ბრძოლა საკუთარი ისტორიისათვის

პუშტუნი გოგო. პეშევარი, პაკისტანი
ფოტო: ფოტო: REUTERS
ავღანეთი და პაკისტანი, მსოფლიო პოლიტიკური რუკის ერთ-ერთ ყველაზე არასტაბილურ ნაწილს წარმოადგენენ. რეგიონში მრავალფეროვანი ეთნიკური, რელიგიური და პოლიტიკური ინტერესები ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. საუკუნეების მანძილზე ამ გორდიას კვანძის გახსნას, ბრიტანეთის იმპერიისა და ამერიკის ჩათვლით, მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნები ცდილობდნენ.

პუშტუნები, ავღანეთისა და პაკისტანის პოლიტიკურ ცხოვრებაში, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ამ ეთნიკურ ჯგუფს პაკისტანის მოსახლეობის 18% – 35 მილიონ ადამიანზე მეტი მიეკუთვნება. ავღანეთის მოსახლეობაში მათი წილი – 42% – დაახლოებით 14 მილიონია.

ავღანეთში პუშტუნები ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ პროვინციებში ცხოვრობენ. მათი განსახლების არეალი დასავლეთისკენაა მიმართული და თითქმის ირანის საზღვრამდე აღწევს. ისტორიულად, ეთნონიმი ავღანელი პუშტუნის აღსანიშნავად გამოიყენებოდა, ავღანეთისა და პაკისტანის პუშტუნებით დასახლებულ რეგიონებს კი პუშტუნების მიწას, პუშტუნისტანსაც უწოდებდნენ. ავღანეთში მცხოვრები ზოგიერთი ეთნიკური ჯგუფი, ქვეყნის ახლანდელ სახელწოდებას ეწინააღმდეგება, რადგანაც მას პუშტუნიზაციის იარაღად მიიჩნევს. პაკისტანში პუშტუნები ჩრდილო-დასავლეთით, პროვინცია ხებერ პახთუნხვაში (ყოფილი ჩრდილო-დასავლეთის სასაზღვრო პროვინცია), ტომთა ფედერალურად ადმინისტრირებულ ტერიტორიებსა და ბელუჯისტანის ჩრდილოეთში ცხოვრობენ. პაკისტანში პუშტუნების გავლენა, პირველ რიგში, სამხედრო ძალებში იგრძნობა. ქვეყნის შიდა პოლიტიკაში სამხედროები საკვანძო როლს თამაშობენ. მათი რაოდენობა ნახევარ მილიონს აჭარბებს. არმიაში პუშტუნების წილი 25%-ია, ოფიცერთა შორის კი – დაახლოებით 20%. ერთი მხრივ, პაკისტანელების მიერ თალიბანის არაპირდაპირი დახმარების მიზეზი, სწორედ პუშტუნების გავლენაა. ხოლო მეორე მხრივ, პაკისტანელი სამხედროები, ავღანეთში მათი დაწინაურებით, საკუთარ ქვეყანაში პუშტუნთა ნაციონალისტური პრეტენზიების ჩაწყნარებას ცდილობენ.

პაკისტანში პუშტუნებს შორის წერა-კითხვის მცოდნე მხოლოდ 50%-ია. ავღანეთში კი 20-30%-ს შორის მერყეობს. ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფი განათლების სისტემა, თალიბანმა მიწასთან გაასწორა.

ძირითადად, ამ ეთნიკური ჯგუფით დასახლებულ რეგიონებზე გადის ავღანეთის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი, ჰერათ-ყანდაღარ-ქაბულის მაგისტრალი (ამავე დროს, ოპიუმის კონტრაბანდის ხაზი). პაკისტანში სატრანსპორტო სექტორს პუშტუნები აკონტროლებენ. ხებერ პახთუნხვას (პუშტუნებით დასახლებული ტერიტორია) პროვინციის მთლიანი შიდა პროდუქტის წილი, პაკისტანის ეკონომიკაში 10%-ია. ის ბელუჯისტანის შემდეგ ქვეყნის უღარიბესი რეგიონია. ორივე ქვეყანაში პუშტუნები ფართოდ მისდევენ მეცხოველეობას, 80%-ზე მეტი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული.

პუშტუნების იდენტობის საყრდენები – პუშტუს ენა (ენათესავება ფარსის (სპარსულს)) და პუშტუნვალი – მორალური კოდექსია. პუშტუნვალი ითარგმნება, როგორც პუშტუნთა გზა. ის პუშტუნების ისლამზე გადასვლამდე ჩამოყალიბდა, თანდათან კი მას შეერწყა. პუშტუნვალის არა მხოლოდ ავღანეთსა და პაკისტანში მცხოვრები პუშტუნები, არამედ მათ გვერდით მცხოვრები სხვა ეთნიკური ჯგუფები და პუშტუნური დიასპორა მისდევენ. პუშტუნთა სხვადასხვა ტომებში, მორალური კოდექსის პოსტულატებს, შესაძლოა, განსხვავებული მნიშვნელობა მიენიჭოთ. მათგან გამოირჩევა: სტუმართმოყვარეობა, დაუცველთათვის თავშესაფრის მიცემა, სამართლიანობა, სიმამაცე, ლოიალურობა, კეთილშობილება, ღვთის რწმენა, საკუთარი თავისა და სხვების პატივისცემა, ქალთა პატივისცემა. აღსანიშნავია, რომ პუშტუნვალი საკუთარი პრინციპების განხორციელებას არა მხოლოდ პუშტუნთა შორის, არამედ, პირველ რიგში, უცხოელთა მიმართ გულისხმობს.

პუშტუნები ოთხასამდე ტომად იყოფიან, რომლებიც, თავის მხრივ, ოთხ დიდ ტომობრივ კონფედერაციაში – დურანი (ადრე ეწოდებოდა აბდალი; ცხოვრობენ ავღანეთის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში), ღილზაი (ავღანეთის აღმოსავლეთ და პაკისტანის დასავლეთ პროვინციები), გურღუშტი (ავღანეთ-პაკისტანის საზღვარი და პაკისტანის ბელუჯისტანის პროვინციის ჩრდილოეთი), კარლანრი (ავღანეთ-პაკისტანის საზღვარი) – ერთიანდებიან. მათგან ორი, დურანი და ღილზაი, მე-16 საუკუნიდან მოყოლებული, რეგიონში საკვანძო პოლიტიკურ როლს თამაშობდნენ. ტომობრივი კონფედერაციები პუშტუნების დაქსაქსულობის მიზეზია. კონკრეტულ ისტორიულ პერიოდებში ისინი ერთმანეთის კონკურენტებიც იყვნენ.

მე-15-მე-16 საუკუნეების დასაწყისში ავღანეთი აღმოსავლეთიდან დიდ მოგოლთა იმპერიას, დასავლეთიდან კი საფავიდურ სპარსეთს ჰქონდათ გაყოფილი. ორივე სახელმწიფოს კრიზისი მე-17 საუკუნის ბოლოს დაუდგა. პუშტუნთა აბდალისა (დურანისა) და ღილზაის ტომობრივი გაერთიანებები თანდათან ძლიერდებოდნენ. 1704 წელს სპარსელებმა ავღანეთში ამბოხების ჩასაქრობად 2 ათასი ქართველით ქართლის მეფე გიორგი XI გაგზავნეს. გიორგიმ მოახერხა აჯანყების ჩახშობა, თუმცა დროებით. ღილზაის პუშტუნების ლიდერმა მირვაის ხან ჰოთაკმა 1709 წელს გიორგი მოაკვლევინა. 1711 წელს მან ახალი სპარსული სადამსჯელო რაზმები, რომელთაც გიორგის ძმისწული ქაიხოსრო სარდლობდა, დაამარცხა და ცოტა ხანში ბოლო მოუღო სპარსეთის საფავიდთა დინასტიას. ჰოთაკის დინასტიის არსებობა 1738 წელს ნადირ შაჰმა დაასრულა, რომელმაც ირანის, ავღანეთის, პაკისტანისა და ინდოეთის ტერიტორიებზე ეფემერული იმპერია შექმნა. ის მისი სიკვდილისთანავე დაიშალა. ახლანდელი ავღანეთისა და პაკისტანის ადგილას ნადირ შაჰის სარდალმა, აბდალმა პუშტუნმა აჰმად შაჰ დურანიმ ახალი სახელმწიფო (დურანის იმპერია) ჩამოაყალიბა, რომელიც დღევანდელი ავღანეთის საფუძვლად ითვლება. თავად აჰმად შაჰი ავღანური სახელმწიფოს ფუძემდებლად მიიჩნევა. მას მეტსახელად ბაბას (მამას) უწოდებენ.

აჰმად შაჰ დურანიმ საკუთარი სახელმწიფო გააფართოვა, რომელმაც ყველა პუშტუნი ტომი მოიცვა. დურანის იმპერია ძლიერების ზენიტში პაკისტანს, ავღანეთსა და ირანის აღმოსავლეთს მოიცავდა. მისი გავლენა ცენტრალურ აზიასა და ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილზეც ვრცელდებოდა. პუშტუნების სახელმწიფო მე-19 საუკუნის დასაწყისში რუსეთისა და ბრიტანეთის იმპერიების ე.წ. დიდი თამაშის მთავარი ობიექტი გახდა. რუსეთს ცენტრალური აზიიდან საკუთარი გავლენის განვრცობა სამხრეთ აზიაშიც სურდა, რაც ბრიტანეთის ინტერესებს არ ეთანხმებოდა. დიდი იმპერიების დაპირისპირებაში მოქცეული პატარა იმპერია თანდათან დაკნინდა.

ბრიტანელებმა მე-19 საუკუნის შუა ხანებში დურანის იმპერია დაშალეს. მათ ე.წ. დურანდის ხაზით (ბრიტანეთის ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერ ჰენრი მორტიმერ დურანდის მიხედვით) გაყვეს ავღანეთისა და პაკისტანის ტერიტორიები. დურანდის ხაზი ორ ქვეყანას შორის ახლანდელი საზღვარია. ასეთმა გადაწყვეტილებამ პუშტუნები ორ ქვეყანაში გაანაწილა. საზღვრის აღიარება არც თალიბანს და არც ავღანეთის ახლანდელ პრეზიდენტს, პუშტუნური წარმოშობის, ჰამიდ კარზაის სურთ. ამ უკანასკნელის აზრით, საზღვარი ძმებს ჰყოფს.

ავღანეთმა დამოუკიდებლობა 1919 წელს მოიპოვა. ავღანეთის პუშტუნი მმართველები ქვეყნის ჩრდილოეთში, ტაჯიკებითა და უზბეკებით დასახლებულ რეგიონებში ეთნიკური შემადგენლობის შეცვლას ცდილობდნენ. ისინი პუშტუნების სამხრეთიდან ჩრდილოეთში გადასახლებას ახალისებდნენ. საბოლოო ჯამში, ტაჯიკურ და უზბეკურ მოსახლეობას შორის პუშტუნთა კუნძულები აღმოცენდა, რამაც ეთნიკური კონფლიქტის ახალი კერები წარმოშვა.

მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში, პუშტუნებმა ავღანეთში დომინანტური პოზიცია თანდათან დაკარგეს. სხვა ეთნიკური ჯგუფები, უზბეკები, ტაჯიკები და ჰაზარები რაოდენობით, ჯამში, პუშტუნებს უტოლდებიან. დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობა ქვეყნის მმართველების ხშირ ცვლას იწვევდა. სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. 1992 წელს პრეზიდენტი ტაჯიკი ბურჰანუდინ რაბანი გახდა. ქვეყანაში არსებულ განუკითხაობას პუშტუნების ეთნიკური სენტიმენტები ემატებოდა. საბოლოოდ, ავღანეთის შიდა პოლიტიკურმა პრობლემებმა და ეთნიკურმა დაძაბულობამ, რადიკალური ისლამური ჯგუფის, თალიბანის (რომელშიც უმრავლესობას პუშტუნები შეადგენენ) გაძლიერებასა და ხელისუფლების სათავეში მოსვლას შეუწყო ხელი. თალიბანი ავღანეთს სრულად ვერ აკონტროლებდა. მის წინააღმდეგ 1990-იან წლებში უზბეკები (აბდულ რაშიდ დოსტუმი), ტაჯიკები (აჰმად შაჰ მასუდი) და ჰაზარები (ჰაჯი მოჰამად მოჰაქიქი) იბრძოდნენ. 1996 წელს მათ ე.წ. ჩრდილოეთის ალიანსი ჩამოაყალიბეს და საბოლოოდ 2001 წელს თალიბანის რეჟიმის გადაგდება მოახერხეს. ეთნიკური დაძაბულობა მას შემდეგ არ განელებულა. რამდენიმე ხნის წინ, ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის დაწყებული მოლაპარაკებები, სხვა ეთნიკური ჯგუფების შეშფოთებას იწვევს. ისინი თალიბანის მთავრობაში შეყვანის შესაძლებლობაზე ფიქრობენ, რაც მათ ქვეყნის პოლიტიკურ არენაზე ადგილს აღარ დაუტოვებს.

პაკისტანელ პუშტუნებს, შესაძლოა, ნაციონალისტური სენტიმენტები გაუძლიერდეთ. მათ შორეულ პერსპექტივაში შეიძლება ერთიანი სახელმწიფოს შექმნა, უფრო სწორად, პაკისტანური პროვინციების ავღანეთთან შეერთება მოუნდეთ. პუშტუნებთან ეთნიკური და ლინგვისტური თვალსაზრისით ახლოს ბელუჯები დგანან. ისინი პაკისტანის პროვინცია ბელუჯისტანში ცხოვრობენ. ბელუჯებს პაკისტანის ცენტრალური ხელისუფლებისგან ფართო ავტონომია ან სულაც დამოუკიდებლობა სურთ.

წელს თეჰრიკ-ი-თალიბან პაკისტანი, ე.წ. პაკისტანის თალიბანი ჩამოყალიბდა. ის ძირითადად პუშტუნებისგან შედგება, მაგრამ მრავალი წვრილი სამხედრო გაერთიანების ნაზავს წარმოადგენს. თეჰრიკ-ი-თალიბანი პაკისტანის ტომთა ფედერალურად ადმინისტრირებულ ტერიტორიებზე მოქმედებს. მას ხშირად ავღანურ თალიბანთან აკავშირებენ, მაგრამ მათი მიზნები განსხვავდება. პაკისტანის თალიბანი პაკისტანის მთავრობისა და სამხედრო ძალების წინააღმდეგ მოქმედებს, თუმცა გამოხატული ნაციონალისტური დღის წესრიგი არ აქვს.

პაკისტანის პოლიტიკური მიზნები, მისი სამხედროების, პუშტუნების და ავღანეთის სხვა ეთნიკური ჯგუფების ინტერესები, ერთმანეთშია გადახლართული და რეგიონის აბსტრაქტულ სურათს ხატავს. პაკისტანს არ სურს სტაბილური ავღანეთი, რომელიც შესაძლოა ინდოეთის მოკავშირე გახდეს. რეგიონში არასტაბილურობის შენარჩუნებით, ქვეყანა ამერიკული ფინანსური და სამხედრო დახმარების გაგრძელებას იმედოვნებს. ამერიკისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გარეშე ის საკუთარი ეკონომიკის შენახვასა და თავდაცვის ხარჯებთან გამკლავებას ვერ შეძლებს, რაც ობამას ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენს.

ავღანეთის პრობლემის მხოლოდ გლობალური ტერორიზმის კუთხით დანახვა მთლიანი სურათის მცირე ნაწილს აჩვენებს. რეგიონში ამერიკას არა მხოლოდ რელიგიურ ექსტრემიზმთან, არამედ ღრმა ისტორიული ფესვების მქონე ეთნიკურ კონფლიქტებთან აქვს საქმე. მსოფლიოს ამ ნაწილის სოციალური და პოლიტიკური თავისებურებებიდან გამომდინარე, ერთ ნაპერწკალს შესაძლოა მთელი რეგიონის აალება მოჰყვეს. თუმცა ამერიკის პრეზიდენტი ავღანეთიდან გასვლას ჩქარობს, რაც მრავალგანზომილებიანი კონფლიქტის ესკალაციის შანსებს ზრდის. ამბობენ, რომ ავღანეთი ამერიკელთა გასვლის შემდეგ შვეიცარია ვერ იქნება, მაგრამ ასეთი შეფასება ოპტიმიზმის საფუძველს სულაც არ იძლევა.

კომენტარები