აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა უარყო, რომ ირანმა ამერიკის საზღვაო ძალების ხომალდს დაარტყა.
მანამდე ირანის სამთავრობო მედია ირწმუნებოდა, რომ გაფრთხილების უგულებელყოფის შემდეგ აშშ-ს სამხედრო ხომალდი ჰორმუზის სრუტეში არ გაატარეს და უკან მოაბრუნეს, ხოლო როდესაც გემი ჯასკის კუნძულს მიუახლოვდა, სამთავრობო Fars-ის მტკიცებით, მას ორი რაკეტა მოხვდა.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ 4 მაისიდან აშშ ჰორმუზის სრუტეში "ჩარჩენილ" კომერციულ გემებს სრუტიდან გამოსვლაში დაეხმარება.
"მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნებმა, რომელთაგანაც თითქმის არცერთი არ არის კავშირში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტთან, აშშ-ს სთხოვა, შეგვიძლია თუ არა მათი გემების დახსნის მხრივ დახმარება, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში არიან ჩარჩენილები." – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე, თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელ ქვეყნებს გაუწევს აშშ დახმარებას.
ცნობისთვის, თებერვლის ბოლოს ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ, თეირანმა სერიოზულად შეზღუდა ჰორმუზის სრუტის მეშვეობით კომერციული მიმოსვლა, მოგვიანებით კი აშშ-მ ირანულ პორტებზე საზღვაო ბლოკადა შემოიღო.
მისივე თქმით, ეს ქვეყნები "მხოლოდ ნეიტრალური და უდანაშაულო მაყურებლები არიან".
"ირანის, ახლო აღმოსავლეთისა და აშშ-ს სასიკეთოდ ამ ქვეყნებს ვუთხარით, რომ მათ გემებს შეზღუდული წყლებიდან უსაფრთხოდ გამოვიყვანთ, რათა მათ თავისუფლად და უნარიანად გააგრძელონ თავიანთი ბიზნესის კეთება." – აღნიშნა ტრამპმა.
"თუკი, რაიმე გზით, ამ ჰუმანიტარულ პროცესში ჩარევა მოხდება, ამაზე, სამწუხაროდ, ძალისმიერი პასუხის გაცემა მოგვიწევს." – დაამატა აშშ-ს პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, გავლენიანმა ირანელმა მაღალჩინოსნებმა აშშ გააფრთხილეს, რომ სრუტეში აშშ-ს ჩარევის მცდელობა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად ჩაითვლება.





