ლინდსი გრემი

ლინდსი გრემი: ევროპას საკუთარი გუანტანამოს ციხე სჭირდება

AP

ამერიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სირიიდან ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების დაბრუნების საკითხზე ისაუბრა.

სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელმა სენატორმა ევროპის ქვეყნების ოფიციალურ პირებს მოუწოდა მიიღონ პატიმრები, კრიმინალური სასამართლოს გარეთ დაკითხვის სისტემა შეიმუშავონ და მათთვის გუანტანამოს ციხის ევროპული ვერსია შექმნან. წინააღმდეგ შემთხვევაში, გრემის თქმით, სირიის დემოკრატიული ძალები პატიმრებს ან გაათავისუფლებენ, ან დახოცავენ.

"თუ თქვენ ეწინააღმდეგებით გუანტანამოს ციხეს, უნდა შექმნათ საკუთარი დაწესებულება. ამ ხალხის უმეტესობა ევროპელია." "ევროპელები პროცესის კრიმინალიზებას ცდილობენ. ჩვენ ომში ვართ." "თუ მზად ხართ დაბომბოთ ისინი, იმისთვისაც უნდა იყოთ მზად, რომ ციხეში ჩასვათ." თქვა მან.

აშშ-ის მიერ მხარდაჭერილმა სირიის დემოკრატიულმა ძალებმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგებში მებრძოლი ევროპის მოქალაქეები დააპატიმრა. მათ ამჟამად ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 500-მდე მებრძოლი ჰყავს დაპატიმრებული, თუმცა გრემის თქმით ეს რიცხვი მალე ათასს მიაღწევს. მათ შორის არის "Beatles"-ის მეტსახელით ცნობილი 2 ბრიტანელი ტერორისტი, რომელთაც ბრალად დასავლელი მძევლების წამება ედებათ. გრემის თქმით ის ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდებს ეს ტერორისტები გუანტანამოს ციხეში მოათავსონ.

შეგახსენებთ, რომ კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა თქვა, რომ ხელი მოაწერა ბარაკ ობამას პოლიტიკის შებრუნებას გუანტანამოს ციხესთან დაკავშირებით. შესაბამისად, საპატიმრო აღარ დაიხურება.

გამოცემა Soufan Center-ის და გლობალური სტრატეგიული ქსელის კვლევის მიხედვით სამშობლოში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 5 600 მებრძოლი დაბრუნდა. მათ შორის საქართველოში ტერორისტული ორგანიზაციის 50 წევრი ჩამოვიდა. კვლევის მიხედვით, ამ ქვეყნებს ჯერ არ გაურკვევიათ, როგორ მოექცნენ ე.წ ისლამური სახელმწიფოს დაბრუნებულ წევრებს – ბევრი დააპატიმრეს, ზოგს კი შესაძლოა რეაბილიტაცია ჩაუტარდეს. თუმცა, რეაბილიტაციის პროცესი რთული დასაგეგმი და ჩასატარებელია.

კომენტარები