ტრამპის ვიზიტი ჩინეთში

სი ძინფინგმა ტრამპი გააფრთხილა, რომ ტაივანის საკითხმა შესაძლოა, კონფლიქტი გამოიწვიოს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩინეთის ლიდერი სი ძინფინგი პეკინში, 14 მაისი, 2026
Brendan Smialowski/AFP via Getty Images

პეკინში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგს შორის შეხვედრა გაიმართა, რის ფარგლებშიც ჩინეთის ლიდერმა ტრამპს უთხრა, რომ სავაჭრო მოლაპარაკებებზე პროგრესი შეინიშნება, თუმცა, მისი თქმით, ტაივანის საკითხზე უთანხმოებამ შესაძლოა, აშშ-ჩინეთის ურთიერთობების სახიფათო განვითარება გამოიწვიოს და საქმე კონფლიქტამდეც კი მივიდეს.

შეხვედრის დროს სიმ განაცხადა, რომ ორმა ქვეყანამ ერთად უნდა იმუშაონ, რათა მზარდად "რთულ და ტურბულენტურ მსოფლიოს" გაუმკლავდნენ: "ჩვენ პარტნიორები უნდა ვიყოთ და არა – მოწინააღმდეგეები. 

თავის მხრივ, ტრამპმა აღნიშნა, რომ ჩინეთში მისი ორდღიანი ვიზიტი "შესაძლოა, ისტორიაში უდიდესი სამიტი" იყოს და ჩინეთის პრეზიდენტს "დიდებული ლიდერი" უწოდა. 

შეხვედრამდე დონალდ ტრამპს ნათქვამი ჰქონდა, რომ ჩინეთის პრეზიდენტის მიმართ მისი პირველი მოთხოვნა აშშ-ს ინდუსტრიისთვის ჩინური ბაზრის "გახსნა" იქნებოდა. 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტრამპთან შეხვედრისას სიმ თქვა, რომ 13 მაისს აშშ-ჩინეთმა სამხრეთ კორეაში ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებზე გამართულ მოლაპარაკებებზე "ზოგადად დაბალანსებულ და პოზიტიურ შედეგებს" მიაღწიეს. 

ამასთანავე, ჩინეთის სამთავრობო მედია Xinhua-ს ინფორმაციით, სიმ ასევე მკაფიოდ განაცხადა, რომ ტაივანის გამო შესაძლოა, მხარეებს შორის ურთიერთობა გაუარესდეს: "არასათანადო მიდგომის შემთხვევაში, ორი ქვეყანა ერთმანეთს შეეჯახება, რითაც აშშ-ჩინეთის ურთიერთობა უკიდურესად სახიფათო ვითარებაში აღმოჩნდება," თქვა სი ძინფინგმა ტაივანთან დაკავშირებით.

Xinhua-ს მიხედვით, ტაივანის გარდა ლიდერებმა სავაჭრო ურთიერთობები, ახლო აღმოსავლეთი, უკრაინა და კორეის ნახევარკუნძული განიხილეს.

მოგვიანებით ცის ტაძართან სი ძინფინგთან სურათების გადაღების დროს დონალდ ტრამპს რეპორტიორმა ჰკითხა, განიხილა თუ არა მან ჩინეთის ლიდერთან ტაივანის საკითხი, რაზეც აშშ-ს პრეზიდენტს კომენტარი არ გაუკეთებია.

ტრამპსა და სის შორის წინა შეხვედრა გასული წლის ოქტომბერში სამხრეთ კორეაში გაიმართა, სადაც ისინი სავაჭრო ომის დაპაუზებაზე შეთანხმდნენ. 

აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ჩინეთში მოწინავე ამერიკული კომპანიების მთავარი აღმასრულებელი დირექტორებიც ჩავიდნენ, მათ შორის, ილონ მასკი და Nvidia-ს ჯენსენ ჰუანგიც.

კომენტარები