Reuters, ევროპელ ოფიციალურ პირების ნაამბობსა და ნანახ დოკუმენტებზე დაყრდნობით, წერს, რომ გასულ წელს მოსკოვმა და პეკინმა ჩინეთში საიდუმლო სამხედრო წვრთნები ჩაატარეს, მათ შორის "ქიმიურ, რადიოლოგიურ და ბიოლოგიურ თავდაცვაზე".
ოფიციალური პირების სააგენტოს უყვებიან, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებულ ამ წვრთნებში რუსეთისა და ჩინეთის უმაღლესი რანგის გენერლები მონაწილეობდნენ. სააგენტო აღნიშნავს, რომ საიდუმლო წვრთნებში ასეთმა მაღალმა წარმომადგენლობამ ევროპაში შეშფოთება გამოიწვია, მიუხედავად იმისა, რომ პეკინი მსგავსი თანამშრომლობის არსებობას უარყოფს.
Reuters-ის მიერ ნანახ ერთ-ერთ გასაიდუმლოებულ რუსულ დოკუმენტში პირდაპირ არის ნახსენები 2025 წლის აგვისტოში თავდაცვის მინისტრ ანდრეი ბელოუსოვის მიერ საიდუმლო წვრთნების ჩატარების შესახებ გამოცემული ბრძანება.
დოკუმენტის თანახმად, ბელოუსოვის გადაწყვეტილების შესაბამისად, რუსეთის შეიარაღებული ძალების დელეგაცია ჩინეთში გაემგზავრა, რათა მონაწილეობა მიეღო ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის (PLA) სამხედრო ობიექტებზე ჩატარებულ სასწავლო პროგრამებში.
იმავე ანგარიშში აღწერილია ერთ-ერთი სასწავლო კურსი - პეკინის სამხედრო ობიექტზე 2025 წლის ნოემბერში ჩატარებული სამკვირიანი პროგრამა, რომელიც "რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის" საკითხებს ეძღვნებოდა.
ანგარიშში და კიდევ ერთ დოკუმენტში წარმოდგენილია ფოტოებიც, რომლებზეც ჩანს, რომ ჩინელი ინსტრუქტორი რუს სამხედროებს ლექციებს უტარებს, აჩვენებს ბირთვული რეაქტორის მაკეტს და ასწავლის "ქიმიურ დაზვერვას", "რადიაციულ დაზვერვას" და ვენტილაციის სისტემების დაბინძურებისგან დაცვის მეთოდებს.
რუსეთისა და ჩინეთის თავდაცვის სამინისტროებს Reuters-ის კითხვებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პეკინის რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით პოზიცია უცვლელი რჩება და დასძინა, რომ "აღნიშნული ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა". პეკინი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს და საკუთარ თავს სამშვიდობო შუამავლად წარმოაჩენს.
ცნობისთვის, გასულ თვეში Reuters-მა, ევროპული სადაზვერვო სამსახურებისა და სამხედრო დოკუმენტებზე დაყრნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2025 წლის ნოემბერში ჩინეთმა დაახლოებით 200 რუსი სამხედრო მოამზადა, რომელთაგან ნაწილი მოგვიანებით უკრაინაში მიმდინარე ომში ჩაერთო.
სააგენტო წერს, რომ რუსეთს უკრაინაში ოთხ წელზე მეტი ხნის საბრძოლო მოქმედებების შედეგად ფართო სამხედრო გამოცდილება დაუგროვდა, მაშინ როცა ჩინეთს, მიუხედავად მისი მრავალრიცხოვანი და ტექნოლოგიურად განვითარებული არმიისა, ათწლეულებია ომში მონაწილეობა არ მიუღია.
Reuters-ის მიერ ნანახ რუსულ შიდა სამხედრო ანგარიშებში აღნიშნულია როგორც სწავლების ძლიერი, ისე სუსტი მხარეები. ნანკინში ჩატარებული კურსის ერთ-ერთ ანგარიშში დადებითად არის შეფასებული აღჭურვილობის ხარისხი, სიმულატორების გამოყენება და ინსტრუქტორების მაღალი თეორიული მომზადება, თუმცა ცალკე ხაზგასმულია ჩინეთის საბრძოლო გამოცდილების ნაკლებობა.
Reuters-ის მიერ ნანახ ერთ-ერთ რუსულ სამხედრო დოკუმენტში ჩამოთვლილია ყველა მონაწილის, მათ შორის უფროსი ოფიცრების, ვინაობა, სამხედრო წოდება, დაბადების თარიღი, უწყებრივი კუთვნილება და უსაფრთხოების დაშვების დონე.
სიისა და მეორე სამხედრო დოკუმენტის მიხედვით, რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა რუსეთის სახმელეთო ჯარების მთავარსარდლის მოადგილე, გენერალ-პოლკოვნიკი, რუსტამ მურადოვი.
მეორე დოკუმენტის თანახმად, ერთ-ერთი კურსის გახსნაში მონაწილეობდა ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის სამხედრო აკადემიის ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი ლი ძინსუნი.
დოკუმენტების მიხედვით, ქალაქ ბენბუში ჩატარებულ სასწავლო კურსში მონაწილეობდა ასევე რუსეთის გენერალ-მაიორი, ვიტალი გერასიმოვი.




