ტრამპის საგარეო პოლიტიკა

"აშშ NATO-ში დარჩება" – ტრამპის განცხადების ფონზე მაკკონელმა ალიანსში აშშ-ს წევრობა დაიცვა

აშშ-ის სენატის რესპუბლიკელთა უმცირესობის ლიდერი მიტჩ მაკკონელი
J. Scott Applewhite/AP

აშშ-ს რესპუბლიკელმა სენატორმა და სენატის თავდაცვის ასიგნებების კომიტეტის თავმჯდომარემ, მიტჩ მაკკონელმა, დემოკრატ სენატორთან ერთად, მხარდაჭერა გამოუცხადა NATO-ში აშშ-ს წევრობას მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ალიანსის დატოვებას განიხილავდა. 

"NATO ისტორიაში ყველაზე წარმატებული სამხედრო ალიანსია. ის 70 წელზე მეტხანს საფუძველს უქმნიდა აშშ-ს უსაფრთხოებას," აღნიშნა მაკკონელმა დემოკრატ სენატორ კრის კუნსთან ერთად გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრიტანულ გამოცემა Telegraph-თან საუბრის დროს განაცხადა, რომ ის სერიოზულად განიხილავს აშშ-ს NATO-დან გამოსვლის შესაძლებლობას. 

"მე NATO არასდროს არ მიზიდავდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ქაღალდის ვეფხვი იყო, და ეს პუტინმაც იცის, სხვათა შორის," - უთხრა ტრამპმა Telegraph-ს.

ხოლო 20 მარტს ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა NATO-ს ევროპელი მოკავშირეები, რომლებიც უარს ამბობენ სამხედრო ძალის მეშვეობით ჰორმუზის სრუტის გახსნაში წვლილის შეტანაზე, და მათ "ლაჩრები" უწოდა.

"ალიანსში დაპირისპირებები თავად ალიანსივით ძველია.ამერიკელები უფრო უსაფრთხოდ არიან, როცა NATO ძლიერი და ერთიანია. ჩვენს ინტერესებშია, რომ ყველა მოკავშირე ამ ერთიანობას ზრუნვით მოუფრთხილდეს. აშშ NATO-ს 1949 წელს შეუერთდა, როდესაც სენატმა NATO-ს ხელშეკრულება დაამტკიცა და აშშ მასში დარჩება." - წერენ აშშ-ს რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორები, მიტჩ მაკკონელი და კრის კუნსი, ერთობლივ განცხადებაში.

მათივე თქმით, "სენატი გააგრძელებს ალიანსის მხარდაჭერას იმ მშვიდობისა და დაცულობისთვის, რომლითაც ის ამერიკას, ევროპასა და მსოფლიოს უზრუნველყოფს." 

კომენტარები