ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ღამით კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყავნეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა 17 მარტს დილით გაავრცელა.
"ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება. მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა, სტაბილური.
ყველას გთხოვთ ლოცვით შეწევნას" - ნათქვამია განცხადებაში.
კლინიკის წარმომადგენელის განცხადებით, ილია მეორეს აღენიშნებოდა კუჭიდან სისხლდენა, ის რეანიმაციაშია მოთავსებული და მისი ჰემოდინამიკა არასტაბილური იყო.
"პაციენტი შემოყვანილია კუჭიდან მასიური სისხლდენით. მას ჩაუტარდა შესაბამისი სამკურნალო დიაგნოსტიკური პროცედურები. მოთავსებულია კრიტიკული რეანიმაციის დეპარტამენტში. მდგომარეობა საყურადღებოა, ჰემოდინამიკა არასტაბილურია" - განაცხადა კლინიკის წარმომადგენელმა TV იმედთან [კომენტარი ღამითაა ჩაწერილი].
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ილია II-ის ასაკის გათვალისწინებით, "ვითარება მარტივი არაა".
"ექიმების მხრიდან ყველაფერი გაკეთდა საიმისოდ, რომ რაც შეიძლება მეტად ყოფილიყო უზრუნველყოფილი პაციენტის უსაფრთხოება. რა თქმა უნდა, ასაკის და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ვითარება მარტივი არ არის. ამჟამად პაციენტი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და მიმდინარეობს დაკვირვებაც და ყველა საჭირო ღონისძიების გატარებაც საიმისოდ, რომ რაც შეიძლება სწრაფად იყოს უზრუნველყოფილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა პარამეტრი. რა თქმა უნდა დაკვირვება გაგრძელდება" - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.





