ევროკავშირის ერთიანი საგარეო პოლიტიკა – რეალური პერსპექტივა?

„ვის შემიძლია სასაუბროდ დავურეკო ევროპაში?” – ჰენრი კისინჯერის ეს ფრთიანი ფრაზა კვლავაც აქტუალურია. სწორედ ამ საკითხის გადაჭრას ემსახურებოდა 2009 წლის დეკემბერში მიღებული ლისაბონის ხელშეკრულება. მას ხელი უნდა შეეწყო ევროკავშირის ერთიანი საგარეო პოლიტიკის შექმნისთვის. თუმცა, დაპირებები ჯერ კიდევ განუხორციელებელია. 

ევროკავშირის დაარსებიდან დღემდე მისი უმთავრესი პრობლემა ერთიანი საგარეო პოლიტიკის უქონლობა ან მინიმუმ მისი მოუქნელობაა. წევრი ქვეყნები საკუთარი სუვერენიტეტის დათმობისას ყველაზე მგრძნობიარენი სწორედ უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში არიან. ლისაბონის ხელშეკრულებით საერთაშორისო დონეზე ევროკავშირს ერთიანი ხმით საუბრის უნარი უნდა შეეძინა. ამისათვის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობაც შემოიღეს. ეს პოსტი პირველად, ნაკლებად ცნობილმა ბრიტანელმა პოლიტიკოსმა – ქეთრინ ეშტონმა დაიკავა. მანამდე, იგი ევროკავშირის სავაჭრო კომისარი იყო. ეშტონი კრიტიკის ობიექტი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ნაკლები გამოცდილების გამო გახდა; მას საგარეო უწყებაში საკუთარ ქვეყანაშიც კი არ უმუშავია. ქალბატონ ეშტონს ამპარტავნობაც დასწამეს, როდესაც იგი სექტემბერში ამერიკის შეერთებული შტატების ნაცვლად (ვაშინგტონში ისრაელ-პალესტინის მოლაპარაკებები იმართებოდა) ჩინეთში გაემგზავრა: ფრანგები ამბობდნენ, ეშტონმა თეთრ სახლში მეორე რიგში ჯდომას, ჩინეთის ლიდერთან თანაბარ პირობებში თანამშრომლობა ამჯობინაო.

ქეთრინ ეშტონის მიერ შესრულებულ საქმეთა ხარისხს მისი მოვალეობების მრავალფეროვნებაც ვნებს. იგი ერთდროულად სამ ფუნქციას ასრულებს: ევროპული საბჭოს საგარეო პოლიტიკის დესპანი (ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენელი), საგარეო ურთიერთობათა ევროკომისარი და ევროკავშირის საგარეო მოქმედების (დიპლომატიური) სამსახურის უფროსი.
 
საგარეო მოქმედებათა სამსახური ლისაბონის ხელშეკრულებით შეიქმნა. იგი ანგარიშვალდებულია ეშტონის წინაშე და ევროპელი დიპლომატებითაა დაკომპლექტებული. საგარეო პოლიტიკის ერთიანობისა და თანმიმდევრულობის გასაზრდელად წევრ სახელმწიფოებს ურთიერთშეთანხმებულად მოქმედება მოეთხოვებათ. ლისაბონის ხელშეკრულებით საგარეო და უსაფრთხოების საკითხებზე ერთსულოვანი გადაწყვეტილების მიღება კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპით ჩანაცვლდა. ამით, წევრი ქვეყნები ძნელად შეძლებენ გარკვეული ინიციატივების დაბლოკვას.

მიუხედავად ამგვარი ცვლილებებისა, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სისუსტე მკვეთრად გამოვლინდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში. წევრ ქვეყნებს შორის განსხვავებული პოზიციების გამო, ევროკავშირი დღემდე ვერ ახერხებს რუსეთზე სათანადო ზეწოლას, რათა მან 2008 წლის, ევროკავშირისვე შუამავლობით მიღებული, 6-პუნქტიანი შეთანხმება შეასრულოს.

ევროკავშირის საგარეო სტრატეგიის სისუსტეზე სექტემბერში ჩატარებული ევროპული სამიტიც მეტყველებს. შეხვედრაზე უნდა განეხილათ გაერთიანების ურთიერთობები ისეთ გლობალურ ძალებთან, როგორიცაა ამერიკა, რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთი. დებატები ეროვნულ დიპლომატებს შორის ყოველგვარი საერთო დოკუმენტის მიღების გარეშე დასრულდა. საბოლოო კომუნიკეს პირველადი ნიმუში ფაქტობრივად ცარიელი იყო და რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებას არ შეიცავდა.

დღეისათვის აქტიურად დაიწყო საუბრები ამერიკის ჰეგემონიის შემცირებასა და მულტიპოლარული მსოფლიოს ჩამოყალიბებაზე. ეს უკანასკნელი გულისხმობს საერთაშორისო სისტემაში რამდენიმე დომინანტი სახელმწიფოს არსებობას. ევროკავშირი ერთ-ერთ პოტენციურ ცენტრად მოიაზრება, თუმცა საერთო საგარეო პოლიტიკის უქონლობა ამის შესაძლებლობებს ამცირებს. ძველი კონტინენტი ამ ეტაპისთვის თვითონ არის მულტიპოლარული და ერთ სუბიექტად მისი გააზრება საკმაოდ ნაადრევია. ევროპელი ლიდერები პოზიციების გამყარებისა და ახალი როლის შეთვისების სხვადასხვა გზებს სთავაზობენ მოსახლეობას. ერთი ნაწილი მოითხოვს ევროკავშირის მხრიდან უფრო „ღირსეული” საგარეო პოლიტიკის წარმოებას. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კი ხსნას ეკონომიკის რეფორმირებასა და ევროპის პერიფერიების განვითარებაში ხედავს. მისი მოსაზრებით, თუ ევროპას გლობალურ ძალად გადაქცევა სურს, პირველ რიგში შიდა პრობლემებს უნდა მიხედოს.

რაც შეეხება კისინჯერის ცნობილ შეკითხვას – თითქოს პასუხი ეშტონის დანიშვნით გაცემულია. თუმცა მისი შესაძლებლობების ლიმიტიდან გამომდინარე, გამანაწილებელ ოპერატორად უფრო განიხილავენ, რომელიც შემოსულ ზარებს პარიზის, ლონდონის, მადრიდის და სხვა ქალაქების მიმართულებით უშვებს. მცირეა იმ საკითხთა ჩამონათვალი, რომლებსაც უმაღლესი წარმომადგენელი თვითონ გადაწყვეტს.

კომენტარები