გერმანელი ობამა?

ფოტო: REUTERS ©
ფილიპ როსლერი
გერმანიის თავისუფალმა დემოკრატებმა (FDP), გადამდგარი ლიდერი, გვიდო ვესტერველე, ვიეტნამური წარმოშობის ფილიპ როსლერის კანდიდატურით შეცვალეს. მას მაისის შუა რიცხვებში, FDP-ის საერთო ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად აირჩევენ. სამომავლოდ პოლიტიკოსს საკმაოდ რთული მისია აკისრია: FDP-ს ერთიანობა და პოპულარობა უნდა დაუბრუნოს. თუმცა, მისი გამოცდილება ბევრს სკეპტიკურად განაწყობს. 

ვესტერველეს გადადგომის მიზეზი, პარტიის რეიტინგის დაცემა და რეგიონულ არჩევნებში ცუდი შედეგის ჩვენება გახლდათ. გასულ თვეში, FDP სამ უმნიშვნელოვანეს შტატში დამარცხდა. FDP კანცლერ ანგელა მერკელის კოალიციურ მთავრობაში უმცროს პარტნიორად 2009 წელს შევიდა – არჩევნებში ამომრჩეველთა 14,6%-იანი მხარდაჭერის წყალობით. დღეს მისი რეიტინგი 3-5%-მდე დაეცა. მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი ვესტერველეს არასწორი პოლიტიკა გახდა: მან გადასახადების შემცირების დანაპირები ვერ შეასრულა. იგი, ეკონომიკური კრიზისისა და დეფიციტის ფონზე, აქცენტს მხოლოდ კეთილდღეობის სახელმწიფოზე, პენსიებსა და სოციალურ უზრუნველყოფაზე აკეთებდა. 

ვესტერველეს ხშირად აკრიტიკებენ მისი ხისტი, ამპარტავნული ხასიათისა და კონფრონტაციული რიტორიკის გამო. როსლერს კი თავაზიან, მჭევრმეტყველ, ზომიერ პოლიტიკოსად მიიჩნევენ. თუმცა, ეს უკანასკნელი წინამორბედს გამოცდილებითა და მოხერხებულობით მკვეთრად ჩამოუვარდება. მისი პოლიტიკური კარიერა 1992 წელს FDP-ის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში შესვლით დაიწყო. როსლერს ქვედა საქსონიის ეკონომიკის მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის მოადგილის პოსტები ეკავა, 2009 წლიდან დღემდე კი ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობს. მისი მინისტრობის პერიოდი წარუმატებლად ითვლება – ჯანდაცვის რეფორმის საკუთარი გეგმისთვის საკმარისი მხარდაჭერის მოპოვება ვერ შეძლო. როსლერის პროგრამის მთავარი ოპონენტები ქრისტიან-სოციალისტური კავშირის ლიდერი, ხორსტ ზეეხოფერი და ფინანსთა მინისტრი, ვოლფგანგ შოიბე გახლავთ. 
 
მიუხედავად ამისა, როსლერის კანდიდატურა პარტიის წევრებისთვის ერთი ფაქტორის გამოა სასურველი: იგი FDP-ის რეფორმისტთა ფრთას წარმოადგენს. ისინი სოციალურ ლიბერალიზმზე, ეკოლოგიურ პასუხისმგებლობასა და სამოქალაქო თავისუფლებაზე ყურადღების გამახვილებას ემხრობიან. პარტიის ერთიანობის აღსადგენად კი შიდა ცვლილებები იგეგმება: FDP-ის ლიდერთა შემადგენლობა პოლიტიკური გაერთიანების აღმასრულებელ საბჭოში ახალი წევრების დანიშვნით გადახალისდება.
 
ეფექტიანი გარდაქმნების გასატარებლად, როსლერს სათანადო პოსტიც უნდა უმაგრებდეს ზურგს. ჯანდაცვის მინისტრს კი ამისთვის საკმარისი გავლენა არ ექნება. ანალიტიკოსები მას ეკონომიკის ან საგარეო საქმეთა სამინისტრო პორტფელს უწინასწარმეტყველებენ. პირველი, საკუთარი კომპეტენციიდან გამომდინარე, მისთვის ყველაზე კომფორტულია. თანაც, ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ხსენებული პოსტი ქვეყანაში ერთ-ერთ საკვანძო ადგილად ითვლება. თუმცა, დღეს ეს თანამდებობა გავლენიან პოლიტიკოსს, რაინერ ბრუდერლეს უკავია. ძნელი წარმოსადგენია, რომ აღნიშნული პრივილეგია მან იოლად დათმოს. მეორე მათგანს კი – პარტიაში დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად – კვლავაც ვესტერველე ინარჩუნებს.  
 
FDP-ში არსებული პოლიტიკური ჩიხი, მერკელის დასუსტებულ და არაერთიან სამთავრობო კოალიციაზეც უარყოფითად აისახება. 2013 წელს არჩევნებია დაგეგმილი, კოალიციის წევრი პარტიები რეგიონულ არჩევნებში ცუდ შედეგებს აჩვენებენ, მაშინ როცა მწვანეებმა მხარდამჭერთა რაოდენობა გაზარდეს. პოზიციების შესანარჩუნებლად, მერკელს სამომავლოდ სამთავრობო კოალიციისთვის პარტნიორის მოძებნა მოუწევს. გარდა ამისა, ახალი ლიდერის პირობებში FDP-სთან თანამშრომლობის სახეცვლილი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს.
 
ამავე დროს, დაქსაქსული და პოზიციებშესუსტებული კოალიციის ფონზე, ლიბერალებს ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური ძალის სტატუსის დაბრუნება შეუძლიათ. წლების მანძილზე სწორედ FDP ითვლებოდა გერმანული პოლიტიკის მთავარ შემოქმედად. თანაც, მერკელს დაგროვილი პრობლემებისა და რესურსების სიმცირის პირობებში, დიდი ამბიციები აღარ გააჩნია. მაისში როსლერი ვიცე-კანცლერის პოსტსაც დაისაკუთრებს. დასახული ამოცანების წარმატებით განხორციელების და FDP-ის პოზიციების გამყარების შემთხვევაში, ბევრის გასაკვირად, მან, შესაძლოა, 2013 წლის არჩევნების შედეგად, კანცლერის ადგილიც კი დაიკავოს. ამისთვის საკმარისი სიმტკიცე და გამჭრიახობაა საჭირო. 
 

კომენტარები