თურქეთში, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ტრაპიზონის მახლობლად, ჩამოვარდა და აფეთქდა უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც, ადგილობრივი მედიის წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა უკრაინული ყოფილიყო.
ინციდენტი 1 ივლისს ზღვისპირა მუნიციპალიტეტ აჩიქალანში, რომელიც ტრაპიზონის დასავლეთით მდებარეობს, მოხდა. დრონი ხეს შეეჯახა და აფეთქდა, რის შემდეგაც მისი ნამსხვრევები გზაზე ჩამოცვივდა. ადგილობრივების შეტყობინების შემდეგ შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ და ნამსხვრევები ექსპერტიზისთვის წაიღეს.
წინასწარი შეფასებით, უპილოტო აპარატს დაახლოებით 5 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება გადაჰქონდა. თურქული მედია წერს, რომ სამართალდამაცვების ვარაუდით, დრონი შესაძლოა უკრაინული წარმოშობის იყოს, თუმცა გამოძიება გრძელდება.
თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, ცნობილი მონაცემებით, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი თურქეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
ცნობისთვის, რუსული რადიო-ელექტრონული ბრძოლის სისტემების ზემოქმედების შედეგად ე.წ. "გზააბნეული" უკრაინული დრონები მესამე ქვეყნების საჰაერო სივრცეში აქამდეც არაერთხელ აღმოჩენილა.




