რუსეთი

რას ნიშნავს შეთანხმება, რომელსაც ოცნებაც ოკუპირებული ცხინვალის ანექსირების ნაბიჯად აფასებს

ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტი ლიდერი, ალან გაგლოევი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი
POOL

9 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტმა ლიდერმა, ალან გაგლოევმა მოსკოვში მოკავშირეობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შეთანხმება უკვე რატიფიცირებულია რუსეთის დუმის მიერ.

"რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება" 16 მუხლისგან შედგება და მიზნად ოკუპირებული ცხინვალის მოჩვენებითი "დამოუკიდებელი" საკანონმდებლო სივრცის მოშლასა და რუსეთის ფედერაციის საკანონმდებლო ბაზაზე გადაწყობას ისახავს.

საგანგაშოა ხელშეკრულების მეორე მუხლი, რომლის მიხედვითაც რუსეთის მოქალაქეებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო და მუნიციპალური თანამდებობების დაკავება შეეძლებათ. იგივე შესაძლებლობა ექნებათ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებსაც რუსეთში.

ასევე აღსანიშნავია ხელშეკრულების მესამე მუხლი - "მხარეები თანაბრად აღიარებენ და იცავენ საკუთრების ყველა ფორმას და უზრუნველყოფენ მოქალაქეთა თანაბარ უფლებებს ქონების შეძენის, ფლობის, გამოყენებისა და განკარგვის საკითხებში". აღნიშნული მუხლი რუსეთის მოქალაქეებს ოკუპირებულ ცხინვალში ნებისმიერი ქონების, მათ შორის მიწის, ყიდვისა და საკუთრებაში ფლობის საშუალებას აძლებს.

ხელშეკრულების მერვე მუხლი "მხარეებს" სამოქალაქო და ეკონომიკური კანონმდებლობების "ჰარმონიზაციას" ავალდებულებს, რაც სავარაუდოდ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსულ საკანონმდებლო ბაზაზე გადაყვანას გულისხმობს. 

"მხარეები გადადგამენ ნაბიჯებს ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნის, მოქალაქეთა კეთილდღეობისა და ცხოვრების დონის ამაღლების მიზნით. ამ მიზნებისთვის მოხდება ეკონომიკური საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის, მათ შორის სამოქალაქო და საგადასახადო კანონმდებლობის, ჰარმონიზაცია გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით" - ნათქვამია ხელშეკრულების მერვე მუხლში.

სხვა მუხლების მიხედვით, "მხარეები" იმავე "ჰარმონიზაციის" პროცესს გაივლიან თავდაცვის, საგარეო პოლიტიკის, ენერგეტიკის, საერთაშორისო ტრანსპორტისა და სოციალური პროგრამების საკითხებშიც.

აღნიშნული ხელშეკრულება ანექსირების მცდელობად შეფასდა, როგორც ოპოზიციის ნაწილის, ასევე ოცნების მიერ.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ რუსეთი აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების უგულვებელყოფას და დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ. 

კომენტარები