ლიბია

ლიბია — შეუსრულებელი მისია

რა არის კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციის მისია? – ეს შეკითხვა, ლიბიის კამპანიაზე მსჯელობისას, ყველაზე ხშირად ისმის. 

მისიამ უნდა განსაზღვროს კოალიცია და არა კოალიციამ – მისია, – ამტკიცებს ამერიკის პრეზიდენტების, ჯერალდ ფორდისა და ბუში უმცროსის, თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი.
ჩვენი მიზანი ლიბიის მშვიდობიანი მოქალაქეების ძალადობისგან დაცვაა, – ამბობენ კოალიციის წევრი ქვეყნების ლიდერები და კადაფის რეჟიმს საჰაერო დარტყმებით ავიწროებენ.
“მშვიდობიანი მოქალაქეების ძალადობისგან დაცვის იდეა ძალიანაც მომწონს, მაგრამ ფაქტია, რომ ძალადობას სხვა ქვეყნების მშვიდობიანი მოქალაქეებიც აწყდებიან და მათ დასაცავად ხელსაც არ ვანძრევთ. ლიბიის მშვიდობიან მოსახლეობას იარაღი აქვს ასხმული. შესაბამისად, გამოდის, რომ სამოქალაქო ომის მხარედ ვიქეცით. ეს ასეა! ამიტომ უფრო მეტი უნდა მითხრათ ჩვენი ახალი მოკავშირეების შესახებ. მსურს ვიცოდე, რა მოსწონთ მათ, ან რა არ მოსწონთ, ეგებ ჩვენ არ მოვდივართ თვალში? დამიზუსტეთ რად წარმოუდგენიათ ამბოხებულებს ამერიკა – ზე-სატანად თუ რიგით ეშმაკად?” – ქილიკობს ამერიკელი კომიკოსი, ჯონ სტიუარტი. Daily Show-ს წამყვანი ობამასადმი სიმპათიებს არასოდეს მალავდა, ახლა – უკმაყოფილებას ვერ ფარავს და პრეზიდენტისა და ამერიკელი ხალხის ურთიერთობას ერთმანეთისგან დაღლილი ცოლ-ქმრის კომუნიკაციას ადარებს.

მისიის ბუნდოვანება დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ- მინისტრსაც აშფოთებს. 19 მარტს Wall Street Journal-ში გამოქვეყნდა ტონი ბლერის წერილი, სადაც პოლიტიკოსი ისტორიულ პარალელს საბჭოთა კავშირთან ავლებს. ის აღნიშნავს, რომ ცივი ომის დროს საკითხი უფრო მარტივად იდგა, რადგან სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში საზოგადოება შეთანხმებული იყო იმაზე, თუ რისი მიღწევა სურდა ტოტალიტარული სისტემის შეცვლის შედეგად – “მათ კედლის დასავლეთით გადმოიხედეს, რაც დაინახეს, ის მოისურვეს და მიიღეს კიდეც”.

ახლო აღმოსავლეთში სულ სხვა მდგომარეობაა. მომავალზე კონსენსუსი არ არსებობს, აქ დემოკრატიის მსურველებსაც იპოვით, მაგრამ ექსტრემისტი ისლამისტებიც უხვად არიან.
“ჩვენი პოლიტიკა ძალზე ცხადი უნდა იყოს. მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენ არა მარტო რეჟიმის შეცვლას, არამედ მოდერნიზაციას და დემოკრატიზაციას ვუჭერთ მხარს... ეს კი, არა მხოლოდ ხმის უფლებას, არამედ კანონის უზენაესობას და სიტყვის, რელიგიის და ეკონომიკის თავისუფლებას ნიშნავს”, – წერს ბლერი.
ობამას მოქმედებებმა უკმაყოფილება გამოიწვია როგორც დემოკრატებს, ისე რესპუბლიკელებს შორის. ეს ის შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტის კრიტიკა პარტიული ნიშნით არ განისაზღვრება. 
ორივე პარტიის რიგებში ნახავთ: ა) იზოლაციონისტებს, რომლებიც ამერიკის მიერ მსოფლიოს პოლიციელის ფუნქციის აღებას ეწინააღმდეგებიან და ფიქრობენ, რომ აშშ-ის სამხედრო მოქმედება მხოლოდ მაშინაა გამართლებული თუ ქვეყანა მყისიერი საფრთხის წინაშე დგას – ლიბიის შემთხვევაში მსგავსი საფრთხე არ მდგარა; ბ) ინტერვენციონისტებს, რომლებიც თვლიან, რომ ამერიკა მტერს მანჰეტენზე კი არ უნდა დაელოდოს, არამედ იქ დაამარცხოს, სადაც გაჩნდება, ხოლო პრევენციის მიზნით დემოკრატიის ექსპორტს მიჰყოს ხელი, გამომდინარე იქიდან, რომ დემოკრატიული ქვეყნები, როგორც წესი, ერთმანეთთან არ ომობენ. ობამას ლიბიური პოლიტიკა არც ამ მოთხოვნას პასუხობს. 
“გასაგებია, რომ ადმინისტრაციამ ბენღაზიში დაძაბული სიტუაციის გამო იჩქარა და კონგრესის დასტურს არ დაელოდა, მაგრამ გაუგებარია რატომ გაურბის პრეზიდენტი ხალხთან საუბარს”, – ამბობს პოლიტიკური ანალიტიკოსი, ჩარლზ კრაუტჰამერი და პრეზიდენტ კლინტონს იხსენებს, რომელსაც ტანზანიასა და კენიაში ამერიკის საელჩოებზე განხორციელებული ტერორისტული აქტების პასუხად, სამხედრო მოქმედება მოუწია. “მიუხედავად იმისა, რომ კლინტონის იერიში ახლოსაც ვერ მივა იმასთან, რაც დღეს ხდება, პრეზიდენტი ხალხის წინაშე წარდგა და თავისი მოქმედება განმარტა”.
გაეროს უშიშროების საბჭოს 17 მარტის რეზოლუცია, ორგანიზაციის წევრებს ნებას რთავს მშვიდობიანი მოსახლეობა კადაფის რეჟიმის ძალადობისგან დაიცვან. სწორედ ამ მიზნით გამოცხადდა ლიბიის ცა არასაფრენ ზონად, რისი უზრუნველყოფაც თავდაპირველად კოალიციის წევრებმა, უფრო კონკრეტულად – შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა, კანადამ და იტალიამ იკისრეს.
კრიტიკოსები შიშობენ, რომ თუ კადაფი ძალაუფლებას შეინარჩუნებს, ის კვლავინდებურად ტერორიზმს მიჰყოფს ხელს, რომლისგანაც ბოლო ხანებში თავს ან გარიგებების იმედით ანდაც დასავლეთის რისხვის შიშით იკავებდა. ამას გარდა, კადაფის დარჩენა ამერიკას სუსტად წარმოაჩენს, რადგან პრეზიდენტის სიტყვები ლიბიის ლიდერის გადადგომასთან დაკავშირებით, ჰაერში გამოკიდებული დარჩება.
მდგომარეობას არც დიქტატორის წასვლა გამოასწორებს – ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კადაფის შემდგომი ლიბია, აფრიკის ლუქსემბურგი კი არა, მეორე სომალი გახდება – დისფუნქციური სახელმწიფო, სადაც ფეხს მაფია და ტერორიზმი მოიკიდებს. მით უფრო, რომ ქვეყნის აღმოსავლეთი მხარე – რეგიონი, სადაც ოპოზიცია განსაკუთრებით ძლიერია, ბოლო დროს ალ-ყაიდას წევრების რეკრუტირების თვალსაზრისით ლიდერობს. საყურადღებოა ისიც, რომ კადაფის ოპონენტ ლიბიელთა ნაწილი, ერაყსა და ავღანეთში ამერიკის წინააღმდეგ იბრძოდა.
“მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ყველა ლაურეატი რომ შეკრიბო, იმდენი ბომბი არ უსვრიათ, რაც ობამამ სულ რამდენიმე დღეში გაისროლა”,  – აღნიშნავენ კრიტიკოსები. მათი ირონია გასაგებია – ამერიკის პრეზიდენტმა ერაყისა და ავღანეთის ომის დასრულების დაპირებაში ნობელის პრემია აიღო და პირობის შესრულებამდე, მესამე ომი წამოიწყო.
ობამა თავის დაძვრენის რეჟიმშია. ის ცდილობს, ლიბიის ოპერაციას ომის კვალიფიკაცია არ მიეცეს, ხოლო ამერიკა კადაფის სისასტიკით აღშფოთებული ევროპელების დამხმარედ წარმოაჩინოს და არა დიქტატორის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის ლიდერად.
კრაუტჰამერი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ეს დამოკიდებულება იდეოლოგიურია და დასტურად ობამას ცნობილ გამოსვლებს იხსენებს ეგვიპტესა და თურქეთში, სადაც ამერიკის პრეზიდენტმა თავისი ქვეყნის პოლიტიკის გამო ფაქტობრივად ბოდიში მოიხადა. “ეს ადამიანი მიიჩნევს, რომ დასავლეთი ყოველთვის კოლონიზატორივით იქცეოდა და ამიტომ ნებისმიერ ჩარევას განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება… მისი პასიურობის საუკეთესო მაგალითად 2009 წლის ირანის ამბოხი შეიძლება ჩაითვალოს, როდესაც პრეზიდენტმა არაფერი გააკეთა ამერიკის სტრატეგიული ინტერესების სასარგებლოდ. პირიქით, დარჩა შთაბეჭდილება, რომ მან ირანის სასტიკი რეჟიმის ლეგიტიმაციას შეუწყო ხელი”. 
 ამ იდეოლოგიური ხაზის გაგრძელებაა ისიც, რომ ვაშინგტონმა ყველა ღონე იხმარა, რათა ამერიკის როლის შემცირების მიზნით პასუხისმგებლობა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის გადაებარებინა. გასულ ხუთშაბათს, ალიანსის წევრებმა კომპრომისულ შეთანხმებას მიაღწიეს – ლიბიის ცაზე არასაფრენი ზონის უზრუნველყოფა NATO-მ იკისრა. ობამა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ შესრულებას ითხოვს.
შეთანხმების პროცესი გააჭიანურა გერმანიის პოზიციამ – მერკელი, გრძელვადიან ომში ჩათრევის შიშით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მონაწილეობის მინიმიზაციას ცდილობს; ცალკე საკითხია თურქეთი პოზიცია, რომელიც ღელავს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად წამოწყებულმა ოპერაციამ, შესაძლოა, ლიბიის ოკუპაციის სახე მიიღოს. NATO-ს როლის გაზრდის წინააღმდეგი იყო საფრანგეთიც, რომელიც თავის პოზიციას იმით ასაბუთებდა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ ლიბიის ოპერაციაზე კონტროლის აღება, კადაფის მოწინააღმდეგე არაბულ ქვეყნებს მოქმედების შესაძლებლობას შეუზღუდავდა. 
კრიტიკოსები ირწმუნებიან რომ სინამდვილეში საფრანგეთის პრეზიდენტი 2012 წლის არჩევნებისთვის ემზადება და მკვეთრად დაცემული რეიტინგის ფონზე, წყალივით ესაჭიროება თავის გამოჩენა – ეს კი უკეთ მოხერხდებოდა თუ ლიბიის კამპანიას არა NATO, არამედ საფრანგეთ-ბრიტანეთის ალიანსი უხელმძღვანელებდა.
სარკოზის გმირად წარმოჩენას ემსახურებოდა აგრეთვე საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის დაუფიქრებელი განცხადება, რომ მისი პრეზიდენტი კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ “ჯვაროსნულ ლაშქრობას უდგას სათავეში”. ამ სიტყვების რელიგიურმა დატვირთვამ თურქეთი გააბრაზა და პირველი პირების ხმამაღალმა განცხადებებმაც არ დააყოვნა – პრემიერ-მინისტრმა ერდოღანმა, საფრანგეთის განზრახვის გულწრფელობა დააყენა ეჭვქვეშ და ფრანგების მოტივაცია ლიბიის ნავთობის, ოქროს საბადოებისა და სხვა ბუნებრივი რესურსების წყურვილით ახსნა. მოგვიანებით იგივე გაიმეორა პრეზიდენტმა, აბდულა გიულიმ – “საჰაერო კამპანიის მიზეზი არა ლიბიელი ხალხის გათავისუფლება, არამედ ფარული ინტერესებია”, – განაცხადა მან.
ამ ინციდენტმა გაართულა საფრანგეთისა და თურქეთის ისედაც დაძაბული ურთიერთობა, რასაც საფუძვლად ანკარის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული ამბიციები და ამ საკითხზე, პრეზიდენტ სარკოზის პოზიცია უდევს. ეს უკანასკნელი, გერმანიასთან ერთად, თურქეთის ევროკავშირში მიღების წინააღმდეგია, მაგრამ გერმანელი კოლეგისგან განსხვავებით, თავის აზრს ბევრად უფრო სწორხაზოვნად გამოთქვამს. სარკოზი ღიად ამბობს, რომ თურქეთს ევროპაში არაფერი ესაქმება და მისი ადგილი ახლო აღმოსავლეთშია.
საყურადღებოა არაბული ლიგის პოზიციაც – სავარაუდოდ, ამ ორგანიზაციის გენერალურ მდივანსაც, სარკოზის არ იყოს, ელექტორატი აფიქრებს. ამრ მუსამ ლიბიის ცაზე არასაფრენი ზონის გამოცხადებას მხარი დაუჭირა, მაგრამ სამხედრო მოქმედებები მკაცრად გააკრიტიკა – ის ეგვიპტის პრეზიდენტობის კანდიდატია და ამომრჩევლის გულის მოგებას ლამობს. 
რუსეთი სეირს უყურებს. ჩრდილოელმა მეზობელმა უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ვეტო არ დაადო, მაგრამ არც დაეთანხმა. პრეზიდენტი მედვედევი და პრემიერ-მინისტრი პუტინი კვლავინდებურად კარგი და ცუდი პოლიციელების როლებში არიან შეჭრილნი. რობინი მშვიდობიან მოსახლეობაზე ზრუნვას იწონებს, ბეტმენი კი ჩვეულებისამებრ დასავლეთის მოქმედებებს გმობს. 
ცხადი ისაა, რომ ლიბიის კამპანიასთან კოორდინაციას და სწორ კომუნიკაციას ახლოსაც არ ჩაუვლია. ანალიტიკოსები შიშობენ, რომ თუ სამხედრო მოქმედებები გაგრძელდა, მოკავშირეებს შორის უთანხმოება მოიმატებს. იმისთვის რომ ლიბიის კამპანია წარმატებით დასრულდეს, საჭიროა ლიდერი. ამ ფუნქციის საკუთარ თავზე აღება მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია, მაგრამ ამ ქვეყნის მეთაურს ლიდერობა არ სურს.

 

კომენტარები