აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

თეირანში ისრაელის იერიშის შედეგად მოკლულია ირანის უზენაესი საბჭოს მდივანი, ალი ლარიჯანი

ალი ლარიჯანი

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ღამით ირანზე ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად მოკლულია ირანის უზენაესი საბჭოს მდივანი, ალი ლარიჯანი, რაც 28 თებერვალს აიათოლა ალი ხამენეის მოკვლის შემდეგ ირანის რეჟიმის ყველაზე გავლენიანი ფიგურის მკვლელობაა.

მანამდე ლარიჯანის მიზანში ამოღება ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დაადასტურა და განაცხადა, რომ ლარიჯანი ირანის რეჟიმის "დე-ფაქტო ლიდერი" იყო.

"წლების განმავლობაში ლარიჯანი ერთ-ერთ ყველაზე ვეტერან და გავლენიან ფიგურად მიიჩნეოდა ირანული რეჟიმის ხელმძღვანელობაში და უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის ახლო მოკავშირე იყო." - განაცხადა IDF-მა.

ისრაელის არმიის მიხედვით, "ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ ბოლო საპროტესტო ტალღის დროს ლარიჯანი პირადად ზედამხედველობდა ირანელი დემონსტრანტების წინააღმდეგ მოწყობილ ხოცვა-ჟლეტას".

ამას გარდა, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურა, რომ ირანში იერიშის შედეგად ასევე მოკლულია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) გასამხედროებული "ბასიჯის" დანაყოფის მეთაური, ღოლამრეზა სოლეიმანი.

ცნობისთვის, ალი ლარიჯანი ის ირანელი მაღალჩინოსანია, რომელიც 10 მარტს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სიკვდილით დაემუქრა, მას შემდეგ, რაც აშშ-ისრაელის იერიშების შედეგად 28 თებერვალს ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი და რეჟიმის სხვა მოწინავე მაღალჩინოსნები დახოცეს.

"ლარიჯანი და ბასიჯის მეთაური ღამით მოკლეს და ისინი განადგურების პროგრამის მეთაურს, ხამენეისა და ბოროტების ღერძის ყველა განადგურებულ წევრს ჯოჯოხეთის სიღრმეში შეუერთდნენ." - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები