თანამედროვე ცხოვრება ახალი სირთულეების წინაშე გვაყენებს. ადამიანთა გულები გაუცხოებული და გაციებულია, ათასგვარი საცდური ანაცვლებს რწმენას, ზნეობრივ ფასეულობებს, ოჯახს და საყვარელ ადამიანებს.
ამიტომ ერთი ორად მძიმეა ეკლესიის მწყემსმთავრობის ტვირთი, რთულია სარწმუნო და გონიერი მონის მსგავსად ღირსეულად გაუმკლავდე ამა სოფლის გამოწვევებს, მაგრამ აუცილებელია მეტი ძალისხმევა და ღვაწლი ქრისტეს რწმენის საქადაგებლად, მისი ცოცხალი სიტყვის ადამიანთა გულებამდე მისატანად. ამიტომ გვმართებს, თანაბრად გავიზიაროთ ხალხის სიხარულიც და ტკივილიც, ვემსახუროთ და საყრდენად ვექცეთ მათ, რადგან ეკლესიის ძალა მხოლოდ სიტყვაში არ არის, მისი მოწოდება ქრისტესმიერ სიყვარულსა და ერთმანეთის სიმძიმის ტვირთვაშია.
საჭიროა, ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას, მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის მოსვლას, ტაძრის კედლებს მიღმაც შევეტკბოთ ჩვენს სულიერ შვილებს, რომლებიც ვინ იცის, უძღებ შვილთა მსგავსად ვერ ბედავენ ჩვენამდე მოსვლას, სწორედ ამ მსახურებაში გამოიწრთობა ჩვენი სული, ჩვენი მოწოდება.





