რუსეთი-ჩინეთი

პუტინი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა. მას აეროპორტში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვან ი დახვდა. 

კრემლის განცხადებით, პუტინი პეკინში "კეთილმეზობლობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების" ხელმოწერის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ჩინეთის ლიდერის, სი ძინფინგის მიწვევით იმყოფება.

რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, მხარეები ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების შესახებ, დაახლოებით, 40 დოკუმენტს მოაწერენ ხელს, რომლებიც ინდუსტრიის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, მშენებლობის, ბირთვული ენერგეტიკის, განათლებისა და კინოს სფეროებს შეეხება. ასევე, პუტინი და სი ძინფინგი მონაწილეობას მიიღებენ "რუსეთისა და ჩინეთის საგანმანათლებლო წლის" გახსნის საზეიმო ცერემონიაში.

პუტინი და სი ძინფინგი ერთმანეთს 20 მაისს შეხვდებიან. შეხვედრის შემდეგ, ისინი მედიასთან კომენტარს გააკეთებენ.

კომენტარები