გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, გასულ კვირას ჩინეთში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალური ვიზიტის დროს ჩინეთის ლიდერმა, სი ძინფინგმა, ტრამპს უთხრა, რომ ვლადიმირ პუტინმა შესაძლოა, საბოლოოდ უკრაინაში შეჭრა ინანოს.
პეკინის სამიტთან დაკავშირებით ამერიკული მხარის შეფასებებზე ინფორმირებული პირების თქმით, ჩინეთის პრეზიდენტმა ეს კომენტარი ზოგადი მოლაპარაკებების დროს გააკეთა, რომელიც უკრაინის საკითხსაც შეეხო და რომლის ფარგლებშიც ტრამპმა სის ასევე შესთავაზა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წინააღმდეგ სამ ლიდერს შორის თანამშრომლობაა შესაძლებელი.
აღნიშნული ინფორმაცია ვრცელდება იმ ფონზე, როცა ვლადიმირ პუტინი 19 მაისს ჩინეთში ჩასვლისთვის ემზადება, სადაც სი ძინფინგს შეხვდება და სამიტის ფარგლებში ორი ქვეყნის ლიდერები რიგ დოკუმენტებს მოაწერენ ხელს.
როგორც Financial Times წერს, წარსულში სი ძინფინგს პუტინის მხრიდან 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების გადაწყვეტილების შესახებ მსგავსი კომენტარი არ გაუკეთებია. ჯო ბაიდენსა და სის შორის გამართულ შეხვედრებზე ინფორმირებული ერთ-ერთი პირის თქმით, ლიდერებს შორის რუსეთ-უკრაინის საკითხზე "მოკლე და პირდაპირი" საუბრები იმართებოდა, თუმცა, ჩინეთის პრეზიდენტი ომთან ან პუტინთან დაკავშირებით აშშ-ს პრეზიდენტს საკუთარ შეფასებას აქამდე არ უზიარებდა.
ამას გარდა, FT-ს ინფორმირებული წყაროების მიხედვით, ჩინეთში ვიზიტის დროს ტრამპმა სი ძინფინგს შესთავაზა, რომ აშშ-მ, ჩინეთმა და რუსეთმა ICC-ის წინააღმდეგ უნდა ითანამშრომლონ, რადგან, მისი თქმით, ამ მხრივ ინტერესთა თანხვედრა არსებობს.




