ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა. სარჯველაძის განცხადებით, ილია მეორის ჰემოდინამიკის შენარჩუნება ამ ეტაპზე მედიკამეტების გარეშე ვერ ხერხდება.
სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება უკავშირდება "კუჭში არსებულ წყლულოვან პათოლოგიას, საიდანაც სახეზე იყოს სისხლდენა". მისივე თქმით, სისხლდენა შეჩერებულია.
"ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო. იმის გათვალისწინებით, რომ ჰემოდინამიკის დასტაბილურებამდე კიდევ ბევრი გზა გვაქვს გასავლელი. ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ამ წუთას, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრები სტაბილურად იქნეს შენარჩუნებული, რაც ახლა მედიკამენტოზურად არის შენარჩუნებული. რა თქმა უნდა, დაკვირვების ქვეშაა, ინტენსიურად მიმდინარეობს მეთვალყურეობა და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღიდგინოს ყველა ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრი, რომელიც მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობისთვის" - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ღამით კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყავნეს. კლინიკის წარმომადგენელის განცხადებით, მას კუჭიდან მასიური სისხდენა აღენიშნებოდა. ილია მეორე რეანიმაციაში იმყოფება.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა 17 მარტს დილით განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ პატრიარქის მდგომარეობა "პრობლემურია, თუმცა, სტაბილური".





