ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურის ცნობით, ევროკავშირმა რვა პირს, რომლებიც რუსეთში პასუხისმგებელნი არიან “ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიული ოპოზიციის რეპრესიაზე, ასევე დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შერყევაზე,” სანქციები დაუწესა. განცხადების მიხედვით, სანქციები მიმართულია სასამართლო სისტემის წარმომადგენლების წინააღმდეგ.
“ახალი სანქციები მიმართულია სასამართლო სისტემის წარმომადგენლების წინააღმდეგ - 2 მოსამართლე, ერთი პროკურორი და ერთი გამომძიებელი - რომლებიც მონაწილეობდნენ პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო პროცესებში და პასუხისმგებელნი არიან რუსი აქტივისტების, დმიტრი სკურიხინისა და ოლეგ ბელოუსოვის, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით გასამართლებაზე. გარდა ამისა, დღეს შეთანხმებული ზომები ასევე ეხება სასჯელაღსრულების კოლონიებისა და წინასწარი პატიმრობის იზოლატორის ხელმძღვანელებს, სადაც პოლიტპატიმრები ალექსეი გორინოვი, პაველ კუშნირი, მიხეილ კრიგერი და ჟურნალისტი მარია პონომარენკო, რომლებიც საჯაროდ გამოდიოდნენ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის წინააღმდეგ და აკრიტიკებდნენ პუტინის რეჟიმს, იმყოფებოდნენ და ჰყავდათ მოთავსებული ერთადგილიან საკნებში, არაადამიანურ და დამამცირებელ პირობებში,” - წერია ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურის განცხადებაში.
სანქცირებულ პირებს დაეკისრათ აქტივების გაყინვა ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლასა და ტრანზიტით გავლაზე აკრძალვა. ასევე, ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ მათთვის ფინანსური რესურსების მიწოდება.





