პატრიარქის არჩევნები

მიტროპოლიტ იობს კომისიამ თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიანიჭა - საპატრიარქო

საპატრიარქოს ცნობით, ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელმა კომისიამ მიტროპოლიტ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა.

"2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი" - ნათქვამია განცხადებაში.

არნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგი ჯამდელიანის თქმით, საპატრიარქო კანდიდატის, მეუფე იობის დიპლომი რეზიდენციიდან დაიკარგა. მისი განცხადებით, "2 თვის წინ იდო, ნახა დიპლომი" რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა, ხოლო  წმინდა სინოდის სხდომის წინ, როცა საპატრიარქო კანდიდატობისთვის დოკუმენტები უნდა წარედგინათ, დიპლომი ვეღარ იპოვა.

მეუფე გიორგის თქმით, სასულიერო აკადემიას მიმართეს, რომ მეუფე იობის განათლება დაედასტურებინათ.

"მივმართეთ მცხეთის სემინარიის სამართალდამემკვიდრეს, დღევანდელ სემინარიას, რომლის რექტორიც ბრძანდება ღრმად პატივცემული პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. იკრიბება კომისია და ეს მტკიცებულებები მათ მაგიდაზეა. ასევე, არქივებშიც იქნა სხვა დამამოწმებელი საბუთები და არ უნდა იყოს პრობლემა დიპლომის გაცემის, რადგან ასევე არსებობს პატრიარქის ბრძანება N134, რომელიც გულისხმობს, რომ 2005 წლამდე ვინც მიიღო განათლება, კვალიფიკაცია და ვერ ახერხებს, დაადასტუროს დიპლომით, ან დაკარგულია, ან გაურკვეველ ვითარებაშია, ასეთ პირებს დაევალათ, კომისიამ იმსჯელოს და მოხდეს ამის აღიარება" - თქვა მეუფე გიორგი ჯამდელიანმა 4 მაისს. 

ასევე, ჯამდელიანის თქმით, მათ სინოდის 28 აპრილის სხდომაზე, სადაც 3 საპატრიარქო კანდიდატი გამოირჩიეს, წარადგინეს სემინარიის მაშინდელი რექტორის, მიტროპოლიტი ზოსიმეს გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ 1988 წელს მღვდელმონაზონ იობ აქიაშვილზე გაცემული იქნა დიპლომი. მეუფე გიორგიმ TV პირველის ეთერში აჩვენა სასულიერო სემინარიის სტუდენტის მაშინდელი ბილეთიც, რომელსაც ასევე რექტორი, ეპისკოპისი ზოსიმე აწერს ხელს.

კომენტარები