2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს სპეცრაზმელების მიერ სასტიკად ნაცემი ზვიად მაისაშვილის განცხადებით, მასზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულმა სპეცრაზმელებმა სასამართლო სხდომაზე ბრალი აღიარეს და მას ბოდიში მოუხადეს.
"ორივე მათგანმა აღიარა დანაშაული, ასევე, მოიხადეს ბოდიში ჩემ მიმართ. მე არასდროს არ მქონია ამ ადამიანების მიმართ ზიზღის ან შურისძიების გრძნობა, თუმცა ის ფაქტი, რომ ბოდიში მოიხადეს არის დადებითი მოვლენა, რა თქმა უნდა". - განაცხადა მაისაშვილმა სხდომის შემდგე.
ზვიად მასიაშვილს სპეცრაზმელებმა წიხლი სახეში 2024 წლის 30 ნოემბრის აქციაზე ჩაარტეს, მაისაშვილმა გონება დაკარგა. მისი ცემის კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.
პროკურატურამ თითქმის წელიწადნახევრის შემდეგ, 2026 წლის 7 მაისს განაცხადა, რომ ზვიად მაისაშვილზე, ასევე გურამ როგავასა და ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის საქმეებზე 5 სპეცრაზმელის იდენტიფიცირება მოახდინეს, მათგან 2 უკვე საპატრიმროში იმყოფებოდა, 3 კი დააკავეს.
"გამოძიებით დადგენილია, რომ 2024 წლის 30 ნოემბერს დაახლოებით 06.30 საათზე, რუსთაველის გამზირზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმჟამინდელმა ორმა თანამშრომელმა ტ.ბ.-მ და გ.ბ.-მ რომელთაგან ერთ-ერთი დღეის მდგომარეობით დაცვის პოლიციის თანამშრომელია, ფიზიკურად იძალადა ზვიად მაისაშვილზე, რის შედეგადაც მაისაშვილმა დაკარგა გონება.




