ირანი-საქართველო

ნეთანიაჰუს ყოფილი მრჩეველი საქართველოში პროირანულ ქსელზე სტატიას აქვეყნებ

ისრაელის საწინააღმდეგო აქცია მარნეულში
Aktual.ge

Israel Hayom პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან იმიგრაციის საკითხში ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ყოფილი მრჩევლისა და ჟურნალისტის, არიელ ბულშტეინის სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ავტორი ჰადსონის ინსტიტუტის კვლევაზე დაყრდნობით საქართველოში პროირანული ქსელის არსებობას განიხილავს. 

როგორც ბულშტეინისთვის მიცემულ ინტერვიუში კვლევის თანაავტორი და ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლუკ კოფი ამბობს, თუკი ქართულ ოცნებას ტრამპის ადმინისტრაციისთვის სერიოზული სიგნალის გაგზავნა სურს, ამ ქსელების წინააღმდეგ რეალური ნაბიჯები უნდა გადადგას. 

"თუ ქართულ ოცნებას ტრამპის ადმინისტრაციისთვის სერიოზული სიგნალის გაგზავნა სურს, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ ქსელების წინააღმდეგ ხილული მოქმედება უნდა ვიხილოთ - არა რაიმე უბრალო სიმბოლური ჟესტი, არამედ მათი ნამდვილი და სრული დემონტაჟი, რადგან პროირანული ქსელების არსებობა არც ამერიკულ ინტერესებს და არც საქართველოს საკუთარ ინტერესებს არ ემსახურება". - თქვა კოფიმ. 

პარალელურად, კოფიმ ხაზი გაუსვა, რომ ქართული ოცნება ირანელი აგენტების წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმის ნაცვლად კვლევის თანაავტორის, გიორგი კანდელაკის წინააღმდეგ საქმის აღძვრით იმუქრება. მანვე დაამატა, რომ ტრამპი ქვეყნის შიგნით ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) თავისუფლად მოქმედებას არ მოითმენს. 

"შეშფოთებული ვარ, რომ ამ ეტაპზე ხელისუფლება საპირისპიროს აკეთებს. ირანელი აგენტების წინააღმდეგ ზომების მიღების ნაცვლად ისინი ჩვენს ანგარიშზე არიან გაბრაზებულები და ჩემი თანაავტორის, გიორგი კანდელაკის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებით და საქმის აღძვრით იმუქრებიან. ქართულმა ოცნებამ უნდა გაიგოს, რომ პრეზიდენტი ტრამპი არ მოითმენს სიტუაციას, რომელშიც IRGC ქვეყნის შიგნით თავისუფლად მოქმედებს და იბირებს ხალხს. ჩვენი ანგარიში გამომაფხიზლებელი უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ირანი რეგიონში მადესტაბილიზებელი ძალაა. საქართველოს ხელისუფლება მისი მიგნებებით შეშფოთებული უნდა იყოს". - თქვა კოფიმ. 

როგორც ბულშტეინი აღნიშნავს, "მიიჩნევა, რომ ქართული სამგზავრო დოკუმენტები მთლიან პოსტსაბჭოთა სივრცეში საუკეთესოთა შორისაა" და "საქართველოს მოქალაქეები დასავლეთის ქვეყნებისა და ისრაელის საზღვრებთან ნაკლებ ეჭვს ბადებენ და ნაკლები სავიზო შეზღუდვა აქვთ, ვიდრე ირანის ან ლიბანის პასპორტების მქონე პირებს". კოფისა და ბულშტეინის თქმით, ეს გარემოება ირანს ესმის და მას სტრატეგიულად იყენებს. 

სტატიაში ხაზგასმულია ნიუ-იორკსა და ათენში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების საქმეები - აშშ-ში საქართველოს მოქალაქე, ფოლად ომაროვი ირანელ-ამერიკელი ჟურნალისტის, მასიჰ ალინეჯადის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს, ხოლო საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე ამერიკული საზღვაო სამხედრო ობიექტების დაზვერვის ბრალდებით დააკავეს.

როგორც კოფიმ ასევე აღნიშნა, თუკი აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქება იქნება გათვალისწინებული, არსებობს საფრთხე, რომ თეირანი დამატებით რესურსებს, მათ შორის, საქართველოში პროირანული ქსელის გასაძლიერებლად გამოიყენებს. 

ამასთან, ინტერვიუში კოფიმ ხაზი გაუსვა, რომ "იმას, რასაც ირანი საქართველოში აკეთებს, აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს". 

"საქართველოში ირანის ჩართულობა მის გავლენას სამხრეთ კავკასიაში აფართოებს, რეგიონში, რომელიც ევროპისთვის უფრო და უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე წვდომის თვალსაზრისით და ასევე აშშ-ს ადმინისტრაციის ახლანდელი სტრატეგიული პრიორიტეტების თვალსაზრისით". - თქვა კოფიმ. 

გარდა ამისა, ნეთანიაჰუს ყოფილ მრჩეველთან საუბრისას კოფიმ თქვა, რომ ისრაელმა ამერიკელ პარტნიორებთან ერთად უნდა იმუშაოს, რათა აშშ-სა და ქართულ ოცნებას შორის დიალოგში პროირანული ქსელის საკითხი არაორაზროვნად გადაწყდეს.

"ისრაელმა მწარე გამოცდილებით ისწავლა, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც ირანულ ინფრასტრუქტურას ჩარევის გარეშე განვითარების საშუალება ეძლევა. საქართველომ ახლა მიაღწია მომენტს, როდესაც ეს გაკვეთილი მისთვის უშუალოდ აქტუალურია. ისრაელმა დაზვერვის სფეროში, კონგრესსა და ადმინისტრაციაში თავის ამერიკელ პარტნიორებთან უნდა იმუშაოს, რათა უზრუნველყოს, რომ ქართულ ოცნებასთან მიმდინარე დიალოგში IRGC-ის გარეგანი ქსელები მკაფიოდ იქნება განხილული". 


შეგახსენებთ, რომ 7 მარტს სუს-მა გამოკითხვაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერი, გიორგი კანდელაკი და გივი თარგამაძე დაიბარა. 

სავარაუდოდ, სუს-ს კითხვები ჰადსონის ინსტიტუტის კვლევასა და პოლიტიკოსების მიერ მედიაში გაკეთებულ განცხადებებზე აქვს. გუშინ გახდა ცნობილი, რომ ამასთან დაკავშირებით უწყებამ გამოძიება დაიწყო. 

3 მარტს "ჰადსონის ინსტიტუტმა" გამოაქვეყნა კვლევა სათაურით "საქართველოს ირანისკენ შებრუნება: თეირანის გავლენის სწრაფი გაფართოება ერთ დროს აშშ-ის ერთგულ მოკავშირეში". კვლევის ავტორები არიან საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერი, გიორგი კანდელაკი და ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლუკ კოფი.

კვლევაში წერია, რომ "საქართველოში ირანის პოლიტიკური, რელიგიური, ეკონომიკური და კულტურული გავლენა მკვეთრად გაიზარდა, უკვე სისტემური გახდა და ქართული საზოგადოების გარკვეულ სეგმენტებში ღრმად არის გამჯდარი. [...] საქართველოს ირანისკენ გადახრა უფრო ფართო გეოპოლიტიკური გადალაგების ნაწილია, რომელიც მოსკოვთან დაახლოებასაც მოიცავს. ეს ცვლილება ასევე ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, იურიდიულ ზეწოლას ახდენს პროდასავლურ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე და არღვევს ტრადიციულ პარტნიორულ ურთიერთობებს დასავლეთთან".

როგორც ტაბულას უწყებაში უთხრეს, ამ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლითაა დაწყებული, რაც  უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისიწნებს. მათივე ცნობით, თუ სხვა გარემოებები გამოიკვეთება მუხლი გადაკვალიფიცირდება.

"ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ, საჯაროდ, არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და მათ შორის, იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით.

ყურადღებით ვაკვირდებით და ვსწავლობთ როგორც ფაქტობრივი მოცემულობის საწინააღმდეგო ამ განცხადებების შინაარსს, აგრეთვე მათი ავტორების მოტივაციას, დაადანაშაულონ საქართველო მსგავს საკითხებში, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ასეთი განცხადებების არცერთ ავტორს სამართალდამცველებისთვის არასდროს არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებია. დაწყებულია გამოძიება და განცხადებების ავტორებს დაესმებათ კითხვები ყველა მიმართულებით, მათ შორის, საშუალება მიეცემათ გამოძიების ფარგლებში მაინც მიუთითონ რაიმე კონკრეტული ფაქტის შესახებ." - უთხრეს სუს-ში ტაბულას. 

კომენტარები