დროას ლიდერი ელენე ხოშტარია მადლობას უხდის ყველას თანაგრძნობისთვის და წერს, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ "სისტემა რუსულია" და მათთვის არ არსებობს უკანონობისა და არაადამიანურობის ფსკერი.
"პირველ რიგში, უღრმესი მადლობა ყველას თანაგრძნობისთვის.
განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ მაკა იოსელიანს. ძალიან ვაფასებ, რომ შეწუხდა და ამდენი დრო დამითმო.
დიდი მადლობა ანი ქავთარაძეს, ეკა ბესელიას, შოთა თუთბერიძეს, ჩემს დროელებს, ქალთა მოძრაობასა და თინა ბოკუჩავას.
ცალსახად და მკაფიოდ ვაცხადებ: თუ ჩემს კლინიკაში გადაყვანას დამოკიდებულს გახდიან ჩემს თხოვნა/მოთხოვნაზე, დაივიწყონ. არცერთ ვითარებაში ჩემგან თხოვნას არ მიიღებთ.
ექვსი თვის თავზე დიაგნოზამდე მიგიყვანეთ. ეხლა მიიღეთ გადაწყვეტილება და აიღეთ პასუხისმგებლობა.
ასევე, ხაზგასმით მინდა ვთქვა, ამ პროცესზე პასუხისმგებელია პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის მიმართულება. (ასეა მზიას, ზინოვკინას, ნინო დათაშვილისა და ყველა სხვა პატიმრის ჯანმრთელობის შემთხვევაში)
ნესტან ვერულაშვილის მიმართ გულწრფელად პრეტენზია არ გამაჩნია. მეტიც, პატივს ვცემ.
ძალიან მყარი არგუმენტები რომ არ მქონდეს, არ ვიტყოდი. რასაც ნამდვილად არ ვიტყვი ვინმე ურთმელიძეზე. მას კიდევ არაერთხელ მივუბრუნდებით და მივხედავთ.
P.S. ჩემი სრული მხარდაჭერა ტვ პირველს და ფორმულას. ეს საგანგაშო სიგნალია." - წერს ხოშტარია.
25 ივნისს, ექიმმა მაკა იოსელიანმა პენიტენციურ დაწესებულებაში ხოშტარია მოინახულა. მისი თქმით, ხოშტარიას გასინჯვა ბოლომდე ვერ მოხერხდა ძლიერი ტკივილების გამო, პაციენტს გაუჭირდა სამედიცინო მაგიდაზე დაწოლაც კი.
იოსელიანის განცხადებით, 2024 წლის დიაგნოზი არის რადიკალურად შეცვლილი, დამატებულია წვრილი სახსრები, ხერხემლის, კერძოდ მისი მნიშვნელოვანი ნაწილის გავა-თეძო სახსრის ანთება.
17 ივნისს ხოშტარიას ადვოკატმა განაცხადა, რომ ციხეში პარტია დროას ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
შოთა თუთბერიძის განცხადებით, კონსულტაცია გაიარეს თურქეთში ხოშტარიას მკურნალ ექიმებთან, რომელთა შეფასებითაც, "სათანადო მკურნალობის გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, ელენეს ჯანმრთელობას მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. მაგალითად, ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება".
ადვოკატის განცხადებას პენიტენციურმა სამსახურმა უპასუხა და დაწერა, რომ თუთბერიძის განცხადება დეზინფორმაციაა და ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა "რაიმე სახით ან ფორმით" არ გაუარესებულა.
უწყება წერს, რომ ხოშტარია ყველა სამედიცინო სერვისით სარგებლობს.
თავის მხრივ, პენიტენციურის განცხადებას ელენე ხოშტარიას პარტია დროამ უპასუხა.
პარტიის განცხადებით, ხოშტარიასთან კომუნიკაცია დაწესებულების ექიმმა და დირექტორმა ადვოკატის პრესკონფერენციის შემდეგ დაამყარეს. პარტია დროა პენიტენციურ სამსახურს ტყუილში ადანაშაულებს.
კახა კალაძის საარჩევნო ბანერის "დაზიანებისთვის" პარტია დროას ლიდერს ელენე ხოშტარიას 1 წლით და 6 თვით პატიმრობა 24 მარტს მიუსაჯეს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოიტანა.
ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა, რომლის გადახდაზეც უარი განაცხადა.





