კომბოსტოდან კონდომამდე

ბრიტანეთის პარლამენტმა, ახლახან პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვით, 13-16 წლის გოგონებს, სქესობრივი აღზრდის დამატებითი გაკვეთილები უნდა ჩაუტარდეთ, სადაც მათ სექსისგან თავშეკავებას ასწავლიან. 

მოგეხსენებათ, რომ “სექსი ლათინური სიტყვაა და ქართულად გათხოვებას ნიშნავს”. ამას გათხოვილ თინეიჯერთა რიცხვიც მოწმობს – საქსტატის მონაცემებით, 2009 წელს დაქორწინებული ქალების 17,6% თხუთმეტიდან ცხრამეტ წლამდე ასაკის გოგონებზე მოდის, რაც მაგალითად, საფრანგეთის მაჩვენებელზე 70-ჯერ მაღალია. ამიტომ ვიფიქრე, რომ “ჩვენებურ” 13-16 წლის გოგონებსაც მოუხდებოდათ დამატებითი გაკვეთილები ადრეულ ასაკში გათხოვებისგან თავშეკავებაზე. მაგრამ, როგორ უნდა დაარწმუნო გოგონები, 16 წლისანი არ გათხოვდნენ, თუ არ აუხსნი, გათხოვება რას ნიშნავს? 

საქართველოს საჯარო სკოლებში სქესობრივი აღზრდა, მე-8 კლასის ბიოლოგიის სახელმძღვანელოში, ცოცხალი ორგანიზმების გამრავლების თემისადმი მიძღვნილი 4 გვერდით შემოიფარგლება. “ჩვენი მასწავლებელი ამ გვერდებსაც გადაახტა”, – მითხრა ტაბულას მე-12 კლასელმა თანამშრომელმა, როდესაც ჩემი თხოვნით ბიოლოგიის სახელმძღვანელო მომიტანა. გამახსენდა, რომ 20 წლის წინ, ჩემმა მასწავლებელმაც გამოტოვა ანატომიაში ის თავი, რომელიც განაყოფიერებას ეხებოდა. 
 
ბიოლოგიის სახელმძღვანელოსთან ერთად, ჩემს განკარგულებაში ბავშვთა და მოზარდთა სქესობრივი აღზრდისადმი მიძღვნილი რამდენიმე წიგნი, მათ შორის საფრანგეთის მთავრობის დაფინანსებული, ფერადი და პრიალა “სიყვარულის ანაბანა” აღმოჩნდა. გამოცემა 5-8 წლის ბავშვებისთვის კლასგარეშე საკითხავადაა განკუთვნილი. 
 
რედაქციიდან სახლში მისულმა, ის იყო ჩანთა ამოვცალე და წიგნები მაგიდაზე დავაწყვე, რომ ჩემი 5 წლის ქალიშვილიც იქ გაჩნდა. როგორც ამ ასაკის ბავშვს შეჰფერის, მანაც ჩანთიდან ამოღებული ნივთების თვალიერება დაიწყო, იმ იმედით, რომ მისთვის საინტერესოს აღმოაჩენდა. იპოვა კიდეც – ზემოხსენებული ფერადი, პრიალა გამოცემა. “დე, ეს ვისია?” მკითხა გაბადრულმა, “ეს დიდებისთვისაა”, ვუპასუხე ავტომატურად, წიგნი გამოვართვი და თავი უხერხულად ვიგრძენი, იმიტომ რომ მოვატყუე. 
 
შემდეგ დავფიქრდი – რატომ მოვატყუე? მე ხომ ინფორმირებულ შვილებს ვზრდი? 5 წლის კესომ ზუსტად იცის, რომ ის არც წეროს მოუყვანია და არც კომბოსტოში გვიპოვია. პირიქით, ეს რომ უთხრათ, იფიქრებს, რომ არაფერი გაგეგებათ და თუ ხასიათზე იქნა, შეეცდება აგიხსნათ, რომ სინამდვილეში ის ჩემს მუცელში “იჯდა”. კესომ ისიც იცის, რომ მუცელში ბავშვი მაშინ “ჯდება”, როდესაც მის მშობლებს ერთმანეთი ძალიან უყვართ. მაგრამ, მინდა კი მას ამ ასაკში შევატყობინო, რომ “სასიყვარულო ალერსის” დროს “ვაჟის პენისი დიდდება და ქალის სასქესო ორგანოში შეცურდება”? 
ერთმნიშვნელოვნად არა! 
 
ჩემ მიერ ბავშვისთვის დამალულ კლასგარეშე საკითხავში, რომელიც 2004 წელს, ჯისიაიმ გამოსცა, სწორედ ასე წერია. 
 
ფოტო: REUTERS
ჩვენ ხომ ისე გავიზარდეთ, რომ სკოლაში არ გაგვივლია სქესობრივი აღზრდის კურსი? – ისმის მიდგომის მოწინააღმდეგეთა რიტორიკული კითხვა. ის, რომ მშობლის უფლებაა საკუთარი მორალური, რელიგიური და ფილოსოფიური შეხედულებების შესაბამისად აღზარდოს შვილი, დემოკრატიულ საზოგადოებაში ეჭვქვეშ ვერ დადგება. მაგრამ ფაქტია, რომ გვინდა ეს ჩვენ – მშობლებს, თუ არა, ინტერნეტისა და ტელევიზიის პირობებში, უფრო ადრე, ვიდრე გვიან, ჩვენი შვილები შეიტყობენ, რომ მხოლოდ გრძნობა არ არის საკმარისი ბავშვის გასაჩენად, რომ ამისთვის საჭიროა სქესობრივი სიმწიფე და სექსი, რომ სქესობრივი აქტი ყოველთვის სიყვარულის გამოვლინება არ არის, რომ სექსით მხოლოდ ბავშვების გასაჩენად არ კავდებიან და რომ ადამიანების დიდ ნაწილს ნებაყოფლობითი სქესობრივი აქტი სიამოვნებას ანიჭებს. 
 
სქესობრივი განათლების მიღების ორნაირი წყარო არსებობს, არაფორმალური და ფორმალური. არაფორმალურ წყაროდ ითვლება მშობელი, მეგობარი, მოძღვარი, მედია, არაფორმალური ორგანიზაციები და მათი ვებგვერდები. ფორმალური წყარო სკოლაა. 
 
თუ თითო-ოროლა კერძო სკოლის აღსაზრდელებს არ ჩავთვლით, ქართველ მოზარდებს სქესობრივი განათლების მხოლოდ არაფორმალურ წყაროსთან მიუწვდებათ ხელი. მისი ფორმალიზების ყველა მცდელობა მარცხით დამთავრდა. “ჩვენ შეიძლება სულაც არ გვინდა, რომ მოზარდებმა სექსზე იფიქრონ და სექსით დაკავდნენ, მაგრამ რომ ფიქრობენ და კავდებიან? – ამბობს ტაბულასთან საუბარში ექიმი რეპროდუქციოლოგი მაკა გეგეჭკორი, – ამიტომ უმჯობესია რაციონალურ გამოსავალზე შევთანხმდეთ”. 
 
მაგრამ, შეთანხმება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. საზოგადოების ნაწილი სექსს გარყვნილებად მიიჩნევს, მოზარდის სქესობრივად მომზადებას კი – გარყვნილების წახალისებად და ვინც შეეწინააღმდეგება, მზად არის თავში ჯვარი ურტყას. ზოგი თვლის, რომ 5 წლის ბავშვს “პენისიდან გადმოღვრილ სითხეზე” თუ არ ესაუბრე, ჩამორჩენილი ხარ. სხვანი ახალგაზრდობის ჰარმონიული განვითარების ეროვნულ კონცეფციებს წერენ და ჭერში აწყობენ. ხელისუფლება ეკლესიის გაღიზიანებას ერიდება. ეს უკანასკნელი მოზარდთა სქესობრივი განათლების წინააღმდეგია. მედიას, მხოლოდ სენსაციები აინტერესებს. საღი აზრი კი, ხომ ვიცით, რომ სენსაციის წყარო ვერ იქნება. 
 
ის, რომ მშობლის უფლებაა საკუთარი მორალური, რელიგიური და ფილოსოფიური შეხედულებების შესაბამისად აღზარდოს შვილი, დემოკრატიულ საზოგადოებაში ეჭვქვეშ ვერ დადგება.
ამ მხრივ საინტერესოა მოზარდთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევა, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ თანადაფინანსებული პროექტის – “ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობა – ინიციატივა სამხრეთ კავკასიაში” – ფარგლებში ჩატარდა. როგორც ირკვევა, გამოკითხული 600 მოზარდიდან უმრავლესობა (57.5%) მიიჩნევს, რომ სქესთან და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები სკოლაში უნდა ისწავლებოდეს. 
 
თუმცა, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2002 წელს, ვარდების რევოლუციამდე, ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი (66,3%) იყო. 
 
“აღნიშნული მოვლენა შეიძლება აიხსნას იმით, რომ როგორც მოზარდებს, ასევე მათ მშობლებს, არ აქვთ სწორი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა თემატიკას მოიცავს ეს სწავლება. არასწორი შეხედულებების ჩამოყალიბებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი არაკორექტულად წარმართულმა სატელევიზიო თოქ-შოუებმა, საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლისთვის სქესობრივი განათლების წინააღმდეგ გამოსვლა პიარ კამპანიის ნაწილი გახდა, ტელევიზიით საზოგადოებას დაჟინებით მიეწოდებოდა აბსურდული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სკოლებში აპირებდნენ სექსოლოგიის სწავლებას და ადამიანებს უქმნიდნენ შთაბეჭდილებას, რომ ეს უნდა ყოფილიყო სექსის პრაქტიკული გაკვეთილები, საშინაო დავალებებით”, – ამბობენ კვლევის ავტორები.   
 
თავისთავად ის, რომ სქესობრივი განათლება საქართველოში ვნებათაღელვას იწვევს, განუვითარებლობის ნიშანი სულაც არ არის. ამ საკითხზე მსჯელობა ჩვენზე წინ წასულ ქვეყნებშიც მიმდინარეობს. განსხვავება კამათის ინტელექტუალურ დონესა და არგუმენტების ხარისხშია. 
 
ფოტო: REUTERS
უთანხმოების საგანია ის, თუ რას უნდა მოიცავდეს სქესობრივი განათლება: მხოლოდ ანატომიას – ადამიანის სხეულს, მასში მიმდინარე პროცესებს და რეპროდუქციის ბიოლოგიურ მხარეს, თუ სექსისგან თავშეკავებას, კონტრაცეფციას, აბორტს, სქესობრივ განვითარებასთან დაკავშირებულ ემოციებს, ამ გზით გადამდებ დაავადებებს, სექსუალურ სიამოვნებას, ჰომოსექსუალიზმს, ფასეულობებს, რეპროდუქციულ უფლებებს და პასუხისმგებლობებს და ა. შ.
 
საკამათოა ისიც, ვისგან უნდა მიიღონ მოზარდებმა ეს ცოდნა – ოჯახისგან თუ სკოლაში. არც ისაა ერთმნიშვნელოვანი, თუ რა ასაკიდანაა მიზანშეწონილი სქესობრივი განათლების მიღება. 
 
ბრიტანეთის მასშტაბით სავალდებულო მხოლოდ ანატომიაა. რაც შეეხება სქესობრივი აღზრდის დანარჩენ ასპექტებს, ის სასკოლო პროგრამის ნაწილია, ოღონდ ინგლისში, განსხვავებით დანარჩენი ბრიტანეთისგან, ამ საგნის შესწავლა სავალდებულო არ არის. გადაწყვეტილებას, ასწავლონ თუ არა სქესობრივი ურთიერთობები სკოლაში, სასკოლო საბჭო იღებს, თუმცა მშობელს უფლება აქვს, შვილი ამ გაკვეთილებს არ დაასწროს. 
 
ამის მიუხედავად, აქტივისტები, მაგალითად ქრისტიანული ინსტიტუტი, აპროტესტებენ იმას, რომ ზოგიერთმა სასკოლო საბჭომ დაწყებითი კლასებისთვის ისეთი წიგნები შეარჩია, რომლებიც სექსის შესახებ კომიქსებითაა დასურათებული. 
 
კონსერვატორი პარლამენტარი, ნადინ დორისი, რომელიც სტატიის დასაწყისში მოხსენიებული კანონპროექტის ავტორია, ბრიტანელი თინეიჯერების ორსულობის მაღალ მაჩვენებელს სწორედ მსგავს სახელმძღვანელოებს და სქესობრივი განათლების პროგრამაში არასწორად დასმულ აქცენტებს უკავშირებს. დორისი მიიჩნევს, რომ აქცენტი სექსისგან თავშეკავებაზე უნდა გაკეთდეს და არა კონდომების მართებულად “ჩაცმის” ტექნიკაზე. მას ზურგს ბრიტანეთის პარლამენტის წევრთა უმრავლესობა უმაგრებს. 
 
ქალბატონი დორისი თუ მოზარდებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს და ამ გზით ცდილობს თინეიჯერთა ორსულობის მაჩვენებლის შემცირებას, ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლებმა, 2009 წლის ზაფხულში, საინფორმაციო კამპანია აწარმოეს, სახელად “დღეში ერთი ორგაზმი”, რომლის მიზანი ის იყო, რომ მოზარდებს ყურადღება სქესობრივი აქტიდან, მასტურბაციაზე გადაეტანათ. 
 
ბავშვთა ეროვნული ბიუროს ქოლგის ქვეშ მოქმედი ორგანიზაცია, სქესობრივი აღზრდის ფორუმი, ამტკიცებს, რომ საჯარო სკოლებში სქესობრივი განათლების კურსი დაგვიანებული და ზედმეტად ბიოლოგიურია. სავალდებულო სქესობრივი განათლების ადვოკატები მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევენ იმასაც, რომ სულმნათი დედოფლის – ვიქტორიას სამშობლოში მასწავლებლებს, ბავშვებთან სექსზე საუბარი რცხვენიათ. 
 
სქესობრივ განათლებაზე მსჯელობა ჩვენზე წინ წასულ ქვეყნებშიც მიმდინარეობს. განსხვავება კამათის ინტელექტუალურ დონესა და არგუმენტების ხარისხშია.
მაისის დასაწყისში ორგანიზაცია Baby Child-ის მიერ ჩატარებული კვლევა მოწმობს, რომ სქესობრივი განათლების პრომოუტერთა ძალისხმევის მიუხედავად, ბრიტანელი მშობლების 59%-ს არ სურს სქესობრივი აღზრდა სკოლის კურიკულუმის ნაწილი იყოს, 48% კი მიიჩნევს, რომ მსგავსი გაკვეთილებისთვის შესაბამისი ასაკი, 13 წელი და მეტია. “შედეგები არ მაკვირვებს, – ამბობს კვლევის ინიციატორი და ვებგვერდის დამფუძნებელი ენდი ბარი, – ეს სენსიტიური თემაა, ყველა მშობელს თავისებური მიდგომა აქვს, მათ ურჩევნიათ გააკონტროლონ, რა იციან მათმა შვილებმა, განსაკუთრებით პატარებმა”.  
 
ფოტო: REUTERS
შეერთებულ შტატებში სურათი ბევრად უფრო ჭრელია. ფედერალური კანონი, რომელიც საჯარო სკოლებს სქესობრივი განათლების შემოღებას დაავალდებულებს, არ არსებობს, ეს საკითხი ადგილობრივ დონეზე წყდება. ცენტრალური ხელისუფლება მხოლოდ თავშეკავებაზე ორიენტირებულ სასწავლო პროგრამებს აფინანსებს. 
 
სქესობრივ განათლებას ყველა ამერიკელი მოსწავლე იღებს, როგორც წესი, მაღალ კლასებში. მაგრამ შტატების მიხედვით განსხვავდება სქესობრივი განათლების მასშტაბი და ხასიათი. ბევრი შტატი მშობელს საშუალებას აძლევს, თავად გადაწყვიტოს, დაესწრება თუ არა მისი შვილი სქესობრივი აღზრდის გაკვეთილებს. 
 
“თავშეკავება+” და “მხოლოდ თავშეკავება” – ასე მოიხსენიებენ შეერთებულ შტატებში გავრცელებული სქესობრივი განათლების ფორმებს. პირველი ფორმა მოსწავლეებს სექსისგან თავშეკავებას ურჩევს, მაგრამ ამავდროულად ინფორმაციას აწვდის კონტრაცეფციის, სქესობრივად გადამდები დაავადებების, ზოგ შემთხვევაში ჰომოსექსუალიზმის შესახებ. მეორე კი, ქრისტიანული მორალიდან გამომდინარე, მოსწავლეებს ქორწინებამდე სექსისგან თავშეკავებას ასწავლის და კონტრაცეფციაზე სიტყვასაც არ ძრავს. 
 
როგორც შეერთებულ შტატებში, ისე ბრიტანეთში, კონსენსუსია იმასთან დაკავშირებით, რომ სქესობრივი განათლება, მიზნად მოზარდების სქესობრივი აქტივობის თავიდან აცილებას უნდა ისახავდეს. კამათის საგანია ის, თუ რომელი მეთოდია ამის მისაღწევად უფრო ეფექტიანი, ის, რომელიც მხოლოდ თავშეკავებაზეა ორიენტირებული, თუ კომპლექსური. ორივე მხარეს თავ-თავიანთი პოზიციების გასამყარებლად, სხვადასხვა კვლევები მოჰყავთ. კომპლექსური სქესობრივი განათლების მომხრეები, მაგალითად საფრანგეთს, ჰოლანდიას და გერმანიას ასახელებენ და ამბობენ, რომ ამ ქვეყნებში თინეიჯერთა ორსულობის მაჩვენებელი ბრიტანეთზე და ამერიკაზე გაცილებით დაბალია. მაშინ, როდესაც მათი სქესობრივი აღზრდის პროგრამა სავალდებულოა და ბევრად უფრო გულახდილი. კონსერვატორები  შედარებას არაკორექტულს და ზედაპირულს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ ამ შედეგს უამრავი სხვა ფაქტორი განაპირობებს.
 
ფოტო: REUTERS
მართლაც, საფრანგეთში სქესობრივი განათლება, 1973 წლიდან სასწავლო პროგრამის სავალდებულო ნაწილია, მას 30-40 აკადემიური საათი ეთმობა. სკოლის დამთავრების შემდეგ, მოზარდებმა იციან, თუ როგორ დაიცვან თავი სქესობრივად გადამდები დაავადებებისგან და არასასურველი ორსულობისგან, რა არის ორგაზმი, მასტურბაცია. მაღალ კლასებში მოსწავლეები  საჩუქრად პრეზერვატივებსაც იღებენ. 
 
სქესობრივი განათლება, ამ სიტყვის ფართო გაგებით, სავალდებულოა ფინეთში, შვედეთში, გერმანიაში. ნიდერლანდების სამეფოში მთავრობა აფინანსებს პროექტს “იდღეგრძელე სიყვარულო” (Long Live Love), რომლის ფარგლებშიც არა მხოლოდ მოზარდები, არამედ ბავშვებიც საუბრობენ სექსუალურობასა და კონტრაცეფციაზე. აქ მასწავლებლები 12-15 წლის გოგონებთან ცდილობენ იმის გარკვევას, რას მოიმოქმედებენ, თუ მათი შეყვარებული უარს იტყვის კონდომის გამოყენებაზე. ევროპის ქვეყნების უმეტესობაში სქესობრივი აღზრდა 14-15 წლიდან იწყება, თუმცა შვედეთსა და ჰოლანდიაში, ამ მიმართულებით, 7-10 წლის ასაკის ბავშვებიც იღებენ გარკვეულ ცოდნას. 
 
მოცემულ თემაზე წერისას, შეუძლებელია არ გაგახსენდეს ყბადაღებული ფრაზა პირველი საბჭოთა-ამერიკული ტელეხიდიდან, რომელსაც ფილ დონაჰიუ და ვლადიმირ პოზნერი უძღვებოდნენ – “საბჭოთა კავშირში სექსი არ არის”. ეს სიტყვები ისეთივე გულუბრყვილოა, როგორიც ზოგიერთი “თანამედროვე განმანათლებლის” მცდელობა, 5 წლის ბავშვებს მასტურბაციაზე და ეიაკულაციაზე ესაუბროს. 
 
ძნელი წარმოსადგენია, რომ ახლო მომავალში საქართველოში ამ საკითხზე კონსენსუსი შედგეს. მაგრამ დავუშვათ, რომ ასე მოხდა. ერთ მშვენიერ დილას, გავიღვიძეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ეკლესიით დაწყებული, ულტრაპროგრესული არასამთავრობო ორგანიზაციებით დასრულებული, ყველა შეთანხმდა – სკოლა ის ადგილია, სადაც ბავშვმა სქესობრივი განათლება უნდა მიიღოს. რამდენადაა დღევანდელი ქართული სკოლა მზად ამ ამოცანისთვის?
 
მანამდე, სანამ სკოლას ახალ, ფრიად დელიკატურ ფუნქციებს დავაკისრებთ, ეგებ დავფიქრებულიყავით იმაზე, თუ რამდენად გვაკმაყოფილებს განათლების ხარისხი იმ დისციპლინებში, რომლებიც სკოლაში ტრადიციულად ისწავლება. 
 
სულაც არ მინდა, რომ ჩემს შვილს “პენისის გამაგრებაზე” იმ პედაგოგიური კორპუსის წარმომადგენელი ესაუბროს, რომელთაგან ათიდან ცხრა, მინიმალურ საატესტაციო გამოცდას ვერ აბარებს  –  მერცხალი ქვემდებარე იმიტომ ჰგონია, რომ “ის გაზაფხულზეა დამოკიდებული”, შაჰ აბასს მეოცე საუკუნის მოღვაწედ მიიჩნევს, ხოლო ილია ჭავჭავაძეს სიმბოლიზმის მიმდევრად თვლის. ამას მირჩევნია, ჩემთვის, მშობლისთვის, ის ლიტერატურა იყოს ხელმისაწვდომი, რომელიც ბავშვის მიერ დასმულ უხერხულ კითხვებზე კვალიფიციური პასუხის გაცემაში დამეხმარება. 

კომენტარები