ახალი მიდგომები ქართულ ფსიქიატრიაში

საქართველოში ოფიციალური მონაცემებით, ფსიქიკური პრობლემების მქონე 100 ათასამდე ადამიანია. რეალურად ეს რიცხვი გაცილებით დიდია, რაზედაც ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშშიც არის საუბარი: შიზოფრენიის დიაგნოზით საქართველოში 17 ათასი ადამიანია რეგისტრირებული – „მაშინ როცა შიზოფრენიასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, უნდა მოველოდეთ, რომ საქართველოში შიზოფრენიის მქონე დაახლოებით 40 ათასი ადამიანია”. 

არაზუსტი სტატისტიკის ერთ-ერთი მიზეზი სოციალური სტიგმაა. ფსიქიატრიულის პაციენტებს ხშირად გიჟებად მოიხსენიებენ, რაც მათ სტიგმატიზირებას იწვევს. შესაბამისად, ფსიქიკური პრობლემების მქონეები და მათი ახლობლები დაწესებულებაში მოხვედრას გაურბიან. „ეს იყო იზოლირებული, თითით საჩვენებელი შენობები. საქართველოში საგიჟეთს ეძახიან, რაც შეურაცხმყოფელია. რომელიმე საავადმყოფოში წაყვანა თანაგრძნობას იწვევდა, აქ კი მხოლოდ ღიმილსა და გარკვეულწილად აგდებულ დამოკიდებულებას”, – ამბობს  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ანდრია ურუშაძე. 

წლების განმავლობაში, ფსიქიატრიულ დაწესებულებებს მხოლოდ სახსრების, პირადი საცხოვრებლის არმქონენი ან ყველაზე მწვავე პრობლემის მქონე პაციენტები აკითხავდნენ. მკურნალობდნენ და შემდეგ წლობით რჩებოდნენ, რადგან ჰოსპიტალგარეთა მკურნალობა ნაკლებად იყო განვითარებული. დაწესებულებებში მკურნალობის საჭიროების მქონეთა წლობით დარჩენას საბჭოთა სახელმწიფოს პატერნალისტური მიდგომაც განაპირობებდა – „მამა, რომელიც ზრუნავს”, ვალდებულებას არ აკისრებდა თვით პაციენტსა და მის ოჯახს. ახლაც არის შემთხვევები, როდესაც პაციენტის საავადმყოფოდან გაყვანაზე მეურვე სხვადასხვა მიზეზით ამბობს უარს. მაგალითად, მარინა მ.-მ თერთმეტი წელი ბედიანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაატარა, რადგან  მეურვე, საკუთარი ძმა მის სახლში ცხოვრობს და საავადმყოფოდან დის წაყვანაზე უარს ამბობდა. თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში კი დამანა ს. 14 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. დანარჩენები სამკურნალოდ ან უცხოეთში მიდიოდნენ, ან დაწესებულებებს საერთოდ არ მიმართავდნენ. ფსიქიატრიული რეესტრის აღრიცხვაზე არ დგებოდნენ, სახლის პირობებში მკურნალობდნენ, რაც  ჰოსპიტალგარე მკურნალობის ალტერნატივად მიიჩნეოდა.
 
მკურნალობის მიღებაზე უარის თქმის მიზეზი, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ცუდი პირობებიცაა. დღესდღეობით, სახელმწიფო ფსიქიატრიული დახმარების პროგრამას ექვს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ახორციელებს, სადაც დაახლოებით 1000 საწოლია. საწოლების რაოდენობა რომ არასაკმარისია და საქართველოში ფსიქიატრიული დახმარება გაცილებით მეტ ადამიანს ესაჭიროება, ამაზე მინისტრიც საუბრობს – „ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ე.წ ბალანსირებული მკურნალობის განვითარება, როდესაც ჰოსპიტალგარეთა სერვისებიც არის. თუ ადამიანს პრობლემა აქვს, ამბულატორიულად უნდა მოაგვაროს და საავადმყოფოში დასაწოლი არ გახდეს”. 
 
ფსიქიატრიაში რეფორმის დაწყების აუცილებლობა სწორედ წლობით დაგროვილ პრობლემებს უკავშირდება. რეფორმა ზოგადი პროფილის კლინიკებში ახალი ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს. ქრონიკული პაციენტებისთვის კი ცენტრები მოეწყობა, რაც აქამდე საქართველოში არ არსებობდა. ისინი ფსიქიატრიულში ცხოვრებისთვის იყვნენ განწირულები. მიმდინარე რეფორმა „ფსიქიატრიაში ჩაკეტილი წრის” პრობლემას მოაგვარებს. ამაზე ომბუდსმენი 2010 წლის ანგარიშშიც საუბრობს – „ჰოსპიტალგარე სერვისების დეფიციტის გამო პაციენტთა დიდი ნაწილი, რომელიც სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში რჩება. ხოლო გაწერილი პაციენტების დიდი ნაწილი მალევე ბრუნდება სტაციონარში და ხელახალ ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს”.
 
ფსიქიკური ცენტრების რეაბილიტაცია მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. თბილისში მწვავე მდგომარეობისთვის განკუთვნილი განყოფილებების რეაბილიტაცია ოთხ მულტიპროფილურ კლინიკაშია დაწყებული (რეფერალური საავადმყოფო, ღუდუშაურის კლინიკა, მეხუთე საავადმყოფო და ახალი შენობა ქავთარაძის 21 ნომერში). იქმნება ბავშვთა ფსიქიატრიული სტაციონარული განყოფილება, რომელიც საქართველოში 90-იანი წლებიდან აღარ ფუნქციონირებს. არადა ფსიქიკური პრობლემები თოთხმეტ წლამდე 1496 ბავშვს აქვს. თუკი ამჟამინდელი სტატისტიკის უზუსტობას გავითვალისწინებთ, მკურნალობა კიდევ უფრო მეტ ბავშვს ესაჭიროება. მინისტრის თქმით, ზაფხულიდან ამ დაწესებულებებში პირველ პაციენტებს მიიღებენ და სათანადო მკურნალობის გაწევას შეძლებენ.
 
სარემონტო სამუშაოებმა და ახალმა ინფრასტრუქტურამ ის პრობლემები უნდა მოაგვაროს, რაზედაც ომბუდსმენისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშებშია საუბარი. მაგალითად, ესაა პაციენტისთვის პირადი სივრცის უქონლობა, ცუდი განათებისა და გათბობის სისტემები, მძიმე სუნი, რომელიც განყოფილებებში ვენტილაციის არარსებობის გამო დგას. „გაუსაძლისი, არაადამიანური პირობები, რომელზეც სახალხო დამცველი მუდმივად მიუთითებდა სრულიად სამართლიანად, ცოტა ხანში აღარ იქნება. ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების სერვისი გულისხმობს არა მხოლოდ თანამედროვე მედიკამენტოზურ მკურნალობას, არამედ იმ გარემოსაც, რომელშიც პიროვნება უნდა მკურნალობდეს”, – ამბობს მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, დავით ზურაბაშვილი.
 
საყოფაცხოვრებო პირობების გარდა, ფსიქიატრიული დაწესებულებების უმრავლესობაში, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის დონეც დაბალია. სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ფიზიკური შეზღუდვის გამოყენების შესახებ სპეციალური წვრთნა პერსონალს არ აქვს გავლილი, რაც პაციენტებთან მათი მოპყრობისას ვლინდება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჯანდაცვის სამინისტროსა და ფონდ – გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანური რესურსების პროფესიულ მომზადებას გულისხმობს. 
 
ამჟამად გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში უცხოელ კოლეგებთან ერთად სატრენინგო მოდულებს ამუშავებს. შექმნილია ექთნების, კლინიკური ფსიქიატრიის საკითხების, სოციალური ფსიქიატრიის, კრიზისული ინტერვენციის, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის ჯგუფებიც. ამ პროგრამაში მონაწილე ყველა ექთანი გაივლის „მულტიდისციპლინარული გუნდის და შემთხვევის მართვის მოდულს”, ასევე „აგრესიის მართვის პრაქტიკულ კურსს”. ტრენინგები აპრილიდან დაიწყო, პირველი ეტაპი კი ივნის-ივლისისთვის დასრულდება. მთლიანი პროგრამა 2 წელს გასტანს. ფონდის თბილისის ოფისის დირექტორი ნინო მახაშვილი ამბობს, რომ ეს პროცესი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ინტენსიური ტრენინგები პროფესიული ეთიკის და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებზე იქნება დაფუძნებული. ექსპერტები შეეცდებიან ქართულ ფსიქიატრიული ჯანმრთელობის სფეროში ის ცოდნა შემოიტანონ, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციისა და ევროპის ფსიქიატრთა საზოგადოების მიერ არის აღიარებული, როგორც საუკეთესო პრაქტიკა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში.
 
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თანამედროვე სახელმძღვანოებისა და პროფესიული ლიტერატურის შერჩევა და ქართულ ენაზე თარგმნა. ამ მიზნით, კემბრიჯისა და ოქსფორდის საუნივერსიტეტო გამოცემებთან უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. სატრენინგო მოდულების მომზადებას ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო აფინანსებს.
 
რეფორმის ფარგლებში შენობების გარემონტება და აღჭურვა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამიდან ხდება – სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ეს პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების დაფინანსებაზე არ იმოქმედებს. 2006 წლიდან დღემდე დაწესებულებების დაფინანსება  გლობალური ბიუჯეტის ფარგლებში ხდებოდა და თითოეულ საწოლზე დაახლოებით 20 ლარი იყო გამოყოფილი. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დაწესებულებების ამოქმედება უკვე ზაფხულიდან იგეგმება, ჯერ კიდევ უცნობია, შეიცვლება თუ არა დაფინანსების სისიტემა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, ფსიქიატრებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ამჟამად სწორედ ამ საკითხზე მუშაობენ.

კომენტარები