ინდოეთის საგარეო პოლიტიკა: დელი გეოპოლიტიკურ გზაგასაყარზე

აზიის პოლიტიკური ლანდშაფტის განხილვისას, ჩინეთის გაძლიერება სხვა საკითხებს, მათ შორის ინდოეთის განვითარებას, გარკვეულწილად ჩრდილავს. ინდოეთის ეკონომიკა 1990-იანი წლებიდან მოყოლებული წელიწადში საშუალოდ 7%-ით იზრდებოდა. ქვეყანამ 2009 წლის კრიზისიც დაძლია, 2010 წელს კი მატებამ დაახლოებით 6% შეადგინა. ის ახლა მსოფლიოში სიდიდით მეათეა, მოსახლეობის რაოდენობით კი რამდენიმე წელიწადში ჩინეთს გაუსწრებს. 

ინდოეთის პრიორიტეტები შეიძლება სამ ჯგუფად დაიყოს: საშინაო და საგარეო უსაფრთხოების უზრუნველყოფა; დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის განვითარება და ეკონომიკური ზრდის ტემპების შენარჩუნება. სამივე მათგანისკენ გზა ამერიკაზე გადის, თუმცა ამჟამად მათი ურთიერთობა სახარბიელო ნამდვილად არ არის. 

ცივი ომის დროს ინდოეთი ე.წ. მიუმხრობლობის პოლიტიკის ატარებდა, რეალურად კი საბჭოთა კავშირთან იყო დაახლოებული. ამერიკასთან ურთიერთობები არც ცივი ომის დასრულების შემდეგ აეწყო. ერთი თვის წინ, ინდოეთმა ჩინეთთან, რუსეთთან, ბრაზილიასა და გერმანიასთან ერთად თავი შეიკავა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მიმხრობისგან, რომელიც ლიბიის არასაფრენ ზონად გამოცხადებას ეხებოდა. ორიოდე კვირის შემდეგ, ოფიციალურმა დელიმ დიდხანს იყოყმანა, სანამ კოტ-დ’ივუარის არაკანონიერი პრეზიდენტის, ლორენ გბაგბოს წინააღმდეგ სანქციებს დაუჭერდა მხარს. ბოლოს კი ჩინეთის კუნძულ ჰაინანზე, ბრაზილიის, რუსეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის ლიდერებთან ერთად, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მანმოჰან სინგჰმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს მსოფლიო სავალუტო სისტემის გადახედვასა და დოლარის გლობალური როლის შესუსტებას. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთი აზიის კონტინენტზე პლურალისტურ, დემოკრატიულ მმართველობას წარმოადგენს, მისი საგარეო პოლიტიკა დასავლური ქვეყნების კურსს ხშირად არ შეესაბამება. ამის ერთი მიზეზი, შესაძლოა, ინდოეთის პოლიტიკური წრეებისგან მესამე სამყაროს ლიდერობის აკვიატებული იდეა იყოს. მისი მიხედვით, ჯულიან ასანჟი თანამედროვე წმინდანია, ჩინეთი – მშვიდობის დესპანი, იაპონია, სამხრეთ კორეა და სინგაპური კი ამერიკის ლაქიები. თუმცა ეს მიდგომა თანდათან ძალას კარგავს. არაერთი ინდოელი ექსპერტი და პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ყველაზე ხელსაყრელი სტაბილური, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგია.
 
ბო­ლო 60 წე­ლი­წად­ში,პაკისტანთან და ჩინეთთან ინ­დო­ეთს 5 ომი ჰქონ­და, მაგ­რამ სა­და­ვო სა­კითხე­ბი კვლა­ვაც მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი­ა.
ვაშინგტონთან დელის კავშირები ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს გამყარდა. მანმოჰან სინგჰი პირველი უცხოელი გახლდათ, რომელსაც გაპრეზიდენტების შემდეგ, ბარაკ ობამამ ვაშინგტონში უმასპინძლა. ორი ქვეყნის ურთიერთობაში ბოლო წლების უმნიშვნელოვანესი საკითხი სამოქალაქო ბირთვული თანამშრომლობის ხელშეკრულებაა. ამერიკასთან ხელშეკრულების სანაცვლოდ, ინდოეთმა ბირთვულ ტესტებზე უვადო მორატორიუმი გამოაცხადა. ეს შეთანხმება ინდოეთის ბირთვული სექტორის განვითარებასა და იმპორტირებულ რესურსებზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებას შეუწყობდა ხელს. თუმცა საკანონმდებლო და ბიუროკრატიული ბარიერების გამო ხელშეკრულება პრაქტიკულად ერთ ადგილზეა გაყინული. 
 
თანამშრომლობის ახალი ფურცელი, შესაძლოა, სამხედრო სფეროში გადაიშალოს. ინდოეთმა საკუთარი სამხედრო ავიაციის განახლება გადაწყვიტა, ამისათვის გამოყოფილი 11 მილიარდი დოლარი კი, სავარაუდოდ, 126 ამერიკული თვითმფრინავის შესყიდვას მოხმარდება. ინდოეთი უკმაყოფილოა თეთრი სახლის პოლიტიკით სამხრეთ აზიაში, რადგანაც ამერიკელთა მთავარი მოკავშირე ავღანეთის საკითხში პაკისტანია. ამ უკანასკნელის მოთხოვნის გამო, ინდოეთს არ შეუძლია ვაშინგტონს ავღანეთში სამხედრო სფეროში დაეხმაროს და მხოლოდ სამოქალაქო პროექტებით შემოიფარგლება. 
 
ინდოეთი გარშემორტყმულია არადემოკრატიული და კონფლიქტისაკენ მიდრეკილი ქვეყნებით. მას თითქმის ყველა მეზობელთან აქვს დავა, მათ შორის ჩინეთთან და პაკისტანთან. დელის არ შეუძლია უყურადღებოდ დატოვოს ავტორიტარული, ერთპარტიული კომუნისტური ჩინეთის გაძლიერება, პაკისტანი კი ისლამური ტერორიზმის ერთ-ერთი კერაა. ბოლო 60 წელიწადში, ამ ორ ქვეყანასთან ინდოეთს 5 ომი ჰქონდა, მაგრამ სადავო საკითხები კვლავაც მოუგვარებელია. ათწლეულების მანძილზე არათუ რეგიონული, არამედ ქვეყნის შიგნით არსებული კონფლიქტებიც (ქაშმირი, მაოისტების აჯანყება) ვერ გადაჭრა.  
 
ფოტო:REUTERS ©
მან­მო­ჰან სინ­გ­ჰი და ჰუ ძინტაო
ინდოეთ-პაკისტანის სადავო საკითხებს შორისაა ქაშმირი, ტერორიზმი და ბირთვული იარაღი. 2008 წელს მუმბაიში მომხდარმა ტერაქტმა, მეზობლებს შორის მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა. პეკინი აფინანსებს ახალი პორტების მშენებლობას ბანგლადეშში, შრი ლანკასა და პაკისტანში. ჩინეთის ახალი საზღვაო შესაძლებლობები ამერიკისა და ინდოეთისათვის საფრთხის შემცველია. ეს ქვეყნები არსებული საზღვაო კვანძებისა და მარშრუტების უსაფრთხოებით არიან დაინტერესებული. ორი აზიური გიგანტი, აფრიკასა და სპარსეთის ყურეში ნავთობისა და სხვა მინერალური რესურსების მოპოვებაში, ერთმანეთის კონკურენტია. თუმცა მათ ურთიერთობებში მთავარი ადგილი ტერიტორიულ დავებს უჭირავს. სასაზღვრო კონფლიქტები სათავეს ჯერ კიდევ 1914 წლიდან იღებს. მაშინ ბრიტანეთმა საზღვრები ისე გაყო, რომ კმაყოფილი არავინ დარჩენილა. 1959 წელს ჩინეთის არმიამ დაიკავა ტიბეტი, რომლის სულიერი ლიდერი დალაი ლამა ინდოეთში გაიქცა, რამაც ორ ქვეყანას შორის კიდევ ერთი ბზარი გააჩინა.
 
იაპონიასა და სამხრეთ კორეასთან თანამშრომლობის გაღრმავების მიუხედავად, ჩინეთის პოლიტიკური გავლენის დაბალანსება და სხვა საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევა, ინდოეთს ამერიკის გარეშე გაუჭირდება. ბოლო წლების მანძილზე, რამდენიმე შემთხვევაში ქვეყანამ თეთრი სახლის პოლიტიკის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო. უახლოეს წლებში ის კიდევ არაერთი არჩევანის წინაშე აღმოჩნდება – მიემხრობა თუ არა გაეროს სანქციებს ირანის წინააღმდეგ? დაუჭერს თუ არა მხარს ისრაელს, რომელთანაც მრავალწლიანი სამხედრო პარტნიორობა აკავშირებს? 
 
ინდოეთმა უნდა გადაწყვიტოს, არის თუ არა ამერიკის უგულებელყოფა, ავტორიტარული სახელმწიფოებით გარშემორტყმული დემოკრატიისთვის ოპტიმალური საგარეო პოლიტიკური კურსი.

კომენტარები