მთავრობის ფორმირება კიდევ ჭიანურდება

ერაყის პარლამენტმა რვათვიანი პოლიტიკური ჩიხის შემდეგ ახალი სპიკერისა და პრეზიდენტის არჩევა მოახერხა. ეს ქვეყნის ძირითად ძალებს შორის მიღწეული ე.წ. ძალაუფლების გამანაწილებელი ხელშეკრულების ერთ-ერთი პირობა გახლდათ.  თუმცა, ამ ხელშეკრულების ყველა პუნქტის შესასრულებლად და მთავრობის ჩამოსაყალიბებლად  ჯერ კიდევ რამდენიმე დაბრკოლების გადალახვაა საჭირო. 

მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, მოქმედი პრემიერ-მინისტრი ნური ალ მალიქი პოსტს კვლავაც ინარჩუნებს. იგი შიიტური პარტია სამართლებრივი სახელმწიფოს ლიდერია. პრეზიდენტის თანამდებობაზე პარლამენტმა ისევ ქურთი ჯალალ თალაბინი დაამტკიცა. იად ალავის სეკულარული, ზომიერი შიიტებისა და სუნიტების პოლიტიკური გაერთიანების, ერაყის ეროვნული მოძრაობის წევრს კი პარლამენტის სპიკერობა ერგო. გარდა ამისა, გათვალისწინებულია სტრატეგიული პოლიტიკის ეროვნული საბჭოს შექმნა, რომელსაც ალავი უხელმძღვანელებს. ახალ მთავრობაში შესაძლოა მისი ბლოკის წევრმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიც დაიკავოს. 
 
ერაყელ კანონმდებლებს აღნიშნული შეთანხმება 11 ნოემბრის საპარლამენტო სესიაზე უნდა მიეღოთ. სპიკერის არჩევის შემდეგ ალავის ბლოკმა საკანონმდებლო ორგანო დატოვა. მიზეზად ოპონენტების მიმართ უნდობლობა დაასახელეს. სამაგიეროდ ხელშეკრულების განხორციელებისთვის დამატებით საერთაშორისო გარანტიები მოითხოვეს. ერთ-ერთ წინაპირობად ისინი სტრატეგიული პოლიტიკის ეროვნული საბჭოს ფუნქციებისა და ძალაუფლების განსაზღვრას აყენებენ. გარდა ამისა, მათი პარტიის სამი წევრისთვის მთავრობაში მონაწილეობის უფლების აღდგენას ითხოვენ. ისინი სადამ ჰუსეინის ყოფილი პარტიის წევრები იყვნენ. არჩევნებამდე მიღებული სამართლიანობისა და ანგარიშვალდებულების კანონის მიხედვით კი, მათ მთავრობასა და უშიშროების სამსახურებში რაიმე თანამდებობის დაკავება ეკრძალებათ.
 
პარლამენტში დარჩენილმა 232-მა კანონმდებელმა პრეზიდენტი აირჩია. მოსალოდნელი იყო მთავრობის ფორმირების პროცესის დაწყებაც, თუმცა ეს მორიგი სესიებისთვის გადაიდო. ამ დღეებში პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს მთავრობის დაკომპლექტებას დაავალებს, რისთვისაც პრემიერს 30-დღიანი ვადა ექნება.
 
სუნიტების უკმაყოფილების ერთ-ერთ მიზეზად არჩევნების შედეგებთან შედარებით მათთვის მცირე ძალაუფლების მიღება შეიძლება დასახელდეს. 28 მარტის კენჭისყრის შედეგად, ალავის ბლოკმა 91, პრემიერის კოალიციამ კი 89 მანდატი მიიღო პარლამენტში. 325-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის მოსაპოვებლად ორივეს 163 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა. თავიდან წარმატებას ალავის უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა საბოლოოდ, მოქმედმა პრემიერმა შეძლო უპირატესობის მოპოვება. მან ქურთებისა და სხვადასხვა შიიტური ბლოკების მხარდაჭერა მოიპოვა. შიიტური პარტიებიდან აღსანიშნავია ალ-სადრის კოალიცია – ერაყის ეროვნული ალიანსი (39 მანდატი). იგი ანტიდასავლური პოზიციითა და ირანთან კავშირითაა ცნობილი. გავრცელდა ეჭვები, რომ სწორედ ირანელმა მაღალჩინოსნებმა შეიტანეს წვლილი მალიქის კოალიციის გარშემო შიიტების გაერთიანებაში.
 
შესაძლოა, სწორედ შიიტური რელიგიური ჯგუფების გავლენის მატებას უკავშირდება აშშ-ის თავდაცვის მდივნის რობერტ გეიტსის განცხადებაც. მისი თქმით, ვაშინგტონი მზადაა ოფიციალური ბაღდადის თანხმობის შემთხვევაში ჯარები 2011 წლის შემდეგაც დატოვოს ერაყში.
 
მეტიც, ალ-სადრის მალიქისკენ გადახრამ აშშ კიდევ უფრო გაააქტიურა. ბარაკ ობამამ პირადად სთხოვა ქურთების ლიდერს პრეზიდენტობა ალავისთვის დაეთმოთ, რაზეც უარი მიიღო. დაუდასტურებელი ცნობით, ქურთებს სანაცვლოდ სპიკერისა და ნავთობის მინისტრის პოსტებს სთავაზობდნენ. მართალია პრეზიდენტს კონსტიტუციის მიხედვით ცერემონიალური უფლებამოსილება აქვს, მაგრამ ქურთები ამ თანამდებობას ავტორიტეტულად მიიჩნევენ.
 
ქვეყანაში ძალაუფლების განაწილების მოლაპარაკებებში ქურთებმა დიდი როლი ითამაშეს. სწორედ ქურთების კოალიციის პოზიციამ (43 ადგილი პარლამენტში) შეცვალა ბალანსი პრემიერ-მინისტრობის პოსტზე მალიქის სასარგებლოდ. სანაცვლოდაც, ისინი ცენტრალური მთავრობისგან ქურთებით დასახლებული, ჩრდილოეთ ერაყის ტერიტორიების საკითხზე მნიშვნელოვან დათმობებს ელიან. მათ ამ ტერიტორიაზე არსებული ნავთობისა და გაზის რესურსების მოხმარებაში უფლებების გაზრდის დაპირება მიიღეს.

კომენტარები