საარჩევნო კანონდებლობის ცვლილებების პროექტი ხელისუფლებისგან

 პარტიებს შორის საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე პოლიტიკური კონსულტაციები გასულ კვირას ახალ ფაზაში შევიდა. ნაციონალურმა მოძრაობამ საარჩევნო რეფორმის საკუთარი ხედვა წარმოადგინა.

ინიციატივაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა მაჟორიტარების არჩევის სისტემის ცვლილებაა. ამ წინადადების თანახმად, იმ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 100 ათასზე მეტია, 1-ის ნაცვლად 2 დეპუტატი უნდა აირჩეს. ამით მაჟორიტართა მანდატების ჯამური რაოდენობა 10-ით გაიზრდება. 

ინიციატორთა თქმით, ცვლილება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის რეკომენდაციას პასუხობს – რომლის მიხედვითაც მაჟორიტართა მანდატები იმგვარად უნდა განაწილდეს, რომ ხმათა თანასწორობის პრინციპი არ დაირღვეს. მაჟორიტარული ოლქების ამომრჩეველთა რაოდენობას შორის 10, მაქსიმუმ 15-პროცენტიანი სხვაობაა დასაშვები. გამონაკლისი განსაკუთრებულ შემთხვევებში იქნება.
თუმცა, ხელისუფლების მიერ ინიცირებული გადაწყვეტილების მიღებით, 10-15- პროცენტიანი სხვაობის უზრუნველყოფა ვერ ხერხდება. მაგალითად გლდანის მაჟორიტარულ ოლქში, ორმანდატიანობის შემთხვევაში, ერთ მანდატზე 75 379 ამომრჩეველი მოდის. ეს მაშინ, როცა ბათუმის ოლქის ორმანდატიანად ქცევის შემდეგ, ერთი მანდატი 52 271 ამომრჩეველს მოიცავს. შესაბამისად, სხვაობა მათ შორის 30 პროცენტს აღემატება. აღარაფერს ვიტყვით იმ 20 ოლქზე (ადიგენი, ასპინძა, ლენტეხი, ცაგერი, ონი, ამბროლაური და ასე შემდეგ), სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 20 ათასზე ნაკლებია. გადაწყვეტილება ეუთოს მოთხოვნას ვერ პასუხობს. ამასთან –  ხელისუფლების მიერ ინიცირებული სამი ვარიანტიდან ორი პარლამენტართა რაოდენობის გაზრდას, ანუ 2003 წლის რეფერენდუმის შედეგების გადახედვას გულისხმობს. 
 
მაჟორიტარებთან დაკავშირებით, ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტის საფუძველზე, ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება დამოუკიდებელ კანდიდატებს აღუდგებათ. 
 
სახელისუფლებო პარტიის წინადადებებიდან ერთ-ერთი ცვლილება საარჩევნო სიების ბიომეტრიული საბუთების საფუძველზე შედგენაა. ეს სატესტო რეჟიმით მხოლოდ თბილისში, დონორების ფინანსებით მოხდება. ოპოზიციის მოლოდინების თანახმად, ბიომეტრიული მონაცემებით საარჩევნო სიის შედგენა დუბლირებების, მკვდარი სულებისა და გაყალბებების საფრთხეებს შეამცირებს. ნაციონალური მოძრაობა სიებთან დაკავშირებულ ინიციატივაზე 189 მილიონი ლარის გამოყოფას (ასე აფასებს ხელისუფლება არჩევნების ბიომეტრიული  მოწმობებით ჩატარების ხარჯს, ოპოზიციის გათვლით კი ეს თანხა 102.5 მლნ ლარია) არ თვლის მიზანშეწონილად. მაშინ, როცა ოფიციალური ინფორმაციით, 2011 წელს გზების დასაფინანსებლად საბიუჯეტო სახსრებიდან სულ 202 მილიონილარი იხარჯება, მოსახლეობის ამბულატორული მომსახურების ბიუჯეტი 27,1 მილიონი ლარია, უმაღლესი განათლების – 71,9 მილიონი ლარი, ავადმყოფთა და შეზღუდული შესაძლებლობების პირთა დაცვის – 10,7 მილიონი ლარი და ა.შ. 
 
ამასთანავე, მათ არგუმენტად მოჰყავთ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, 2010 წლის ივლისში, ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები. კვლევის მიხედვით, 2010 წლის არჩევნებზე ამომრჩეველთა 95% საარჩევნო სიასთან დაკავშირებულ პრობლემებს არ შეხვედრია. უკმაყოფილება მხოლოდ 4%-მა გამოხატა.  
 
საარჩევნო პროცესისთვის საჭირო ფინანსები, ვადები, ადამიანური რესურსი და შესაძლო ტექნიკური პრობლემები ხელისუფლების მთავარი არგუმენტებია. ამიტომ, მმართველი პარტიის წინადადება მხოლოდ თბილისს ეხება და, ამასთან, არ გულისხმობს ე.წ. ბიომეტრიულ კენჭისყრას (როცა ბიომეტრიული პარამეტრების იდენტიფიცირება უბანზე ფოტოთი ან თითის ანაბეჭდით ხდება). 
 
საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის მიერ წარმოდგენილი სხვა ინიციატივებია: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, არაგანზრახ დანაშაულისთვის 3 წლამდე მსჯავრდებული პირებისთვის კენჭისყრის უფლების მიცემა; ეუთოს რეკომენდაციის საფუძველზე  საარჩევნო ადმინისტრაციაში პარტიული წესით დანიშნული პირის გამოწვევის შეზღუდვის დაწესება; პარტიათა მიერ საარჩევნო სიების გადამოწმების პროცესის მხარდაჭერა; გადასატანი ყუთის მეშვეობით კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობაზე ზედა ზღვარის დაწესება (ამ დროს პრობლემად რჩება პირის არჩევნებში მონაწილეობის უფლების დაცვა); საარჩევნო კოდექსის დარღვევისას ფულადი ჯარიმების გაზრდა და ა.შ.
 
საარჩევნო დიალოგში მონაწილე ოპოზიციური რვიანი (ეროვნული ფორუმი, კონსერვატორები, საქართველოს გზა, ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკელები, ხალხის პარტია, მემარჯვენეები და ქრისტიან-დემოკრატები) საარჩევნო სიებთან დაკავშირებულ ინიციატივას იწონებენ, თუმცა მის მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელებას ითხოვენ. ამ თემების გარდა, მათ პრინციპულ საკითხებად ცესკოს დაკომპლექტების წესისა და საარჩევნო დავების ბოლო ინსტანციად სასამართლოს სპეციალური კოლეგიის შექმნა მიაჩნიათ, რაც ნაციონალების პაკეტში წარმოდგენილი არ არის. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე მომუშავე ჯგუფი ნაციონალების მიერ წარმოდგენილ წინადადებებზე დისკუსიას 23 მარტიდან დაიწყებს და საერთო პოზიციის ჩამოყალიბებასაც ამ პერიოდისთვის გეგმავს. 

კომენტარები