ირანი-საქართველო

მედია: ირანმა მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე მიიწვია

გამოცემა Aktual.ge წერს, რომ მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად თეირანში მიიწვიეს, თუმცა, ადმინისტრაცია ჯერჯერობით არ ადასტურებს, აპირებს თუ არა ყაველაშვილი ირანში გამგზავრებას.

Aktual.ge-ს ინფორმაციით, 9 ივლისს დაგეგმილ ცერემონიაზე, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, თურქმენეთის, პაკისტანის, სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციებიც არიან მიწვეულნი.

ჯერჯერობით ირანში დელეგაციის გაგზავნა ოფიციალურად მხოლოდ პაკისტანის პრემიერმინისტრმა დაადასტურა. ხოლო აზერბაიჯანულ მედიაში წერენ, რომ ქვეყნის დელეგაციას პარლამენტის სპიკერი გაუძღვება.

ცნობისთვის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონია 4 ივლისს თეირანში დაიწყება 9 ივლისს ქალაქ მეშჰედში ხამენეის დაკრძალვით დამთავრდება.

თებერვლის ბოლოს აშშ-მ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ერთობლივად წამოიწყეს მასშტაბური საჰაერო იერიშების კამპანია. 28 თებერვალს მიტანილი პირველადი დარტყმების შედეგად ისრაელმა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, და კიდევ 40-მდე სამხედრო მეთაური და მაღალჩინოსანი მოკლა. 

მას შემდეგ ირანში ახალ უზენაეს ლიდერად ალის შვილი, მოჯთაბა ხამენეი აირჩიეს, რომელიც, დაზიანებების მიუხედავად, საჰაერო იერიშს გადაურჩა. თუმცა, მოგვიანებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოჯთაბა ირანს ერთპიროვნულად ვერ მართავს და მის ნაცვლად გადაწყვეტილებებს IRGC-ის გენერლები იღებენ.

კომენტარები