რუსეთი

ტრამპის ვიზიტის დასრულებიდან რამდენიმე დღეში ჩინეთში პუტინი ჩავა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის ლიდერი სი ძინფინგი  
REUTERS    

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა 14 მაისს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ვიზიტი ჩინეთში ძალიან მალე შედგება და მისთვის მზადება უკვე დასრულებულია.

"ჩვენ ძალიან, ძალიან მალე გავაკეთებთ ოფიციალურ განცხადებას. ვინაიდან ამას ჩვენს ჩინელ მეგობრებთან შეთანხმებით ვაკეთებთ, უბრალოდ არ გვინდა, რომ ადრეულად ვთქვათ," - განაცხადა პესკოვმა

ამას გარდა, South China Morning Post წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პუტინი აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩინეთში ვიზიტის დასრუდებიდან სულ რამდენიმე დღეში, 20 მაისს ჩავა პეკინში.

SCMP-ს ინფორმაციით, პუტინის ვიზიტი არ ითვალისწინებს ისეთ გრანდიოზულ დახვედრას და ღონისძიებებს, რომლებიც ტრამპის ჩასვლისთვის იყო დაგეგმილი. გამოცემის ცნობით, შეხვედრა ერთდღიანი იქნება და ჩინეთსა და რუსეთს შორის რუტინულ გარიგებებსა და საკითხებს შეეხება.

ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინეთს ორი სუპერძალის ლიდერები ერთი თვის მანძილზე ესტუმრებიან და ასევე პირველი შემთვევა, რომ დროის ასეთი მოკლე პერიოდის განმავლობაში, ქვეყანას გაეროს 4-ვე სხვა მუდმივი წევრი ეწვევა. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პეკინს დეკემბერში ეწვია, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი კი - იანვარში.

ტრამპმა, რომელიც ჩინეთს ბოლოს 2017 წელს ეწვია, ვიზიტი 15 მაისს დაასრულა.

ჩინეთის ლიდერმა, სი ძინფინგმა ვიზიტი "ისტორიულად და გარდამტეხად" შეაფასა და განაცხადა, რომ ორმა ლიდერმა თავიანთ ქვეყნებს შორის "კონსტრუქციული, სტრატეგიული და სტაბილური ურთიერთობის ახალი ჩარჩო" ჩამოაყალიბა. ხოლო ტრამპმა განაცხადა, რომ ვიზიტი "ძალიან წარმატებული, მსოფლიო მნიშვნელობის და დაუვიწყარი" იყო.

 

კომენტარები