საბიუჯეტო ვნებათაღელვისა და ბინ ლადენის შემდეგ, ამერიკაში ყურადღება ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს დაეთმო. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ჯონ ბოენერმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ 24 მაისს კონგრესის საერთო სხდომაზე მიიწვია. ნეთანიაჰუ კონგრესში გამოსვლამდე პრეზიდენტ ბარაკ ობამასაც შეხვდა. ობამამ შემთხვევით ისარგებლა და ახლო აღმოსავლეთში საკუთარი წარუმატებელი პოლიტიკის გამოსწორებას შეეცადა. მან განაცხადა, რომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი პალესტინური სახელმწიფოს შექმნით უნდა გადაწყდეს, საზღვრები კი 1967 წლის ფარგლებში დადგინდეს. ახლანდელი რეალობების გათვალისწინებით, შეუძლებელია, 1948 წლის ომის შემდეგ პალესტინელი იძულებით გადაადგილებული პირები, საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ – მათი ადგილი პალესტინურ სახელმწიფოშია. ობამამ თავი აარიდა ახალშენებსა და იერუსალიმის გაყოფაზე საუბარს, მაგრამ არაბულ ქვეყნებზე ილაპარაკა. მისი განცხადებით, ამერიკის პრიორიტეტი დემოკრატიული ტრანზიციაა, სასწორზე არა მარტო ცალკეული ქვეყნების სტაბილურობა, არამედ ახლო აღმოსავლეთის ხალხების თვითგამორკვევა დევს. სხვადასხვა მიმომხილველებმა აღნიშნეს, რომ პრეზიდენტის გამოსვლის დეტალები ბუშის იმ დოქტრინას მიაგავდა, რომელსაც დემოკრატები და თავად ობამაც, რამდენიმე წლის წინ აკრიტიკებდნენ.
კონგრესში ნეთანიაჰუს გულთბილი დახვედრა მოუწყვეს. ისრაელის პრემიერი ობამას შეთავაზებებს არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ საზღვრების საკითხი მოლაპარაკებებით უნდა გადაწყვეტილიყო. 1967 წლის შემდეგ, დასავლეთ ნაპირზე, დემოგრაფიული მდგომარეობა შეიცვალა. იუდეასა და სამარიაში ისრაელელები ცხოვრობენ, ისრაელის დასახლებული პუნქტები და მათი დამცავი კედელიც პალესტინის ტერიტორიაზე აღმოჩნდება. ისრაელი მხარს უჭერს პალესტინური სახელმწიფოს შექმნას, თუმცა ის ისრაელის სიცოცხლისუნარიანობის ხარჯზე ვერ შეიქმნება. პალესტინელებმა კი უნდა აღიარონ ებრაული სახელმწიფოს არსებობის უფლება. ნეთანიაჰუ არც იერუსალიმის გაყოფას თანხმდება და თვლის, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, თავდაცვის ძალები, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის გასწვრივ დარჩნენ. პრემიერი პრაქტიკულად გამოუვალ მდგომარეობაშია. საკუთარ ქვეყანაში მას მყიფე კოალიციური მთავრობა ჰყავს. საგარეო საქმეთა მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი და ოპოზიციური კადიმას პარტიის ლიდერი ტზიპი ლივნი მზად არიან ნეთანიაჰუს ნებისმიერი წაბორძიკებით ისარგებლონ. ეგვიპტეში მუბარაქის განდევნით ისრაელმა არაბული ქვეყნების მხარდაჭერა დაკარგა, ევროპაში კი აპარტეიდულ რეჟიმად არის წარმოჩენილი. საერთაშორისო ორგანიზაციები, ისრაელის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევაზე მოხსენებებს ხშირად აკეთებენ, პალესტინელი ტერორისტების მოქმედებებზე კი დუმან. გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიამ 2006-2010 წლებში თავის 25 მოხსენებაში ისრაელის ქმედებები 20-ჯერ დაგმო, მიანმა და ჩრდილოეთ კორეა – ჯამში 5-ჯერ.
ობამასთვის, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი, გაპრეზიდენტებისთანავე საკვანძო საკითხი გახდა. მან გადაწყვიტა წარმატებისათვის ისრაელზე ზეწოლით მიეღწია. ნეთანიაჰუს მოსთხოვა იერუსალიმსა და დასავლეთ ნაპირზე ახალშენების მშენებლობის სრული შეწყვეტა, რაზეც პალესტინური მხარეც კი არ საუბრობდა. ობამას ცალმხრივმა მიდგომამ პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს სხვა გზა, გარდა ანალოგიური მაქსიმალიზმისა, არ დაუტოვა. რაც პალესტინელებს საკუთარი მხრიდან დათმობებით უნდა მიეღწიათ, ობამასგან უფასოდ მიიღეს. ნეთანიაჰუმ პოზიციები დათმო და 2010 წლის დასაწყისში, მშენებლობებზე 10-თვიანი მორატორიუმი გამოაცხადა. პალესტინელები მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ, მაგრამ დიალოგმა შედეგი არ მოიტანა. აბასმა პროცესის ჩაფლავება ობამას გადააბრალა. მისი თქმით, ამერიკის პრეზიდენტმა მას უკან დასახევი გზა არ დაუტოვა – დათმობები შეიძლება აბასსა და მის პარტია ფათჰს ძვირად დასჯდომოდა.
მისკენ დამიზნებული რაკეტებით გარშემორტმულ ისრაელს კომპრომისისთვის უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება. 2004 წელს, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა ღაზის სექტორიდან ისრაელის სამხედრო ძალები გამოიყვანა. ამის მიზეზი ჯორჯ ბუშის მიერ პალესტინელთა ქმედებების გაკრიტიკება და ისრაელის მხარდაჭერა იყო. ამერიკის განდგომა ისრაელს აიძულებს საკუთარ უსაფრთხოებაზე თავად იზრუნოს. ობამამ ისრაელზე ზეწოლით არაბულ სამყაროსთან დაახლოება სცადა. თუმცა არაბული სახელმწიფოები ადმინისტრაციას, რომელიც საკუთარ მოკავშირეზე ზეწოლას ახორციელებს, ეჭვის თვალით უყურებენ. საბოლოოდ, ახლო აღმოსავლეთში ობამამ საკუთარი პრეზიდენტობის პირველი ორი წლის მანძილზე ამერიკა-ისრაელის ურთიერთობები გაართულა, ვერ მოიპოვა პალესტინელების კომპრომისი და ვერც არაბულ ქვეყნებთან გააუმჯობესა მდგომარეობა.
როგორც ჩანს, ობამა საკუთარი მიდგომის მცდარობას მიხვდა. მაისში მან თანამდებობიდან გაათავისუფლა ჯორჯ მიტჩელი – ამერიკის განსაკუთრებული წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთის მშვიდობის საკითხებში. ისრაელზე ზეწოლა, ნაწილობრივ, სწორედ მიტჩელის იდეა იყო. თუმცა ამ დროისათვის ობამას უკვე განსხვავებული სურათი ხვდება. საკითხი, ფათჰისა და ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის თანამშრომლობის ხელშეკრულებამ, ჩიხში შეიყვანა. მისი მიხედვით, ჰამასი პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციას შეუერთდება, რომელსაც გაერო პალესტინური მხარის ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენლად ცნობს. პალესტინელებს მოუწევთ ახლანდელი მთავრობის დაშლა და ახლის შექმნა, სადაც ჰამასიც იქნება წარმოდგენილი. ცვლილებებს პრემიერ-მინისტრი სალამ ფაიადი შეეწირება, რომელსაც დასავლეთ ნაპირის ეკონომიკური განვითარება და პალესტინის ხელისუფლების მთავრობის ქმედუნარიანობა უკავშირდება. ტერორისტული ორგანიზაციის პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციასა და მთავრობაში შესვლა, ნებისმიერი სახის მოლაპარაკებას გამორიცხავს. აბასის ეს უპასუხისმგებლო ნაბიჯი, რომელიც შესაძლოა, მესამე ინტიფადამდე მივიდეს, შემოდგომისთვისაა გათვლილი. მან განაცხადა, რომ სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის დამოუკიდებლობის საკითხს გაიტანენ. ჰამასმა ღაზის სექტორის არჩევნებში გაიმარჯვა, დამოუკიდებლობის გამოცხადებისთვის კი ღაზის სექტორისა და დასავლეთ ნაპირის პოლიტიკური გაერთიანება იყო საჭირო. თუმცა არც ამერიკა და არც ევროკავშირი, ტერორისტული ორგანიზაციის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას მხარს არ დაუჭერს. შეიძლება ითქვას, 75 წლის აბასი ეგოისტურად მოიქცა – პენსიაზე გასვლის წინ მოლაპარაკებების თავიდან აცილებით, პალესტინელთა თვალში უკომპრომისო ლიდერად დარჩა. მან რადიკალურად განწყობილი მოსახლეობის გული მოიგო, თუმცა ფაიადისა და ზომიერი ფრთის დასუსტება, პალესტინელებს ვერც სახელმწიფოსა და ვერც მშვიდობას ვერ მოუტანს.
2011 წლის დასაწყისში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ამერიკისთვის ახლო აღმოსავლეთი დიდ თავსატეხად იქცა. თურქეთის გააქტიურებისა და ირანის ბირთვული პროგრამის პარალელურად, არაბული ქვეყნები სულ უფრო სუსტად გამოიყურებიან. ე.წ. არაბულმა გაზაფხულმა ტუნისსა და ეგვიპტეში მთავრობები შეცვალა. ზომიერ, პროდემოკრატიულ ძალებს, შესაძლოა, მომავალ არჩევნებზე გამარჯვება გაუჭირდეთ. ლიბიაში – დაბომბვები, სირიაში კი ძალადობრივი საპროტესტო აქციები გრძელდება. ბინ ლადენის განადგურების შემდეგ, ობამას სურს, 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე საკუთარ პორტფოლიოს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში წარმატებაც შეჰმატოს. მაგრამ მას უკვე სხვა პრობლემებთან უწევს გამკლავება. პრეზიდენტს ფართომასშტაბიანი რეგიონული პოლიტიკის შემუშავება მოუწევს, მხოლოდ პალესტინის საკითხზე კონცენტრირება კი, შესაძლოა, კონტრპროდუქტიული გამოდგეს.




