რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ რუსეთის ქალაქ იაროსლავლზე დრონებით იერიში მიიტანა და სამრეწველო ობიექტს დაარტყა

Astra / Telegram

19 მაისის ღამის საათებში უკრაინამ რუსეთის ქალაქ იაროსლავლზე დრონებით იერიში მიიტანა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა მოხდა და რომ დრონი სამრეწველო ობიექტს დაეცა. 

"ჩვენს რეგიონზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა მოხდა. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, იაროსლავლიდან მოსკოვისკენ ყოველგვარი მოძრაობა შეჩერებულია." – განაცხადა იაროსლავლის ოლქის გუბერნატორმა, მიხაილ იევრაიევმა. 

ამასთან, რუსული ტელეგრამ-არხ Astra-მ ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით დაწერა, რომ იაროსლავლში აფეთქებების ხმა ისმოდა. თავის მხრივ, მოგვიანებით იევრაიევმა ისიც დაადასტურა, რომ სამრეწველო ობიექტზე დრონებით თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა. 

"უპილოტო საფრენი აპარატების უმეტესობა ჩამოგდებულია, მაგრამ სამრეწველო ობიექტზე დარტყმა მოხდა. მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ," აღნიშნა მან და დაამატა, რომ შედეგად არავინ დაშავებულა, ხოლო მოსკოვისკენ მოძრაობა აღდგა. 

უკრაინული ტელეგრამ-არხ Supernova+-ს ინფორმაციით, იერიშის ფარგლებში უკრაინამ Yaroslavl-3-ის ნავთობსატუმბ სადგურს დაარტყა, თუმცა, ეს ცნობა ჯერჯერობით ოფიციალურად დადასტურებული არ არის. 

კომენტარები