თავისი სათქმელი ადრესატამდე მიიტანოს, პერიფერიებს ადრე არ ჰქონდათ, სოციალური მედია მათ ამის საშუალებას აძლევს.

საქართველო თუ გაუშუქებია ონიონს?

საქართველო ონიონზე ორგვარად გამოჩნდა. ჩვენ რამდენიმე წელიწადში ერთხელ წიგნს გამოვცემთ. ერთ-ერთი მათგანის სათაური იყო “ჩვენი ბრიყვი მსოფლიო”, სადაც უკლებლივ ყველა ქვეყნას ვაშუქებდით ჩვენი გადმოსახედიდან. საქართველოში ეკლესიების რაოდენობამ გაგვაოგნა და ამაზე ვხუმრობდით – “აი, ეკლესია, აი, კიდევ ეკლესია”. 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომი გავაშუქეთ. სათაური ასე გამოიყურებოდა “ამერიკა მოკავშირეებს ურჩევს არ იქონიონ საერთო საზღვარი რუსეთთან”. კონდოლიზა რაისი ამტკიცებდა: “თუ უსაფრთხოების შენარჩუნება გსურთ, რუსეთს გვერდზე ნუ მიუჯდებით. ამოშალეთ ისტორის ის მონაკვეთი, როდესაც რუსეთის ნაწილი იყავით. გაცილებით აჯობებდა, რუსეთის შემადგენლობაში არასოდეს ყოფილიყავით”.

თქვენ საქართველოს პრეზიდენტსაც შეხვდით, მის გაშარჟებას არ გეგმავთ?

რასაკვირველია, ჩვენ გავაშარჟებთ მიშას, და ყველას, ვისაც ძალაუფლება აქვს. საყურადღებოა, რომ ჩვენ ინფორმაციას მაინც ამერიკული პერსპექტივიდან ვუყურებთ. ამერიკასთან ლინკი აუცილებელია – ამ კუთხით ვაშუქებთ მექსიკაში ნარკობიზნესთან ომს, რუსეთს, ახლო აღმოსავლეთს. მაგრამ მიშა, მიშაა – დარწმუნებული ვარ, რომ ის მოახერხებს ონიონში მოხვედრას.

კომენტარები