როგორც გამოცემა Ведомости რუსეთის ფასების ინდექსების ცენტრის (ЦЦИ) მონაცემებზე დაყრდნობით წერს, მიმდინარე წლის ივნისში რუსეთში ბელარუსიდან ბენზინის იმპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
გამოცემის მიხედვით, 1-იდან 25 ივნისამდე რუსეთში ბელარუსიდან 141 ათასი ტონის ოდენობის საწვავი შევიდა, რაც მთლიანად მაისის იმპორტზე დაახლოებით 2.4-ჯერ მეტია. შედარებისთვის, გასული წლის ივნისში იმპორტის მოცულობა 1000 ტონას შეადგენდა.
ЦЦИ-ის მონაცემებით, ბელარუსმა რუსეთისთვის საწვავის იმ მოცულობის მიწოდება დაიწყო, რომელიც წარსულში ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის ჰქონდა გამოყოფილი.
Ведомости-სთან საუბრისას ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ბელარუსიდან იმპორტირებული ბენზინის მოცულობის ზრდა რუსულ საწვავის ბაზარზე ვითარებას გააუმჯობესებს, თუმცა ბენზინის დეფიციტს სრულად ვერ დაფარავს.
Беларусь способна экспортировать 1,8–2 миллиона тонн бензина в год, тое есть около 150 —170 тысяч тонн в месяц, заявил «Ведомостям» эксперт по энергетике Кирилл Родионов.
ცნობისთვის, Reuters იტყობინებოდა, რომ ზაფხულში, როდესაც საწვავზე მოთხოვნა მაღალია, რუსეთში ბენზინის ყოველდღიური მოხმარება სულ მცირე 110 000 ტონას შეადგენს.
პარალელურად, შეგახსენებთ, რომ Reuters-ს ორი წყარო ნავთობინდუსტრიიდან უყვებოდა, რომ უკრაინის იერიშებით გამოწვეული დეფიციტის გამო რუსეთმა საწვავის იმპორტი ინდოეთიდან დაიწყო.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა კვირას მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე აღიარა, რომ უკრაინული დრონების დარტყმებმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში საწვავის დეფიციტი გამოიწვია, თუმცა განაცხადა, რომ რუსეთი ამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს.
Reuters-ის გამოთვლებითა და წყაროების ინფორმაციით, ივნისის პირველ ნახევარში ბელარუსიდან რუსეთში რკინიგზით მიწოდებული ბენზინის მოცულობა თითქმის სამჯერ გაიზარდა და 70 000 ტონას გადააჭარბა, მაისის პირველ ნახევართან შედარებით.
გასულ კვირას რუსეთის პარლამენტმა საგადასახადო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა, რომლებიც უკრაინული შეტევებით გამოწვეული საწვავის დეფიციტის შემცირებას ისახავს მიზნად. ცვლილებები ასევე საწვავის იმპორტის სუბსიდირებას ითვალისწინებს, რომლის ოდენობაც ინდოეთიდან მიწოდების ხარჯებსა და ფასებზე იქნება მიბმული.
ამასთან, კომპანია LSEG-ისა და Kpler-ის გემების გადაადგილების მონაცემების მიხედვით, ივნისში ინდოეთის მიერ რუსული ნედლი ნავთობის იმპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია - ინდოელმა გადამამუშავებლებმა რუსული ნავთობის შესყიდვები გაზარდეს, რათა ჰორმუზის სრუტის დახურვით გამოწვეული მიწოდების შეფერხებების გავლენა შეემსუბუქებინათ.




