New York Times-ის ანგარიშის მიხედვით, ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი, მამის, გარდაცვლილი ალი ხამენეის მსგავსად ირანს ერთპიროვნულად ვერ მართავს და ქვეყანაში ძალაუფლებას ნაწილობრივ ისლამური რევოლუციური გუშაგთა კორპუსის (IRGC) გენერლებზე ნაწილდება.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ხამენეისთან წვდომა "ამჟამად უკიდურესად რთული და შეზღუდულია... მას ძირითადად ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის გუნდი ჰყავს გარშემო, რომლებიც ომის დასაწყისში აშშ-ისრაელის ავიადარტყმების შედეგად მიღებულ დაზიანებებს მკურნალობენ".
NYT-ის ანგარიში ეფუძნება ინტერვიუებს მოქმედ და ყოფილ ირანელ ოფიციალურ პირებთან, ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის წევრებთან, მაღალი რანგის სასულიერო პირსა და იმ პირებთან, რომლებიც იცნობენ ხამენეისა და ქვეყნის მმართველობის სტრუქტურას.
აბდოლრეზა დავარი, ირანის ყოფილი პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჯადის ყოფილი მრჩეველი, გამოცემასთან საუბარში ამბობს, რომ უმცროსი ხამენეი - რომელიც მარტში თანამდებობის დაკავების შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა "ქვეყანას მართავს ისე, თითქოს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა" და "ის ხშირად ეყრდნობა საბჭოს წევრების რჩევებსა და ხელმძღვანელობას... ამ საბჭოს წევრები გენერლები არიან".
გამოცემას მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმირებული ოთხი მაღალი რანგის ირანელი ოფიციალური პირი უყვება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხამენეი მძიმედ დაიჭრა, ის გონებრივად საღად აზროვნებს. გამოცემა წერს, რომ ხამენეის ერთ ფეხზე სამჯერ გაუკეთდა ოპერაცია და ახლა პროთეზს ელოდება. მას ასევე ჩაუტარდა ოპერაცია ერთ ხელზე და ნელ-ნელა იღდგენს ფუნქციას. მისი სახე და ტუჩები მძიმედ არის დამწვარი, რაც საუბარს უძნელებს, განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა და დაამატეს, რომ საბოლოოდ მას პლასტიკური ქირურგია დასჭირდება.
სხვა ოფიციალური წყაროების თქმით, ხამენეი ვიდეო ან აუდიო მიმართვების გაკეთებისგან ამ დრომდე თავს იკავებს, რათა ქვეყნის ლიდერის როლში თავის პირველ საჯარო გამოსვლაში დასუსტებულად ან დაუცველად წარმოჩენა თავიდან აიცილოს.
ხამენეისთვის გზავნილები ხელით იწერება, კონვერტებში ილუქება და ადამიანური ჯაჭვის მეშვეობით გადაეცემა ერთი სანდო კურიერიდან მეორეს, რომლებიც ავტომობილებითა და მოტოციკლებით გადაადგილდებიან როგორც გზატკეცილებზე, ისე შემოვლით გზებზე, სანამ მის სამალავამდე მიაღწევენ. მის მითითებებსაც იგივე გზით აბრუნებენ უკან.
მისი დაზიანებების, უსაფრთხოების შეშფოთებისა და შეზღუდული წვდომის კომბინაციამ, გამოცემის ინფორმაციით, გამოიწვია ის, რომ მან ძალაუფლების ნაწილი IRGC-ის გენერლებს გადააბარა, რომლებიც ახლა ომის სტრატეგიასა და დიპლომატიურ საკითხებში გადაწყვეტილებებს იღებენ.





