კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის, ნიკა გვარამიას თქმით, ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა, რომ მოსამართლეს ამავე საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა შეესწავლა - რაზეც, მისივე განცხადებით, მოსამართლე თამარ მახარობლიძემ უარი თქვა.
"როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელს, მოსამართლეს პოზიტიური ვალდებულება აქვს, რომ როგორც კი ეჭვი გაჩნდება, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმოს [...] ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესია და მისი გამოსწორება სათანადო მკურნალობის გარეშე შეუძლებელია - მოსამართლის ჩარევა ამაში გვინდოდა. პენიტენციური დაწესებულების მხრიდან სრული უმოქმედობა მოსამართლის უმოქმედობით გაგრძელდა [...] მოსამართლემ თქვა, არანაირი წინაპირობა არ მაქვს, რომ ეს უფლებამოსილება განვახორციელოო. მას მინიმუმ შეკითხვის დასმა და წერილის გაგზავნაც კი დაეზარა". - თქვა გვარამიამ, რომელმაც სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა.
გვარამიამ ასევე თქვა, რომ თუ ელენე ხოშტარია არ გათავისუფლდება, საპროტესტო აქციებს "უნდა ველოდოთ".
"საპროტესტო აქციებს უნდა ველოდოთ. მისი მიზანი კომპეტენტური ორგანოებისთვის იმდენად მძიმე დისკომფორტის შექმნა იქნება, რომ ისინი ვაიძულოთ, კანონით და ადამიანობით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღონ [...] ჩემი სურვილია, ეს მხოლოდ რუსთაველის გამზირზე არ იყოს და იყოს იმ ადგილებზეც, სადაც ასეთი გადაწყვეტილება მყისიერად უნდა მიიღებოდეს. ელენე უნდა გათავისუფლდეს, ესაა ჩვენი მოთხოვნა". - თქვა გვარამიამ.
რეჟიმის პატიმრის, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ადვოკატის თქმით, ციხეში ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
შოთა თუთბერიძის განცხადებით, კონსულტაცია გაიარეს თურქეთში ხოშტარიას მკურნალ ექიმებთან, რომელთა შეფასებითაც, "სათანადო მკურნალობის გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, ელენეს ჯანმრთელობას მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. მაგალითად, ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება".
ადვოკატის განცხადებას პენიტენციურმა სამსახურმა უპასუხა და დაწერა, რომ თუთბერიძის განცხადება დეზინფორმაციაა და ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა "რაიმე სახით ან ფორმით" არ გაუარესებულა.
უწყება წერს, რომ ხოშტარია ყველა სამედიცინო სერვისით სარგებლობს.
თავის მხრივ, პენიტენციური სამსახურის განცხადებას ელენე ხოშტარიას პარტია დროამ უპასუხა.
პარტიის განცხადებით, ხოშტარიასთან კომუნიკაცია დაწესებულების ექიმმა და დირექტორმა ადვოკატის პრესკონფერენციის შემდეგ დაამყარეს. პარტია დროა პენიტენციურ სამსახურს ტყუილში ადანაშაულებს.
შეგახსენებთ, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის "დაზიანებისთვის" პარტია დროას ლიდერს ელენე ხოშტარიას 1 წლით და 6 თვით პატიმრობა 24 მარტს მიუსაჯეს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოიტანა.
ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა, რომლის გადახდაზეც უარი განაცხადა.




