ლელო-ძლიერი საქართველო

კობახიძე: მეეჭვება, ლელომ თავი დაიხსნას საკონსტიტუციო სარჩელისგან

ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, პარტია ლელო ცდილობს, "თავი დაიხსნას საკონსტიტუციო სარჩელისგან და შესაბამისი პროცესისგან". მისი თქმით, ეს მოახერხა გიორგი გახარიას პარტიამ, როცა შევიდა პარლამენტში.

"შესაძლოა, [ლელოსაც] იგივე მცდელობა ჰქონდეს, თუმცა, მე მეეჭვება, მათ თავი დაიხსნან საკონსტიტუციო სარჩელისგან. ჩვენთვის ეს პარტიები არის ერთი და იგივე - ნაცმოძრაობა, ახალი, ლელო, გახარია, ყველა სხვა, ესენი არიან სინამდვილეში ერთი ძალა და აერთიანებთ ერთი საერთო რამ -  ყველა მათგანი არის უბრალოდ აგენტურა და გარე ძალების კარნახით მოქმედებენ ჩვენს ქვეყანაში" - ამბობს კობახიძე.

დამატებით კითხვაზე, რა პასუხს გასცემს ლელოს შეთავაზებას, ივანიშვილის პრემიერი პასუხობს, რომ "პირველ რიგში, დაველოდებოდი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კონკრეტულ პარტიებთან, მათ შორის, ლელოსთან დაკავშირებით, ამის შემდეგ შეიძლება მივიღოთ გადაწყვეტილება დიალოგის შესახებ".

გუშინ, 15 მარტს, ლელო-ძლიერი საქართველოს ბრიფინგზე განაცხადეს, რომ აუცილებელია, დაიწყოს მოლაპარაკებები ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის.

ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ლელოს მათთან და მათ ლელოსთან სალაპარაკო არაფერი აქვთ. ამაზე ლელოს წევრმა, ირაკლი კუპრაძემ დაწერა, რომ ქართული ოცნება "ამოკლებს თავის გზას ჰააგის ტრიბუნალისკენ საკუთარი განცხადებებით". 

28 ოქტომბერს, ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ რეჟიმის კონსტიტუციური სარჩელით, რომელსაც ივანიშვილის სატელიტი პოლიტიკური მოძრაობები ხალხის ძალა და ევროპული სოციალისტები უერთდებიან, 3 პოლიტიკური პარტიის აკრძალვას მოითხოვენ.

ეს პარტიებია - ნაციონალური მოძრაობა, ახალი და ლელო. 

2025 წლის 4 ნოემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ქართული ოცნების კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც ივანიშვილის გუნდი ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითხოვს. 

სარჩელში ასევე არის "მცირე პარტიების" ჩამონათვალი, რომლის აკრძალვასაც ოცნება ახლა არ ითხოვს, მაგრამ მათი "არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ".

კომენტარები