შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

პრიორიტეტია ხის ავეჯი, ქსოვილები – რუსთაველის სამეცნიერო ფონდი საგრანტო კონკურსს აცხადებს

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ცნობით, "მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივ საგრანტო კონკურსს" აცხადებენ. ფონდის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საგრანტო კონკურსის პრიორიტეტული თემატური მიმართულებებია: ხე-ტყის, ხის ნაკეთობებისა და ავეჯის წარმოება; ტანსაცმლის, ტყავის, ფეხსაცმლისა და ქსოვილების წარმოება

"აღნიშნული თემატური მიმართულებები ეფუძნება საქართველოს მთავრობის 2024 წლის 28 ოქტომბრის №374 დადგენილებით დამტკიცებულ "2024–2030 წლების ევროკავშირის ჭკვიანი სპეციალიზაცია (S3) იმერეთისთვის" განხორციელების 2024–2026 წლების სამოქმედო გეგმას" - წერს სამეცნიერო ფონდი. 

სამეცნიერო ფონდის განცხადებით, "კონკურსის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია ფართო საზოგადოებაში, საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაშუქება, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში და საქართველოში საუკეთესო, გამორჩეული სამეცნიერო კვლევითი პროგრამებისა და პროექტების, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება".

საკონკურსო პირობების თანახმად, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია როგორც ფიზიკურ პირთა ჯგუფს, ისე ორგანიზაციებს; საკონკურსო პროექტის ხანგრძლივობა შესაძლებელია იყოს მინიმუმ სამი თვე და მაქსიმუმ ერთი წელი, ასევე, პროექტისთვის ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 15 000 ლარს. 

ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა კონკურსი 22 მაისს გამოაცხადა, განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 25 ივნისის 18:00 საათი. 

კომენტარები