სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმები მცირდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ივანიშვილის დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კირცხალიამ თავდაპირველად ისაუბრა მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით არსებულ ჯარიმებზე:
"სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ით გადაჭარბება ისჯება ჯარიმით 100 ლარის ოდენობით, ხოლო 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბება ჯარიმით 300 ლარის ოდენობით."
შემდეგ განაცხადა, რომ წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, "სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენსირებული და პროპორციული"
- 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის, ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;
- 30 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არა უმეტეს 40 კმ/სთ-ზე სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება 100 ლარის ოდენობით ჯარიმა;
- 40 კმ/სთ-დან 50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;
- ხოლო, 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება მაღალი სანქცია, 300 ლარის ოდენობით.
"აღსანიშნავია, რომ ეს მიდგომა უზრუნველყოფს სამართალდარღვევათა სიმძიმისა და დაკისრებული პასუხისმგებლობის პროპორციულობას, ხოლო მაღალი საზოგადოებრივი საფრთხის შემცველი ქმედებისთვის, კერძოდ, 50 კმ საათზე მეტი სიჩქარის გადაჭარბებისთვის მკაცრი სანქცია ძალაში რჩება.
აქვე მსურს აღვნიშნო, რომ ვაგრძელებთ დაკვირვებას პრევენციული მექანიზმის პრაქტიკაში განხორციელების კუთხით, რათა ერთის მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, ხოლო მეორე მხრივ ეს მექანიზმები იყოს პროპორციული, შესაბამისად, გაგრძელდება მოქმედი კანონმდებლობის სისტემური ანალიზი, რათა გამოვლინდეს ფორმები და სანქციები, რომლებიც საჭიროებს დამატებით მსჯელობას, ასეთის გამოვლენის შედეგად, საზოგადოებას ეტაპობრივად ეცნობება ცვლილებების შესახებ." - თქვა კირცხალიამ გამართულ ბრიფინგზე.





